USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
ქალაქები, სადაც სიმწვანე უძრავ ქონებაზე ძვირად ფასობს - ურბან მედია
თარიღი:  1099

ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას ჩემი პირველი შთაბეჭდილება, არქიტექტურასთან ერთად, მასიურად გამწვანებულ ზონებს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უზარმაზარ პარკებს და ქუჩებზე უჩვეულოდ შემოჭრილ ბუნებრივ საფარს უკავშირდება, რაც აღფრთოვანებასთან ერთად ერთგვარ გულისტკივილს მიტოვებს, რადგან ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, პარკებისა და გამწვანების ადგილს ბეტონის კონსტრუქციები და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღმართული საცხოვრებელი კომპლექსები იკავებს. ამგვარი განცდა, ალბათ, თქვენთვისაც ნაცნობია და ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც თბილისის მცხოვრებლების უმეტესობას გვაწუხებს — არასაკმარისი სიმწვანე, რაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობასა და ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება.

მწვანე საფარის გავლენა გარემოსა და ადამიანზე

მწვანე საფარს — პარკებს, ტყეებსა თუ ბაღებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ურბანული გარემოს ჩამოყალიბებაში, ქალაქის იერსახისა და ცოცხალი, ჯანსაღი სივრცის შექმნაში. გამწვანებული ტერიტორიების არსებობა ქალაქის ეკოლოგიურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ფაქტორებზე დიდ ზეგავლენას ახდენს და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლსაც თამაშობს.

ეკოლოგიური სარგებელი: ქალაქები, როგორც წესი, ინფრასტრუქტურის, შენობების სიმრავლით და მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩევა, ამიტომ ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მისაღებად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მწვანე საფარის არსებობა, რომელიც ნახშირორჟანგისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების შთანთქმას, ჰაერის გაწმენდას და მის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, გამწვანება გადამწყვეტ როლს ასრულებს მიკროკლიმატის დარეგულირებაში, ამცირებს სითბური ეფექტის წარმოშობის რისკებს და მაღალი ტემპერატურის შემცირებას განაპირობებს, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ასევე გარემოს გაუმჯობესებასა და სიჯანსაღეზე.

სოციალური სარგებელი: არაერთი ფსიქოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ ბუნებასთან სიახლოვე ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება, სხეულსა და გონებას მოდუნების, ეფექტურად დასვენების შესაძლებლობას აძლევს, სტრესის დონეს ამცირებს და პიროვნების ფსიქიკურ კეთილდღეობას უწყობს ხელს. ასევე, ქალაქში მრავლად არსებული მწვანე ტერიტორიები სოციალური კუთხით კიდევ ერთ უპირატესობას იძლევა და ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას უწყობს ხელს, ქმნის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და სოციალურ ურთიერთობებს აუმჯობესებს.

ეკონომიკური სარგებელი: მწვანე საფარი უძრავი ქონების ღირებულებაზე უდიდეს გავლენას ახდენს და ფასს საგრძნობლად ზრდის. ბუნების სიახლოვეს საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტები ბევრად მიმზიდველია, რაც უძრავი ქონების ღირებულებას ზრდის. ამასთან ერთად, გამწვანება ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესისა და ტურიზმის წახალისებას.

ქალაქები, სადაც გამწვანებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და უპირატესობა ენიჭება

მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მწვანე საფარის მნიშვნელობას და მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე უდიდეს რესურსს ხარჯავს. ასეთი ქალაქები მწვანე საფარის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ხასიათდება და სიმწვანე ურბანულ გარემოში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ჰარმონიულად თანაარსებობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მასზე ზრუნვას უპირატესობაც კი ენიჭება.

ოსლო

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, რომელიც ოსლო-ფიორდის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, ბორცვიანი ადგილმდებარეობითა და ბუნებრივი გამწვანებით გამოირჩევა. ქალაქის დაახლოებით 60-70% სწორედ ბუნებრივ საფარს უჭირავს. ოსლო გამწვანების, გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და ბიომრავალფეროვნების დაცვის მკაცრი პოლიტიკით გამოირჩევა. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა 2030 წლისთვის სათბური გაზების ემისიის 95%-მდე შემცირება, რა მიზნითაც ხელს უწყობს პარკებისა და სკვერების გაფართოებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სატრანსპორტო რეფორმების ჩატარებას. ქალაქის პრიორიტეტული დამოკიდებულება გამწვანების ზრდისა და მისი შენარჩუნების მიმართ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზეც. საშუალოდ, ბუნებრივ გამწვანებასთან მდებარე უძრავი ქონება ოსლოში 10-18%-ით ძვირი ღირს, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს საბოლოო ფასზე და ფაქტობრივად უძრავი ქონების საწყის ღირებულებას საკმაოდ აძვირებს.

