USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
პორტის გაფართოებისთვის მთავრობასთან მოლაპარაკებები საბოლოო პირობებზე მიმდინარეობს - APM
Date:  795

წყარო: bm.ge

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი, რომელიც დანიური "მაერსკის" შვილობილია, პორტის გაფართოებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს, რისთვისაც მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან მართავს. ცნობილია, რომ კომპანია, ამ მხრივ, დაახლოებით 250 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ არის ცნობილი, ასევე უცნობია რა ეტაპზეა მოლაპარაკებები APM-სა და მთავრობას შორის.

დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტების კითხვას APM Terminal ფოთის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა იაინ როლინსონმა უპასუხა. მისი თქმით, ამჟამად მთავრობასთან მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა. ამასთან, როლინსონის განცხადებით, ფოთის პორტში სატვირთო ნაკადები გაზრდილია და დღის წესრიგში პორტის გაფართოების რეალური საჭიროება დგას.

“ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ყველა კატეგორიის ტვირთების რაოდენობის ზრდა.

ჩვენ ვხედავთ ტერმინალის გაფართოების რეალურ საჭიროებას, ამისთვის ჩვენ კვლავ გავდივართ საბოლოო პირობებს საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი საკმაოდ სწრაფად წარიმართება,”- ამბობს როლინსონი.

APM Terminals-ი ასევე ყურადღებას ამახვილებს მეტი კოორდინაციის აუცილებლობაზე რეგიონის ქვეყნების პორტებსა და რკინიგზებს შორის. მისი თქმით, ამ მიმართულებით წარსულში ნდობის ნაკლებობაც არსებობდა.

“ჩვენ ვხედავთ რეალურ საჭიროებას, რომ გაიზარდოს კოორდინაცია საპორტო და სარკინიგზო ოპერატორებს შორის ცენტრალურ აზიაში, აქ და ევროპაში. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად და შევქმნათ უფრო მეტი ეფექტიანობა და მეტი ტვირთი გავატაროთ სისტემაში.

ამ ოპერატორებს შორის წარსულში ნაკლები ნდობა და ნაკლები კოორდინაცია იყო. ეს ყოველთვის აქტუალური საკითხი იყო. ჩვენ ამ კორიდორში არ ვართ სხვა პორტების კონკურენტები, ამიტომ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიპოვოთ საერთო ნიადაგი ურთიერთანამშრომლობისთვის,”- ამბობს როლინსონი.

პორტის გაფართოების პროექტის გაჭიანურებას მთავრობა თავად APM Terminals-ს უკავშირებს. ოქტომბერში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხდა, რომ სახელმწიფომ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც პორტის მიერ იყო დაყენებული, APM-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

“APM-თან ჩვენ რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს. ფაქტობრივად, ყველა პირობა შევათანხმეთ და ვფიქრობ, რომ ეს დეტალები, რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდაც რეალურად, არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერაა, რათა ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, გაფართოება მოახერხოს. ასე რომ ვფიქრობ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ხელშემშლელი არაფერია. ესაა ინვესტორის გადაწყვეტილება რამდენ ინვესტიციას გააკეთებს,” - თქვა ლევან დავითაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა აინტერესებდა ფოთის პორტის მმართველ კომპანიას და რა მხარდაჭერა აღმოუჩინა სახელმწიფომ.

საქმე ის არის, რომ APM TERMINALS-მა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 351,056 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემა სთხოვა, მაგრამ მაშინ სახელმწიფოსგან უარი მიიღო. ამის შემდეგ APM იწყებს იმ ეტაპების გავლას, რაც საჭიროა, პორტის მშენებლობისთვის. კერძოდ, ვიდრე პორტის ფიზიკური მშენებლობა დაიწყება, სამი მთავარი სტადიაა - პირველი არის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, მეორე - პროექტის შეთანხმება და მესამე - უშუალოდ მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, 2019 წელს APM-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით და მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან საჭირო ნებართვა მიიღო კიდეც, მაგრამ ძალიან მალევე ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმა; მიზეზად ხარვეზები დასახელდა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ APM-მა 2020 წელს კიდევ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და იმავე წლის 26 მარტს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან ეს ნებართვა მიიღო.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way