USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
პრემიერი: მთელს ევროპაში კომუნალური გადასახადები გაათმაგებულია და არის ძალიან რთული ვითარება
Date:  492

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, ქვეყანაში მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აპრილიდან იგეგმება კონკრეტული მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მშენებლობის წახალისება, დასაქმების პროგრამა და სხვა.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ამ მიზნით, შეგახსენებთ, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, დავიწყეთ მუშაობა, გვსურს, რომ აპრილში დავიწყოთ მშენებლობის წახალისება და გუნდს უკვე მზად აქვს ამის თაობაზე პროექტები, გვინდა დასაქმების პროგრამა დავიწყოთ აპრილიდან ინტენსიურად და სხვა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ვითარებას ქვეყანაში.

მინდა, ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, მოსახლეობას შევახსენო, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში. ასევე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რაც შეეხება გაზის ფასებს - გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა, 2-3 კვირის წინ 3 900 დოლარს მიაღწია ათასი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა და თუ გახსენდებათ რამდენს ვიხდით ჩვენ ბუნებრივ აირში? ეს არის სოციალური გაზი და ეს არის კომერციული გაზი, ვინაიდან ეს კომერციული საიდუმლოებაა კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კონტრაქტები რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, ეს არის ძალიან მიზერული, ვიტყოდი, ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე თუ მესამე ადგილას ვართ გაზის ფასების მიხედვით. ყველაზე იაფი ღირს მთელ ევროპაში გაზი საქართველოში, აზერბაიჯანის შემდეგ. ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ ამ სიტუაციაში, ასეთ კრიზისულ ვითარებაში, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში. ევროპაში 3 900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1 000 კუბური მეტრი გაზი, ჩვენთან ეს დაახლოებით 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე რასაც მოქალაქეები იხდიან. ძალიან დიდი სხვაობაა, კომუნალური გადასახადები არის გაათმაგებული მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება, მინდა, ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, რომლებიც გამოდიან და ტყუილებს ეუბნებიან ჩვენს მოქალაქეებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way