ვენა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალაქში მწვანე საფარის მაჩვენებელი 1 სულ მოსახლეზე არანაკლებ 9 მ² უნდა იყოს, რაშიც ქალაქის მოსახლეობის რაოდენობისა და მწვანე საფარის თანაფარდობა იგულისხმება, რის მიხედვითაც აღნიშნული გამწვანების კოეფიციენტი დგინდება. ამ თვალსაზრისით, ავსტრიის დედაქალაქი ვენა ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და დაახლოებით ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის მაჩვენებელი 120 მ²-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის ტერიტორიის 50% გამწვანებას უჭირავს, სადაც პარკებსა და ტყეებზე დაახლოებით 45% მოდის. ქალაქში არსებობს 990-ზე მეტი პარკი, ვენის ქუჩები კი 95 000-ზე მეტი ხე-მცენარით არის მოწყობილი, რაც მდგრადი, ჯანსაღი და მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. ხაზგასასმელია ისიც, რომ ვენა მსოფლიოში ერთ-ერთ მწვანე ქალაქად ითვლება, რის გამოც უძრავი ქონების ფასი მაღალია. საშუალოდ, პარკებთან და მწვანე საფართან ახლოს მდებარე უძრავი ქონება და ბინები 10-15%-ით ძვირია ნაკლებად გამწვანებულ ადგილებთან შედარებით.

სინგაპური

სინგაპური, რომელიც „ბაღის ქალაქად" არის მოხსენიებული, ურბანული გამწვანებისა და მწვანე არქიტექტურის მიმართ განსაკუთრებული მიდგომებით გამოირჩევა. 1960-იანი წლებიდან სინგაპურმა „მწვანე ქალაქის" კონცეფციის განვითარება დაიწყო და დღეს ქალაქის 47%-ზე მეტი გამწვანებულ საფარს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, გარემოს დაცვის მიზანმიმართული პოლიტიკა მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად აქცევს, რაც არა მხოლოდ ბუნებრივი პარკებისა და ტყეების გაშენებაში ვლინდება, არამედ მწვანე არქიტექტურის, შენობებისა და სახურავების გამწვანებაში, ვერტიკალური ბაღების დანერგვაში გამოიხატება, რომელსაც ქალაქი 2008 წლიდან ახორციელებს. 2030 წლისთვის სინგაპური გეგმავს, რომ ინფრასტრუქტურის 80% მწვანე შენობებმა დაიკავოს და დამატებით სპეციალური ბაღები და პარკები მოეწყოს თერაპიული დანიშნულებისთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ მოსახლეობის სიმრავლისა და მიწის მცირე რესურსის გამო უძრავი ქონების ფასი სინგაპურში საკმაოდ მაღალია, რაზეც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გამწვანების პოლიტიკა და მწვანე საფარის მზარდი ზრდა. ამის გამო გამწვანებული ტერიტორიის სიახლოვე უძრავი ქონების საფასურს დაახლოებით 10-20%-ით ზრდის, ხოლო სტანდარტულ საცხოვრებელთან შედარებით, მწვანე შენობებში ბინების ფასი საშუალოდ 15-20%-ით მაღალია.

ვანკუვერი

კანადის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ვანკუვერი მსოფლიოში მწვანე საფარის რაოდენობითა და ეფექტური მწვანე პოლიტიკის მიმართულებით გამოირჩევა. ქალაქის 40%-ზე მეტი მწვანე საფარზე მოდის და ქალაქის ინფრასტრუქტურაც გამწვანებული შენობებითა და ვერტიკალური ბაღებით ხასიათდება. ვანკუვერი მიზნად ისახავს მწვანე საფარის გაზრდას და არსებული ბუნებრივი ზონების შენარჩუნებას, ამისათვის კი აქტიურად ახორციელებს ხეების დარგვის პროგრამებს და მათი დაცვის მკაცრ რეგულაციებს უზრუნველყოფს. ვანკუვერში, სხვა ქალაქების მსგავსად, მწვანე საფართან სიახლოვე დიდად ზემოქმედებს უძრავი ქონების ღირებულებაზე. მაგალითად, უძრავი ქონების ფასი მწვანე ზონებთან 8-10%-ით მაღალია, ხოლო ქალაქის ყველაზე ცნობილ პარკთან — სტენლის პარკთან სიახლოვე უძრავი ქონების ფასს დაახლოებით 20%-მდე ზრდის.

სიდნეი

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ტერიტორიის დაახლოებით 46% მწვანე ზონას უჭირავს, რაც როგორც ბუნებრივ გამწვანებას, ასევე ხელოვნურად დარგულ ხე-მცენარეებს მოიცავს. ქალაქი მიზნად ისახავს 2050 წლისთვის მინიმუმ 40%-ით გამწვანების ზრდას, რაც ახალი პარკების გაშენებას, ქუჩების გამწვანებას და შენობებისა და სახურავების მწვანე საფარით დაფარვას გულისხმობს. ქალაქის ურბანული გარემოსთვის პრიორიტეტულია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ადგილობრივი ენდემური ჯიშების გამრავლება. სიდნეისთვის გამწვანების პოლიტიკა გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული და მდგრადი, სასიამოვნო ურბანული სივრცის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, კრიტიკულად გადამწყვეტი როლი ბუნებრივ გამწვანებას ენიჭება. ხაზგასასმელია ისიც, რომ სიდნეიში მწვანე საფართან სიახლოვე უძრავი ქონების ღირებულების 7-14%-იან სხვაობას იძლევა, ბოტანიკურ ბაღებთან და მასიურ პარკებთან მდებარე უძრავი ქონების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15-20%-ს აღწევს.

წყარო:https://um.ge/

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის