ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ მე ამის წინააღმდეგი არ ვარ და ეს შესაძლებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. სამწუხაროდ, მსგავსი პირობების შექმნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მიმართ ინტერესი ორივე მხარემ გამოთქვა.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მისი და დონალდ ტრამპის შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არიან.
„ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი იქნებოდა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.