ცნობილია, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მონოლითური, ცენტრალიზებული და ერთიანი სტრუქტურის ბაზაზე უნდა შეიქმნას, მინიმუმ, სამი დამოუკიდებელი კომპანია: „ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანია“, „სატვირთო გადაზიდვების ოპერატორი“ და „მგზავრთა გადაყვანის ოპერატორი“. ეს ურთულესი პროცესია, რომელიც ბევრ უსიამოვნო ხდომილებებს მისცემს ბიძგს. თუნდაც ის რად ღირს, რომ აღნიშნული კომპანიების სათაო ოფისები წარმოუდგენელია ერთ შენობაში ფუნქციონირებდნენ.
მნიშვნელოვანია „ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანიის“ ადგილმდებარეობის სწორი და გონივრული შერჩევა. შეგახსენებთ, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცოტ ხნის წინ ცვლილებები შეიტანეს და აღნიშნული კომპანიის ასეთი განმარტება შემოგვთავაზეს:
ჰ29 ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს;
ეს განმარტება გადმოტანილია ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2012 წლის 21 ნოემბრის დირექტივიდან 2012/34/EU - ევროპის ერთიანი სარკინიგზო სივრცის შექმნა, ოღონდ, ჩემი აზრით, არაკორექტულადაა ნათარგმნი. თქვენ თვითონ განსაჯეთ:
«infrastructure manager» means any body or firm responsible in particular for establishing, managing and maintaining railway infrastructure, including traffic management and control-command and signalling; the functions of the infrastructure manager on a network or part of a network may be allocated to different bodies or firms;
«ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანია» – ნებისმიერი იურიდიული პირი ანუ კომპანია, რომელიც, კერძოდ, პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მართვაზე და ტექნიკურ მომსახურებაზე, აგრეთვე მატარებლების მოძრაობის მართვაზე და სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების (სცბ) სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე; ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანიის ფუნქციები ქსელში ან ქსელის ნაწილში შეიძლება შესასრულებლად გადაეცეს სხვა ორგანიზაციებს ან კომპანიებს.
თუმცა ახლა სხვა რამეზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო - კერძოდ, „მატარებლების მოძრაობის მართვაზე“. ეს არის ის, რასაც ჩვენ „სადისპეტჩეროს“ ვუწოდებთ. დღეს ეს „სადისპეტჩერო“ „საქართველოს რკინიგზის“ „სატვირთო გადაზიდვების ფილიალშია“, რაც თავისთავად ნონსენსია - ასეთი რამ არ ხდება არც ერთ სხვა რკინიგზაში. ამ დანაყოფმა უნდა დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი «ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანიის» სტრუქტურაში, ხოლო თვით კომპანია, ძალიან კარგი იქნება ყველა თვალსაზრისით, თუ გადავა სამტრედიაში. სამტრედია, როგორც „ისტორიული სარკინიგზო ქალაქი“, ამ ფუნქციას ზედმიწევნით კარგად შეასრულებს - ამისთვის ყველაფერი აქვს მას!
1909 წ. გაზეთი ,,დროება”:
,,სამტრედიის განვითარებას ხელი შეუწყო რკინიგზამ. იმ ადგილას, სადაც დღეს სადგურია, მის გარშემო ნახევარი საუკუნის წინათ არავინ სახლობდა. აქ გაუვალი ტყე იყო და მის გარშემო მგლები, ტურები დადიოდნენ. მაგრამ რკინიგზის გაყვანამ და სადგურის დაარსებამ გამოიწვია აქ მთელი დაბის წარმოშობა. სამტრედია პირმშოა რკინიგზის ლიანდაგისა და მის მიერ გამოწვეული მეურნეობის განვითარებისა.”
პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი