USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
პუტინი - ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფებმა აქტიური როლი ითამაშეს კურსკში მიმდინარე ბრძოლაში, რამაც გამოიწვია კიევის რეჟიმის ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხება
თარიღი:  929

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაყოფებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მათ აქტიური როლი ითამაშეს ბრძოლაში, რამაც გამოიწვია კიევის რეჟიმის ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხება, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და რუსეთის ფედერაციასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 2024 წლის 19 ივნისს გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

„ჩვენი კორეელი მეგობრების ეს ნაბიჯი სოლიდარობის, სამართლიანობისა და გულწრფელი თანამებრძოლობის გრძნობით იყო განპირობებული. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და გულწრფელად მადლიერები ვართ, პირადად სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარის, ამხანაგ კიმ ჩენ ინის, ასევე მთელი ხელმძღვანელობის და ჩრდილოეთ კორეელი ხალხის მიმართ. ვაფასებთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების გმირობას, შესანიშნავ წვრთნას და თავდადებას, რომელიც გამოიჩინეს რუს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლის დროს, ჩვენი სამშობლოს, როგორც საკუთარის, დაცვისას. მათ პატივითა და მამაცობით შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და თავი უჭკნობი დიდებით შეიმოსეს“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი თქმით, რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების „გმირობას“.

„რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების გმირობას. ყოველთვის პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ თავიანთი რუსი თანამებრძოლების მხარდამხარ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მტკიცე კავშირი, რომელიც ბრძოლის ველზე განმტკიცდა, გააგრძელებს ზრდას და გაფართოებას ყველა ასპექტში“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, 2025 წლის 26 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ დაამარცხეს კურსკის ოლქში შეჭრილი „უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი, რითაც ბოლო მოეღო უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილის მიტაცების მცდელობისას განხორციელებულ დანაშაულებრივ პროვოკაციას“.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის