USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
პრემიერი -30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე
Date:  296
30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საამაყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ყველას მიულოცა ისტორიული გამარჯვება და წარმატება.
„დღეს გვაქვს გამორჩეული, ემოციური დღე და, შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, წარმატება − ჩვენს თანამოქალაქეებს, ემიგრანტებს და, რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საამაყო. სიტყვებით შეუძლებელია ამ განცდის, ბედნიერების, სიამაყის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ესეც ძალიან თამამად შეიძლება ითქვას.
მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებმაც მართლა სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში; სამწვრთნელო შტაბს, ვილი სანიოლის ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით; ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ვიცეპრეზიდენტებს − თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა. წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ საბოლოო ჯამში გუშინ მივაღწიეთ. ასევე მინდა მივულოცო ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, მათ ათწლეულების მანძილზე შექმნეს ეს გამარჯვება; ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ, 13 მაისის გმირებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს განსაკუთრებით მინდა მივულოცო; აგრეთვე − ნაკრების ყველა თაობის ფეხბურთელებს, თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. მათი დამსახურებაა ეს გამარჯვება, რომელიც ჩვენ გუშინ შევქმენით და რომელიც მოგვიტანეს ჩვენმა ბიჭებმა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა.
„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების, ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისა და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს“, − განაცხადა პრემიერმა.
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way