პოლიტიკაში, ცხოვრებისგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშის გაწევა და თანადგომა, თუმცა წინა პრეზიდენტის დროს საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების უკრაინაში დასაქმების ფაქტზე მძაფრი რეაქცია არ გვქონია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი არ იყო მსჯავრდებული სასამართლოს მიერ, განაცხადა კახა კალაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკრაინის ამჟამინდელი საფიქრალია. პოლიტიკური დისკომფორტი უნდა იყოს, როდესაც ხელისუფალი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორგზის დამნაშევდ ცნობილ პირს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას სთავაზობს. მართალი გითხრათ, ერთგვარი პოლიტიკური დეჟა ვუ მაქვს - მეორედ სთავაზობს უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სააკაშვილს პოლიტიკურ თანამდებობას. ამ თემას აღარ განვავრცობ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დასრულდა მისი მოღვაწეობა პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, და ზელენსკის გუნდმა ეს უნდა გააანალიზოს. ამ ეტაპზე თვალს ვადევნებთ მოვლენებს და შესაბამის დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც აუცილებლად გადავდგამთ. ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და ეს მუდმივი მოცემულობაა. ამას ვერაფერი შეცვლის და, დარწმუნებული ვარ, იგივე განწყობა აქვს უკრაინას საქართველოს მიმართ. ყველას კარგად ახსოვს, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა ამ ქვეყანაზე. ვგულშემატკივრობ უკრაინას ისევე, როგორც საქართველოს, და მინდა, რომ ერთიანები ვიყოთ ყველა საკითხში. პოლიტიკაში, ცხოვრებისგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშის გაწევა და თანადგომა, თუმცა წინა პრეზიდენტის დროს საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების უკრაინაში დასაქმების ფაქტზე მძაფრი რეაქცია არ გვქონია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი არ იყო მსჯავრდებული სასამართლოს მიერ. ახლა მისი დანიშვნა, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ქართველი ხალხის მიერაც შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს მეგობრობას“, - განაცხადა კალაძემ