USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ქალების ჯერია! ქართველი მეღვინე ქალები სტერეოტიპებს ამსხვრევენ და წარმატებას აღწევენ
თარიღი:  1171

გამორჩეული მეღვინე ქალები, ბაია და გვანცა აბულაძეები, თამამ განაცხადს აკეთებენ ქართულ და ევროპულ ბაზრებზე.

მეღვინეთა ახალი თაობა

ბაია აბულაძე ახალგაზრდა და ნოვატორულ მეღვინეთა კოჰორტას მიეკუთვნება, რომელთა გამოჩენა მეღვინეობის განვითარების ახალ ერას, ევროპულ ბაზრებზე ქართული ღვინის დამკვიდრებასა და ექსპერიმენტული ხედვების დანერგვას უკავშირდება.

2015 წელს, მან სოფელ ობჩაში საგვარეულო ვენახის საფუძველზე, საკუთარი მეღვინეობა დააფუძნა და ღვინის ახალი სახეობების შესაქმნელად ბიოტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო. მისი ოცნება იყო დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშების გაშენება და უნიკალური დასავლური ღვინის ხელახალი აღმოჩენა.

„თითოეული ღვინის ბოთლი, რომელიც ჩვენს მეღვინეობაში ისხმება, ხელით დაკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის ხარისხს წარმოაჩენს“, - ამბობს ბაია.

აღმოჩენების დრო

შემართებამ და ნოვატორულმა იდეებმა სასურველი შედეგი გამოიღო. რამდენიმე წლის მანძილზე, ბაიას მსუბუქმა, იმერეთის მზითა და ხილის სურნელით გაჯერებულმა ღვინომ საქართველოს ბაზარი დაიპყრო და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. სულ მალე, ტრადიციული  ღვინოების ხაზს პეტნატების (Pet Nat), ანუ ბუნებრივად ცქრიალა ღვინის ხაზიც დაემატა, რომელსაც ბაიას უმცროსი და, გვანცა, ჩაუდგა სათავეში.

„ჩვენი ღვინო პატივს მიაგებს ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, თუმცა ამავდროულად, ინოვაციის უსაზღვრო შესაძლებლობებსაც იყენებს“, - ამბობს გვანცა.

დღეს, აბულაძეების ღვინო თხუთმეტი ქვეყნის ბაზარზე იყიდება და ღირსეულად წარმოაჩენს ქართული ღვინის მართლაც უსაზღვრო პოტენციალს.

თანამშრომლობის ძალა

აბულაძეების სამეწარმეო სულისკვეთებამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ყურადღება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიპყრო. UNDP-ის ხელშეწყობით, ბაია აბულაძე ბიზნეს ტრენინგში ჩაერთო, სადაც მეწარმეობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინა.

2022 წელს, „ბაიას ღვინომ“ და „გვანცას ღვინომ“ მიიღო ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი დახმარება თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად. ამის შედეგად, ახალგაზრდა მეღვინეებმა შეძლეს წარმოების ხაზის გამართვა და ავტომატიზირება და პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება ევროკავშირის ბაზარზე არსებული მკაცრი სტანდარტების შესაბამისად. მეღვინეობის წარმადობა რამდენჯერმე გაიზარდა, რაც დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე.

ორივე ბრენდი ასევე შეუერთდა საქართველოს შემფუთველთა კლასტერს (PMAG), რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ტექნიკურ, ინსტიტუციურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს მასში  გაერთიანებულ კომპანიებს, განსაკუთრებით ინოვაციური მიდგომების დანერგვის, მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზრებზე დამკვიდრების მიმართულებით.

„ბაია და გვანცა აბულაძეები ქართველი მეწარმეების მედეგობასა და შესაძლებლობებს განასახიერებენ. ევროკავშირისთვის, მათი ხელშეწყობა ქართული მეღვინეობის წარმატებული მომავლის მხარდაჭერას ნიშნავს", - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აღნიშნავს, რომ მეწარმე ქალთა უზარმაზარი პოტენციალი დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო. „ბაიას, გვანცას და სხვა მეწარმე ქალთა მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ ხელის ვუწყობთ ინოვაციების დანერგვას, სამუშაო ადგილების შექმნას და ყველასთვის თანასწორი და ინკლუზიური მომავლის მშენებლობას."

ბაია და გვანცა აბულაძეების მეღვინეობა წარმატებით ვითარდება, რაც შთაგონების წყაროა ახალი თაობის მეღვინე ქალებისთვის. თითოეული ბოთლი, რომელსაც ამ ორი გამორჩეული მეღვინე ქალი სახელი აწერია, პატივს მიაგებს ქართული მეღვინეობის უმდიდრეს ტრადიციებს, ამსხვრევს სტერეოტიპებს და გზას უნათებს თანასწორ მომავალს, სადაც ქალის ნიჭი და წარმატება სათანადოდ იქნება დაფასებული.

###

სტატია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და UNDP-ის თვალსაზრისს.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის