USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ქალაქი - მუზეუმი | რა ბედი ელის მცხეთას?
Date:  628

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მცხეთას, არ აქვს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. წლების განმავლობაში სხვადასხვა სამუშაო ჩატარდა და მილიონობით ლარი დაიხარჯა ამ გეგმის მომზადებისთვის, თუმცა პროცესი ჭიანურდება. ამ პროცესში ჩართული პირები საუბრობენ სხვადასხვა კერძო, თუ პოლიტიკურ ინტერესზე, რომელიც ხელს უშლის დოკუმენტის ბოლომდე მიყვანას. ბოლო თვეების განმავლობაში მცხეთის გენერალური გეგმის ირგვლივ  მსჯელობა გააქტიურდა, რაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას  განცხადებებმა გამოიწვია, ქალაქში დაწესებული მორატორიუმის მოხსნის შესახებ. მორატორიუმი მცხეთაში ახალ მშენებლობებს ზღუდავს. რა ხდება ამ პროცესის ირგვლივ, რა წინააღმდეგობები არსებობს მცხეთის მუნიციპალიტეტსა და გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ შემუშავებულ კონცეფციას შორის? რა წერია ამ ეტაპზე შემუშავებული გენერალური გეგმის დოკუმენტში ქალაქის განვითარების შესახებ?

ქალაქი მუზეუმი – ასე უწოდებენ მცხეთას, რომელიც ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლია. მისი უნივერსალური ღირებულება კაცობრიობის წინაშე 1994 წლიდანაა აღიარებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მიერ.

სწორედ ამ უნივერსალური ღირებულების ძეგლს ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერმე შეექმნა საფრთხე, რომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან არასწორი განაშენიანების გამო ამოვარდებოდა. ისევე, როგორც ეს ბაგრატის ტაძრის შემთხვევაში მოხდა, რაც უკიდურესი და რადიკალური გადაწყვეტილება იყო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან.

საქართველოდან მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მხოლოდ 3 ძეგლია შეტანილი. ამ სიაში ხვდება ისეთი ძეგლები, რომლებსაც მსოფლიოსთვის განსაკუთრებული  ღირებულება აქვთ კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა თუ სხვა მრავალი კუთხით.

მცხეთის მემკვიდრეობა 2009 წელს  მსოფლიოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში გადაიყვანეს, თუმცა 2016 წელს  კვლავ დაუბრუნდა ძირითადად სიას. იმისთვის, რომ მცხეთას ეს სტატუსი არ დაეკარგა და მცხეთის განაშენიანება კონტროლს დაქვემდებარებოდა, მცხეთაში 2015 წელს გამოცხადდა მორატორიუმი. მორატორიუმით ქალაქში შეიზღუდა მშენებლობები. სიტუაციის გამოსასწორებლად და  იმისათვის, რომ ქალაქს ჰქონოდა  განვითარების ჩარჩო-სტრატეგია, გადაწყდა, რომ შემუშავდებოდა მცხეთის განაშენიანების გენერალური გეგმა.

მცხეთის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 6 წლის წინ, 2014 წელს დაიწყო, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა 160 000 ლარი გამოყო. თანხა სრულად გადაერიცხა შემსრულებელ კომპანიას „სალი 2011-ს“, თუმცა, მცხეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გენერალური გეგმა დაიწუნეს და არ დამტკიცდა.

ამის შემდეგ „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა ტენდერი. კონკურსში ამხანაგობა „აქოლისმა“ გაიმარჯვა. ახალი გენერალური გეგმის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ამხანაგობა „აქოლისმა“ კვლევითი სამუშაოები ჩაატარა და გენერალური გეგმის კონცეფცია შეიმუშავა, თუმცა ახალი გენერალური გეგმის კონცეფცია კვლავ ჩავარდნის წინაშე დგას, რადგან მუნიციპალიტეტი ეწინააღმდეგება გენერალური გეგმის კონცეფციას. გენერალური გეგმის საწინააღმდეგო განცხადებებით პარლამენტის სხდომებზეც არაერთხელ გამოვიდნენ.

2020 წლის შემოდგომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მორატორიუმი, რითაც შეზღუდულია მშენებლობები, მალე მოიხსნებოდა.

გახარია აცხადებდა, რომ უნდა გამოინახოს კომპრომისი და მორატორიუმის საკითხი დროულად გადაწყდეს. მისივე თქმით, „ქალაქი მხოლოდ კედლები არ არის“ და რომ „კომპრომისი უნდა იყოს როგორც მოსახლეობიდან, ასევე UNESCO-დან და სახელმწიფოსგან“.

