საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მოქალაქეებს შორის არსებულ ქონებრივ დავებს იხილავდნენ, მხარეების ქმედებებს აფასებდნენ და მატერიალური სარგებლის გადაცემას ითხოვდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერთან არსებული ქონებრივი დავის გადაწყვეტის მიზნით, ორმა პირმა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდს“ დავის გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული გარჩევისთვის“ მიმართა.
სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; რვა ბრალდებულს - სსკ-ის 223(3)-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 223(4)-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყარო წევრისათვის“ მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ცამეტივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/