რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა უკრაინული ძალები "უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქის მძევლად აყვანაში" და მშვიდობიანი მოსახლეობის "ფარად" გამოყენებაში დაადანაშაულა.
რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები "ერთი ხალხია" და დაამატა, რომ ის დასავლეთის მიერ შექმნილ "ანტირუსეთს" გაანადგურებს.
უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთი ეომება ნეონაცისტებს.
„ის, რომ ჩვენ სწორედ ნეონაცისტებს ვეომებით, თავად საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს. ნაციონალისტური და ნეონაცისტური ფორმირებები, მათ შორის კი არიან უცხოელი დაქირავებულები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთიდან, ეფარებიან მშვიდობიან მოსახლეობას როგორც ცოცხალ ფარს“ , - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ნეონაცისტები უკრაინაში მძევლად იყვანენ უცხოელ მოქალაქეებს.
მანვე აღნიშნა, რომ არის ობიექტური მონაცემები ნაციონალისტებისა და ბანდიტების მიერ საცხოვრებელი სახლების რაიონებში მძიმე ტექნიკის განთავსების შესახებ.
„მე უკვე ვთქვი, რომ არსებობს აბსოლუტურად ობიექტური მონაცემები, ფოტოები იმისა, როგორ ათავსებენ მძიმე ტექნიკას ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებში. ისინი მოქმედებენ სწორედ ასეთი სახით ყველაზე უკიდურეს ბანდიტებთან ერთად“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ პირობა და მოაშორონ ტექნიკა საცხოვრებელი შენობებიდან, საბავშვო ბაღებიდან, საავადმყოფოებიდან, პირიქით, იქ დამატებით გადაჰყავთ ტანკები, არტილერია და ტყვიამფრქვევები.
პუტინმა „ნეონაცისტების“ ქმედება უკრაინაში, შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების ქმედებას.