USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
პრეზიდენტმა მედიაპლატფორმა ,,Speech”-ის დამფუძნებლები, სოფიკო ჯაჯანაშვილი და ზურაბ ქათამაძე, დააჯილდოვა
თარიღი:  536

პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ-ამერიკული მედიაპლატფორმის ,,Speech”-ის დაფუძნებისათვის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალების აღმოჩენისა და მათი ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში ინვესტირების ხელშეწყობისათვის სოფიკო ჯაჯანაშვილი და ზურაბ ქათამაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

,,ბედნიერი ვარ, რომ გვაქვს საშუალება, მივხედოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენს დიასპორასთან ურთიერთობა და ქვეყანასთან მათი კავშირების  გაძლიერება. ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მათსა და ჩვენ შორის ბმა იყოს რაც შეიძლება ძლიერი და ეფექტური.

ის საქმე, რაც თქვენ წამოიწყეთ და რაშიც ხართ სრულიად ჩართული, ძალიან სწორი გზაა, რომ ჩვენ ვიცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც პროფესიონალურად ძალიან საჭირო არიან ჩვენი ქვეყნისთვის და რომლებიც არამხოლოდ წარმატებულები არიან.

თქვენი პროექტის ერთი ნაწილი  იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან, ჩვენ მათ შესახებ არ ვიცით და უნდა ვიცოდეთ იმიტომ, რომ  ჩვენი თავისი გაძლიერებაა - როცა იცი, რომ ქვეყნის გარეთ არიან წარმატებული, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც სხვანაირად წარმოადგენენ საქართველოს და გვჭირდება, რომ უფრო და უფრო წარმოადგინონ ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით ამ ქვეყნის რეალური ელჩები იყვნენ.

ამ საქმეს თქვენ ძალიან კარგად ასრულებთ. ასევე ახალი მიმართულება, რაც ახლა წამოიწყეთ - დიასპორული დიპლომატია, დღეს ესეც ძალიან გვჭირდება, რათა ეს კავშირი კიდევ უფრო საქმიანი გახდეს და უფრო კონკრეტულად ვიცოდეთ ვინ შეიძლება იყოს ჩართული ამ დიპლომატიაში. ამ კუთხით, პატარა ქვეყანას  თავისი თავის გაძლიერება და ერთგვარად გაათმაგება სჭირდება. ერთი ელჩი კარგია, მაგრამ როცა ასი ელჩი გყავს ქვეყანაში, სადაც ყველა თავის დარგში რაღაცას აღწევს ეს სხვა რამეზე მეტყველებს და ბევრად მეტის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

ამიტომ  გადავწყვიტეთ, რომ დღეს დაგაჯილდოვოთ. ეს არის ღირსების საპრეზიდენტო მედალი, ასეთი საქმიანობისთვის, რომელიც ყველას შეუძლია, რომ დაიწყოს, მოიფიქროს პროექტი, დაიწყოს ამის აღსრულება და ბოლომდე მიიყვანოს.

ვიცი რომ კიდევ ბევრი იდეა გაქვთ და ბევრს კიდევ განახორციელებთ, მაგრამ ის, რომ შეიძლება შენი ინიციატივით, შენი რესურსით, არაფრიდან დაიწყო და გააკეთო, ეს ძალიან დიდი მაგალითია  უცხოეთში მყოფი ჩვენი ახალგაზრდებისა და არამხოლოდ ახალგაზრდებისთვის.

მე მინდა რომ თქვენი მაგალითი იყოს წარმატებული, იყოს რაც შეიძლება მეტის მიერ გაზიარებული და მინდა გისურვოთ, რომ ამ გზაზე და აქაც გააგრძელოთ საქმიანობა.“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სოფიკო ჯაჯანაშვილმა და ზურაბ ქათამაძემ მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსათვის. სოფიკო ჯაჯანაშვილმა აღნიშნა, რომ ,,პრეზიდენტს ჰქონდა იდეა გაკეთებულიყო უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების ბაზა. ჩვენ ამაზე ყველა ერთად ვმუშაობდით და მიხარია, რომ ეს ყველაფერი, ეს იდეები, მიზნები, რაც ყველას გვქონდა, განხორციელდა. დღეს საქართველოს ასე რომ ვთქვათ, უკვე აქვს ეს ბაზა. ჩვენი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით ხუთასამდე ქართველ პროფესიონალს აერთიანებს, ეს იქნებიან - ექიმები, ხელოვანები, თუ სხვა. მიხარია, რომ ეს ადამიანები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩვენს პროექტებში. არაერთი მიმდინარე პროექტი გვაქვს. რა თქმა უნდა, სხვა პროექტებსაც ვაპირებთ და მიხარია. ჩვენი პლატფორმა არაა მხოლოდ ბაზა, ესაა ძალიან მასშტაბური პროექტი, იმიტომ რომ ამდენ ქართველი პროფესიონალს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, შეუძლია თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს საქართველოში, როგორც ახალგაზრდებს, ასევე საზოგადოების სხვა წევრებს.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არ დამავიწყდება ის ფრაზა, როდესაც თქვენ სიმბოლურად დროშაზე დამიწერეთ - სადაც არ უნდა იყო, საქართველოს საქმე აკეთეო.  ვცდილობ, სადაც ვიქნები იქ გავაკეთო საქართველოს საქმე უფრო დიდი მოტივაციით და უფრო სხვა ეტაპზე, რომ ვასახელო საქართველო და თქვენ.“

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის