USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე
дата:  845

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებზე საუბრით დაიწყო, რამაც მთავრობას ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის შესაძლებლობას მისცა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებსა და რეგიონული განვითარების მიმართულებაზე გადანაწილდება.

„პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ეს გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას. სამომავლოდ შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი. ეს ზრდა არსებითად გადანაწილდება ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა ასევე რეგიონული განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც ამის ძალიან კარგი მაგალითია", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, პირველი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა ამოქმედდება, რომლის მიხედვით 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება 800 ლარით გაეზრდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.

„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით. ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური სხდომაზე ტურიზმსა და ავიაციაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელს მთავრობა ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს და 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ელოდება.

პრემიერის თქმით, კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან - 808 მილიონი დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა.

„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8-პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - ჩვენს ქვეყანაში ერთი კვარტლის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 939 ათას ტურისტს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ავიაციის სფეროში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600 ავიარეისი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

„ევროპაში კონკრეტულად 11 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს 38 მიმართულებით, რაც ასევე ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგია. წელს საქართველოში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. 2011 წელს მხოლოდ 23 ავიაკომპანია ოპერირებდა საქართველოში. ასევე დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი აეროპორტებში მგზავრთნაკადის კუთხითაც - მილიონ 400 ათას მგზავრს გადააჭარბა მგზავრთნაკადმა ჩვენს აეროპორტებში. გვაქვს კარგი ტენდენციები და შესაბამისად, ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველი. წლიურ ჭრილში 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს ველოდებით კონკრეტულად ტურიზმის სფეროდან, რაც შარშანდელი მაჩვენებლის 9-პროცენტიანი გაუმჯობესება იქნება. ველოდებით 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, 5,2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს, რაც ასევე იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ძალიან კარგი მონაცემებია ტურიზმის და ავიაციის სფეროში და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ზრდის ტემპები, რისი ძალიან კარგი პერსპექტივებიც არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენასა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემას და მას უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. პრემიერმა ამისთვის ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება და ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი. ამ ქველმოქმედებას ბატონი ბიძინა უკვე მრავალი წელია ეწევა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა საქართველოს ნაკრებს, რომელიც ხვალ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს.

„ხვალ საქართველოს ნაკრები იწყებს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ველოდით მრავალი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო მძაფრად ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური და პირველად ისტორიაში, ხვალ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე აღიმართება საქართველოს დროშა, აჟღერდება საქართველოს ჰიმნი და წარმოუდგენელი ემოციაა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის და თითოეული ქართველისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს. ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარულები ვართ, რომ ძალიან წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი. 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც გაუმარტივა ჩვენს გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს, დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ისინი ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური. ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მინდა, მათ ვუსურვო გამარჯვებები, რაც მთავარია - ჯგუფიდან გასვლა. დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ჟინით ისინი აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ მნიშვნელოვან წარმატებას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати