საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ვალდებული იქნებიან თავიანთი ფინანსური ანგარიშები მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ ახალ უწყებას - “ანტიკორუფციულ ბიუროს” წარუდგინონ.
საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშგების ფორმას, რომლითაც პარტიებმა წლიური ფინანსური ანგარიშები უნდა მოამზადონ და ისინი ბიუროში წარადგინონ. აღნიშნული ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.
მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, პარტიის წლიური ფინანსური ანგარიში შემდეგ ფორმებს უნდა მოიცავდეს:
ა) შემოწირულებები და საწევრო შენატანები – ფორმა №1;
ბ) შემოსავლები (საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა) – ფორმა №2;
გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3;
დ) ხარჯები (საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯების გარდა) – ფორმა №4;
ე) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №4.1;
ვ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №4.2;
ზ) მივლინებები – ფორმა №4.3;
თ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №4.4;
ი) რეკლამის ხარჯი – ფორმა №4.5;
კ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5;
ლ) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1.
მ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №5.2;
ნ) მივლინებები – ფორმა №5.3;
ო) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №5.4;
პ) რეკლამის ხარჯი – ფორმა №5.5;
ჟ) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №6;
რ) საბანკო ანგარიშები – ფორმა №7;
ს) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №7.1;
ტ) არაფინანსური აქტივები – ფორმა №8;
უ) უძრავი ქონების რეესტრი – №8.1;
ფ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №8.2;
ქ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №8.3;
ღ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა № 9;
ყ) სესხი/კრედიტი – 9.1;
შ) შემაჯამებელი ფორმა.
ანტიკორუფციულ ბიუროს ამჟამად რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია 2022 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა.
აღნიშნულ ორგანიზაციას ჯერჯერობით საკუთარი ვებგვერდი არ გააჩნია.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/