საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს. მან პარტიებს ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.
"თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და ახლა მე მევალება, ვთვლი, რომ მევალება და ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს, პირველ რიგში, ჩვენს თავთან, და ევროპაში, ამავდროულად.
ეს გზა არის არჩევნების გზა, 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად და მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა.
შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, რომელ ძალას უნდა მიანდონ ეს მოლოდინები. ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ თუ აღარ სჯერა. დიდწინლად პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია. სწორედ იმიტომ და არავის ბრალია, მაგრამ იმიტომ, რომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, იმის დრო არაა, რომ მივეცეთ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა".
ზურაბიშვილის განცხადებით, თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ, ერთიან სიას არ გულისხმობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ, პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა ექნებათ.
"ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით, რას ნიშნავს. ეს არის ერთობა, ერთიანობის გარეშე. ერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის. ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რამე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა როგორი იქნება და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება.
სხვანაირი არჩევნები, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა. როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას და ე.ი. ევროპულ მომავალს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით, ასევე, ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ეს ნაბიჯებია:
ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება. დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, ანუ რუსული კანონი; საარჩევნო კოდექსში შეტანილი მთელი რიგი ცვლილებები, ე.წ. მოსმენების კანონი, ოფშორების კანონი და ა.შ.
ასევე, გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამნისტია. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა მის მიმართ.
სასამართლოს გათავისუფლება, გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით. ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს. შემოწმება შეეხება ყველა ახალ მოსამართლეს, სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას. სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები. მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.
დაბოლოს, გავაძლიერებთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებზეც.
ეს მოიცავს ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას. ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება და კერძოდ, ჩამოერთმევა დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია. ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება. იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება. უზენაესი სასამართლოს შერჩევის წესი შეიცვლება, საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს აეკრძალებათ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება და ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება, პირველ რიგში, პროკურატურას. გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი კვორუმი და მხოლოდ ერთი ვადით. საპროკურორო საბჭო გაძლიერდება, ჩატარდება სუს-ის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისგან. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს, პირველ რიგში, აღჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით, რაც დღეს არ გააჩნია. სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე.
ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას, საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
მარეგულირებელ ორგანოებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.
საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება - შეიქმნება სათანადო პირობები, დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი და დიასპორას მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება. ამ ქარტიაზე ხელმომწერები, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში და გარემოში.
ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჯერ კიდევ ვიქნები პრეზიდენტი".