„ქვეყანამ საერთაშორისო სამართალი რამდენჯერმე დაარღვია“

საქართველო 1992 წლიდან  გახდა UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრი და შეუერთდა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციებს. ის არის რიგი ქარტიებისა და დეკლარაციების  ხელმომწერი, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ სათანადოდ, შესაბამისი მეთოდოლოგიით იზრუნებდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

ამ კონვეციების საგანია ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა და ამ ნუსხაში შესული ძეგლები. „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს“ (ICOMOS) ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ნატო ცინცაბაძე ამბობს, რომ კონვენციების მიხედვით, მსოფლიო მემკვიდრეობის სათანადოდ მოვლა- მართვაზე პასუხისმგებელი არის ქვეყანა, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან უნდა შეთანხმდეს.

ის ამბობს, რომ ხელშეკრულებები და ვალდებულებები საქართველომ რამდენჯერმე დაარღვია.

„საერთაშორისო სამართალს საქართველოს მთავრობა არ ასრულებს უკვე დიდი ხანია. სხვადასხვა ძეგლებთან მიმართებაში, შეგახსენებთ, რომ ერთი დასრულდა ძალიან სავალალოდ, ბაგრატი ამოიღეს სიიდან. ეს იმდენად უკიდურესი ზომაა, რომ იშვიათად ხდება“, – ამბობს ის.

ნატო ცინცაბაძის თქმით, სამართალში კომპრომისი არ არსებობს და გაუგებარია ყოფილი პრემიერის განცხადება ამ ნაწილში, მისი თქმით, ეს აჩვენებს ტენდენციას, თუ რა დამოკიდებულებაა მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის მიმართ. ცინცაბაძე აცხადებს, რომ მცხეთასთან მიმართებაში საქართველოს უნდა გაემართა ქალაქის მართვის სისტემა.

„მცხეთას, 1996 წლიდან ყველა რეზოლუციაში უწერია, რომ უნდა გამართოს მართვის სისტემა. 2005-2006 წლებში, მიწის ნაკვეთები გაიყიდა ისე, რომ ქვეყანამ საკუთარი კანონი დაარღვია. ეს ყველაფერი შეატყობინეს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, არადა ეს ვალდებულება იყო. მთელი რიგი უკანონო მოქმედებები ჩაატარეს ისე, რომ ცენტრი მხოლოდ ფაქტის წინაშე დააყენეს“, – ამბობს ის.

როგორც ნატო ცინცაბაძე იხსენებს, მცხეთის ძირითადი სიიდან ამოღების შემდეგ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან საქართველოში გამოიგზავნა ექსპერტები, რომლებიც ეცადნენ დახმარებოდნენ საქართველოს. შემუშავდა ქალაქის, როგორც კულტურული ძეგლის მართვის სისტემა, რომელიც გარკვეული სპეციფიკის მატარებულია და სადაც გათვალისწინებულია კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მომხდარიყო ქალაქში არსებული კულტურული ძეგლების მართვა ადგილობრივი თვითმართველობის მიერ.

პროექტი დაფინანსდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის „საერთაშორისო დახმარების“ ფარგლებში.  (შენიშნვნა: ძეგლების მართვის გეგმა არ არის გენერალური გეგმის დოკუმენტი. გენერალური გეგმა მასშტაბური პროექტია და ის სხვადასხვა დარგებს აერთიანებს). ასევე, ჩატარდა ლანდშაფტის კვლევა, რომელიც ცინცაბაძის თქმით, ქალაქის მართვისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

მისი თქმით, მიუხედავად რეკომენდაციებისა კვლავ დღემდე ღიად რჩება კერძო საკუთრებაში,  2005-2006 წლებში გადაცემული მიწის ნაკვეთები, რომლებიც არქეოლოგიურად სენსიტიურია და სადაც მშენებლობები დაუშვებელია. სახელმწიფოს ეს მიწები უნდა გამოესყიდა, ან მათი ადგილომონაცვლეობა უნდა მომხდარიყო.

„მცხეთის ძეგლების მართვის გეგმისა და ლანდშაფტის კვლევის მიუხედავად მაინც ხდებოდა გაუნაშენიანებელი ტერიტორიების განაშენიანება, ის რაც აკრძალული იყო დოკუმენტაციით, მერე ქვეყანამ  თქვა, რომ მე არა მაქვს ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი. ურთერთობის ფორმად შეარჩია თვითონ საქართველომ, სხვათაშორის, შეარჩია მორატორიუმი. იმიტომ რომ ვერ უმკლავდებოდა, ვერ მართავდა ძეგლს“, – აცხადებს ნატო ცინცაბაძე.

გაწეული სამუშაობის პარალელურად ქვეყანამ განახცადა, რომ მათ სჭირდებოდათ ქალაქის გენერალური გეგმა და მათ უნდა დაეწყოთ მუშაობა გენერალურ გეგმაზე. ცინცაბაძის თქმით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი დათანხმდა, რომ შემუშავებულიყო გენგეგმის დოკუმენტი, იმ დათქმით, რომ ის არ შელახავდა კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებას, მის ავთენტურობას და დოკუმენტი შემუშავდებოდა ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის, ასევე ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2015 წელს მთავრობის #411 დადგენილებით, მცხეთაში გამოცხადდა მორატორიუმი, დადგინდა ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი. 2019 წელს დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რამაც მორატორიუმის პირობები გარკვეულწილად შეამსუბუქა.

2019 წლის შემდეგ მცხეთის ისტორიული განაშენიანების ზონაში შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება, მათ შორის შენობის დემონტაჟი, მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობით. უპირობოდ არის დაშვებული ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობა – მოსახლეობისთვის წყალგაყვანილობის სისტემის გაყვანა, გაზიფიკაცია და ა.შ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის დათქმა, რომ ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობა, მხოლოდ განაშენიანებულ ტეროტორიებზე შეიძლება. გაუნაშენებიანებელ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამუშაოები (იქნება ეს ახალი მშენებლობა, გაზიფიკაცია, თუ ელექტროენერგიის გაყვანა) აკრძალულია.

ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმი შემსუბუქდა ისე, რომ ის არ იყო შეთანხმებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.

ის ასევე აკრიტიკებს თვითმმართელობის წარმომადგენლობის არაკომპეტენტურობას ძეგლის მართვისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„თვითმართველობას აქვს ბერკეტი, რომ თავად მიიღოს რიგი გადაწყვეტილებები ისე, რომ დაიცვას ძეგლი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამის კომპეტენცია არ აქვთ და გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი მათ არ ედნობა, ამ ეტაპზე ყველა გადაწყეტილება მსოფლიო მემკვდირეობის ცენტრს უთანხმდება“, – გვეუბნება ნატო ცინცაბაძე.

ის მიიჩნევს, რომ მცხეთის ძეგლების მართვასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები აჩენს ეჭვებს, რომ ის კერძო ინტერესებს ემსახურება.

„20 წლეულებია უკვე საქართველოს არღვს ამ საერთაშორისო სამართალს. ძეგლის მართვას ვერ ართმებს თავს, თუ არ ართმევს ვიღაცის კერძო ინტერესების გამო. ასეთი ეჭვებია უკვე მცხეთაში. აბა სხვა რა უნდა დაუდგეს წინ ამდენი ხანი ამ გენგეგმის დამუშავებას?“, – ამბობს ის.

მისი თქმით, UNESCO-ს მისამართით კომპრომისებზე საუბარი არარელევანტურია და ხელისუფლება უნდა გაერკვეს, რატომ ვერ სრულდება გენგემა

„რა გახდა ამ გენგეგმის დასრულება? ვინმემ იცის რატომ ვერ სრულდება ეს სამუშაო?“, – ამბობს ცინცაბაძე.

რას ამბობს მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია, რა ბრალდებები აქვს მუნიციპალიტეტს გენერალურ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის მიმართ და პირიქით, ჯგუფს ჩონოვნიკების მისამართით? საფრთხე ემუქრება თუ არა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს? რა დგას უერთიერთბრალდებების უკან და რა მოტივით ვერ მტკიცდება დოკუმენტი?

კითხვებზე პასუხის მისაღებად დავუკავშირდით ამხანაგობა „აქოლისს“ და გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელს ქალაქმგეგმარებელ ლადო ვარდოსანიძეს.

ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ ქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცების ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. ქალაქმგეგმარებელი კონფიდინციალურობას იცავს და არ ასახელებს ოფიციალურ პირებს , თუმცა როგორც ამბობს, მუშაობის დაწყებისთანავე შეხვედრისას მათ განუცხადეს, რომ ჯგუფის მიერ შემუშავებული გენგეგმა ვერ დამტკიცდებოდა.

„ისინი ფიქრობენ, რომ მცხეთა არის მხოლოდ მათი ეპარქია, ხოლო ურბანისტები, სოციოლოგები და სხვა სპეციალსტები ზედმეტი კომპონენტია. ამისთვის ისინი იღებენ პოლიტიკურად ყველა მისაღებ, თუ მიუღებელ მეთოდებს“, – ამბობს ის.

