ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კითხვას, იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა დისკუსიისთვის ვეტოს ფარგლებში, რადგან „14-დან 28 მაისამდე, ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში“.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ და ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა მას მოვუწოდო, რომ იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა აქამდე. თქვენ ყველამ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არასოდეს წერდა საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, მას უწერდნენ ან NGO-ები, ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ეს ბერკეტი, ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს, ბუნებრივია, იქნება მისი პასუხისმგებლობა. 14 მაისიდან 28 მაისამდე არის ორი კვირა, ამ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა, თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას და ღიაობას დისკუსიისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/