პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გუშინ გამართული მიღების შემდეგ გახდა ცნობილი.
მომდევნო სამშაბათს პარლამენტი მუშაობას დაიწყებს ამნისტიის პროექტზე, რომელიც ნიკა მელიასაც შეეხება. ამასთანავე, მელიასთვის ღია რჩება გირაოსთან დაკავშირებული შეთავაზება, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში, თანხას ევროკავშირი გადაიხდის.
როგორც შალვა პაპუაშვილმა და გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ ორ საკითხზე საბოლოო პოზიციები ყველა მხარის მონაწილეობითა და დიპლომატების თანდასწრებით შეთანხმდა.
„მათ და ბატონ ნიკა გვარამიას, ვისაც ეგონა, რომ საქეიფოდ ვიყავით აქ მოსულები, მინდა გავაცნო პროცედურა, რომელზეც შევთანხმდით. გიორგი რურუა შეწყალების აქტით 27 აპრილს გათავისუფლდება. ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას. ამნისტია შეეხება იმ მუხლებს, რომლებითაც პასუხისგებაში მიცემული არიან ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულებზე“, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი თუ გადაიხდის გირაოს, ნიკა მელიას ნებისმიერ მომენტში შეუძლია, საპატიმროდან გამოვიდეს. რაც შეეხება მსჯავრდებულ გიორგი რურუას, პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს.
„თუ მელიას ეჩქარება თავისუფლებაზე გამოსვლა, გირაოს გადაიხდის ევროკავშირი და მას შეუძლია გამოვიდეს. ის თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო და სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი დამტკიცდება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. რაც შეეხება რურუას, სამშაბათს, ინიცირების შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს. ამნისტია კი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მიღების შემდეგ ორბელიანების სასახლეში, სადაც ევროპული საბჭოს პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, 20 აპრილს ვახშამი გაიმართა. სადილზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს. სადილს ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.