USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
პროკურატურამ 131 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
თარიღი:  

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ავსტრალიის მოქალაქეს დაუკავშირდნენ და წარსულში დაკარგული საინვესტიციო თანხის დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების სანაცვლოდ, 53 444 ევრო ბრალდებულის მიერ საქართველოში დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულმა საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული, ავსტრალიიდან ჩარიცხული უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დიდი ოდენობით თანხები, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაწევრებით გადარიცხა ლიბანში, მისივე კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რა გზითაც 131 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას გულისხმობს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის