„იგლ ჰილსის" დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.
„ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიაში. ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, ხვალ სიტყვით გამოსვლა ექნება აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები. მისი თქმით, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პოტენციალზე ამ მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვან სამიტს ვესწრებით აბუ-დაბიში, რომელიც ძირითადად ეხება ეკონომიკურ და ენერგეტიკის საკითხებს. დღეს მონაწილეობა მივიღე გახსნის ღონისძიებაში. ასევე დღეს დღის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებს, განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა. ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყნებს შორის და ასევე კონკრეტულ კომპანიებთან. პოტენციალი ძალიან დიდია. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ხვალ მექნება გამოსვლა სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები და პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/