საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული" გახსნა, რომელიც "სვანეთის დღეებით" დაიწყო.
პრეზიდენტის თქმით, სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს სვანეთის რეგიონის, ეკონომიკური პოტენციალის, ენერგეტიკის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრა.
„სვანეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იყო რეალურად ჩვენი საგანძურის დამცველი და თავისივე კულტურის შემქმნელი. ამ ორივე კუთხით უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა, გადაგვირჩინა სვანეთმა დღემდე და რითაც გახდა ერთ-ერთი ძალიან ტურისტული, მაგრამ კულტურული რეგიონი. ეს არ არის მხოლოდ მთა. ეს არის კულტურა და მთა ერთად, რაც ძალიან იშვიათია. ძალიან იშვიათია, რომ მთასთან ერთად იყოს ასეთი განვითარებული ადგილობრივი კულტურა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ღონისძიება სრულიად არ იყო პოლიტიკასთან დაკავშირებული, თუმცა მიუხედავად ამისა, რეგიონების ოფიციალური პირები ღონისძიებაზე წარმოდგენილები არ არიან. მისი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, ღონისძიებაზე "არავინ წამოვიდა, თუ ვერავინ გაბედა წამოსვლა".
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები.
ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავს. ამის მიუხედავად ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"რეგიონების კვირეულის" დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.
სვანეთის დღეები არის ,,რეგიონების კვირეულის" პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.