ვარდოსანიძე აღნიშნავს, რომ გენერალური გეგმა მრავალმხირივი და მულტიდისციპლინური დოკუმენტია, დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მისი თქმით, მცხეთასთან მიმართებით განსაკუთრებული და კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მუშაობის პროცესში ჩართული იყო ბევრი მხარე, მათ შორის UNESCO-ს წარმომადგნენლობა.

„ჩვენ დღეს ლაპარაკი არ გვაქვს გენერალურ გეგმაზე, რაც მორატორიუმის მოხსნის წინაპირობაა. მეგობრებო, მცხეთელებო, თვითმართველობავ, ლაპარაკია კონცეფციაზე, ამ დროს  ერთმანეთს ასკდება აზრები, შესაძლებელია კამათი.  ჩვენ გახნილები ვართ. ჩასაფრებულები კი არ ვართ, როგორც პატივცემული მცხეთელები ამ პოზიციას იჭერენ. ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატივებზე. მაგალითად, მივიღეთ რამდენიმე ალტერნატივა, რომელიც წამოსულია მცხეთელების მხრიდან“, – ამბობს ლადო ვარდოსანიძე.

ის საბოტაჟს უწოდებს თვითმმართველობის დამოკიდებულებულას გენერალური გეგმის კონცეფციის წინააღმდეგ და ამბობს, რომ ისინი საზოგადოებაში ქმნიან უარყოფით დამოკიდებულებას, რაც სინამდვილეში საფუძველს მოკლებულია. ურბანისტს ეჭვი აქვს, რომ ეს მიზანმიმართულად კამპანიაა.

„დაუჯერებელია, მაგრამ კონცეფციაზე მუშაობა დავასრულეთ ერთი წლის წინ. კონცეფცია მზად არის, თუ არ გაასაჯაროებს კონცეფციას ადგილობრივი თვითმმართველობა, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ ამას, სამინისტროსთან შეთანმხებით, რა თქმა უნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ ჰქონდათ უფლება შენიშვნები მოეცათ. აქ მცხეთელებისგან შენიშვნა ნაკლებად იყო, უფრო ორგანიზებული ჩასაფრების, საბოტაჟის მცდელობა იყო. ეს მათი მხრიდან არის ფეოდალური აზროვნება“, – ამბობს ვარდოსანიძე.

რას ამბობს მუნიციპალიტეტი?

გენერალური გეგმის ჯგუფის მისამართით უკმაყოფილო განცხადებები არაერთხელ გაისმა პარლამენტის სხდომებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობდა უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. ის თითქმის ყველა პლენარულ სხდომაზე აყენებდა მცხეთის საკითხს და პარლამენტარებს, მთავრობას სთხოვდა, რომ ყურადღება მიექციათ ამ თემისთვის.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობდა, რომ გენერალური გეგმის ჯგუფს აქვს კონკრეტული ბიზნესინტერესები და გენერალური გეგმა არ ასახავდა მოსახლეობის ინტერესებს.

პარლამენტარის თქმით, ის მუნიციპალიტეტის ხმას აჟღერებდა პარლამენტში. უფრო მეტიც, ხუნდაძე აცხადებდა, რომ ის მცხეთელების პოზიციასაც გამოხატავდა.

აქვე, აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ განცხადებების გაკეთების პერიოდში გენერალური გეგმის კონცეფციას მცხეთელები არ იცნობდნენ. არ მომხდარა მისი საჯარო განხილვები, ასევე განცხადებების პერიოდში კონცეფცია არ ყოფილა ატვირთული არც ერთ საჯაროდ ხელმისაწვდომ პლატფორმაზე.

კონკრეტულად რა არ მოსწონს მუნიციპალიტეტს? ამ კითხვით ჩვენ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორს რეზო მამულაშვილს მივმართეთ.

რეზო მამულაშვილის განცხადებით, მათთვის მიუღებელია ტურისტების ნაკადის გადანაწილების ის გეგმა, რასაც კონცეფცია სთავაზობს. ამბობს, რომ გენერალური გეგმა მისი პერიფერიების განვითარებას უწყობს ხელს და არა უშუალოდ ქალაქის. მამულშვილის თქმით, გენერალური გეგმის დოკუმენტი ზედაპირულია და ის კვლევებს არ ეფუძნება.

 

ავტორი: ქრისტინე მუჯირი

წყარო: publika.ge

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way