USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
პრემიერი - ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას
თარიღი:  1939

ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია; ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის და, მეორე მხრივ, ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ, ზოგადად, სამყაროსადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება.

„ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის, გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა. უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისა და მრავალი წლის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერისათვის.

„დღეს, ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში. ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა. დღეს ჩვენ წინაშეა თითქმის ათწლიანი, მართლაც, ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი, - ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს, - ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები, მადლობა თითოეულ თქვენგანს. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში," - განაცხადა პრემიერმა.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის