USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
პოლიტიკა როგორც შესაძლებლის ხელოვნება - ედუარდ შევარდნაძე
дата:  5296

 რედაქციისგან:  - ედუარდ შევარდნაძე,  ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ადამიანი, რომელმაც თავის პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო ღრმა საბჭოთა პერიოდში, გააგრძელა ფუნქციონირება პოსტ გარბაჩოვისებურ ეპოქაში და დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა მე-20 საუკუნის ბოლოს. ედუარდ შევარდნაძისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, სხვა "ცოდვებისგან" განსხვავებით  მიუღებელი იყო ქვეყნის ინტერესების გაყიდვა,  საგარეო არენაზე  მოწინააღმდეგისთვის თავის დახრა და ა.შ. მის დროს საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მიიღო - ბაქო-ჯეიხანის მაგისტრალი, სახელმწიფოს პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეროვნული ვალუტა და ა.შ. არსაოდეს არ შეწყდება მისი პიროვნების ირგვლივ ცუდის და კარგის თქმის ისტერია. ის იყო, ცხოვრობდა, ქმნიდა და მუშაობდა თავისი ქვეყნის სასიკეთოდ. როგორ გამოდიოდა ეს - ეს უკვე ისტორიის განსჯის საქმეა. ობიექტურად ის იყო ტყვე ჯერ საბჭოთა სისტემის და შემდგომ უკვე მსოფლიო პოლიტიკით მოხვეული გარემოებების, ხოლო სუბიექტურად და პირადი ავტორიტეტის მეშვეობით ის ახერხებდა ყოფილიყო ყველაზე დიდი დადებითი გადაწყვეტილებების ინიციატორი და შემთანხმებელი საქართველოსთვის .. და ის რაც მან შეძლო, იმან განაპირობა ზუსტდა ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი...

Картинки по запросу რა გააკეთა ედუარდ შევარდნაძე

სათაურში შეცდომაა: ამ ციტატის ავტორი ბისმარკია, ხოლო ამ ფორმულის ცოცხალი ნიმუში ედუარდ შევარდნაძე. ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებული ჩემი პირველი ცოცხალი შთაბეჭდილება ბავშვობის პერიოდს განეკუთვნება, როცა 70-იანი წლების ჟურნალში -„დროშა“დაიბეჭდა შევარდნაძის ფოტო, რომელსაც ჩემი 5-6 წლის ბიძაშვილი ჰყავს ხელში აყვანილი. მაშინ მთელმა სანათესაომ ვიცოდით, თუ როგორ დასტაცა ხელი თამუნას გამოფენის ბაღში პარტიულ ღონისძიებაზე მისულმა შევარდნაძემ ცეკას მდივნის საიმიჯო ფოტოს გადასაღებად, მეორე ცოცხალი შთაბეჭდილება კი სტუდენტობას უკავშირდება, როცა ნიკო ჭავჭავაძემ ლექციაზე გვითხრა ( სხვათა შორის სალექციო კონტექსტის გათვალისწინებით): არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ისე შეეძლოს მოსმენა, როგორც შევარდნაძეს. ახლა რომ ვუკვირდები, შევარდნაძესთან დაკავშირებული ეს ორი ეპიზოდი კარგად ავსებს მისი, როგორც, ერთი მხრივ, პოპულისტი პარტიული ფუნქციონერის (ჯერ კიდევ ლენინიდან მოკიდებული ითვლება , რომ ბავშვები საუკეთესო ფონია ნომენკლატურული ლიდერის ფოტოსათვის, ასე გასინჯეთ, დღესაც, სელფის ეპოქაშიც კი) და, მეორე მხრივ, საზრიანი, რაციონალური პოლიტიკური ლიდერის პორტრეტს. შევარდნაძის კონტრავერსულ პორტრეტში ორივე შტრიხი კარგად იყო წარმოდგენილი, თუმცა არა მხოლოდ ორი... ჩვენში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ შევარდნაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ცალსახა აღქმას არ ექვემდებარება, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასებები დიამეტრულად განსხვავებულია, რომ დაზუსტებით ძნელია თქმა, რა სახელით უნდა შევიდეს შევარდნაძე ისტორიაში-როგორც ახალი ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე თუ პოლიტიკოსი, რომელმაც კორუფციის ჭაობში ლამის ჩაახრჩო ქვეყანა. დავამატებდი, რომ კონტრავერსულად ფასდება არა მხოლოდ მთელი მისი პოლიტიკური ბიოგრაფია, არამედ ამ ბიოგრაფიის სხვადასხვა ეტაპები.

უფრო დაზუსტებით თუ ვიტყვით, დიდწილად დადებითადაა შეფასებული მისი საქმიანობა საბჭოთა საგარეო მინისტრის რანგში და, პირიქით, ძირითადად უარყოფითად კი მისი პოლიტიკური აქტივობა საქართველოს ცეკას მდივნისა და პრეზიდენტის რანგებში, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელი ტიტულის ფლობისას. როცა საბჭოთა პერიოდის შევარდნაძეზე ლაპარაკობენ როგორც პოლიტიკური ინტრიგების ვირტუოზზე, კონფორმისტზე, პირმოთნეზე, მოქნილსა თუ გაქნილ პოლიტიკოსზე, ერთი სიტყვით, მორალთან და ზნეობასთან მწყრალად მყოფზე, ჩნდება კითხვა რამდენად შესაძლებელი იყო ზნეობრივი პრინციპების განუხრელი დაცვისა და სიმტკიცის მოთხოვნა იმდროინდელი პარტიული დიდმოხელისაგან? იყო კი შესაძლებელი იმ სისტემაში პოლიტიკური უმწიკვლელობა და რა დოზით? საბჭოთა პარტიული ლიდერის (სულ ერთია კომკავშირის მდივანი იყო იგი, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ცეკას მდივანი) ამპლუა იმპლიციტურად ხომ არ გულისხმობდა ზნეობრივ კომპრომისს, ხოლო გარდუვალი პოლიტიკური ცოდვილობის ერთადერთ საპირწონედ ხელისუფლებიდან მისი განრიდება ხომ არ მოიაზრებოდა?! ძნელია ამ კითხვებზე ცალსახა პასუხების გაცემა, ხოლო ძალაუფლების ველიდან შევარდნაძის გარიყვა კი სიურეალიზმს განეკუთვნება, რადგან ამქვეყნად იგი ძალაუფლებისთვის, პოლიტიკისთვის იყო მოვლენილი. პოლიტიკა და ძალაუფლება მისთვის სასიცოცხლო, საარსებო სივრცე იყო, როგორც თევზისთვის წყალი.

1992 წელს შევარდნაძის დაბრუნება საქართველოში მავანთაგან (შევარდნაძის გულმხურვალე მომხრეების მხრიდან) შეირაცხა პიროვნული მსხვერპლშეწირვისა და პატრიოტული თავგანწირვის აქტად (ხოლო რა სახელი დაერქვა შევარდნაძის დაბრუნებას მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან, აღარ გაგახსენებთ). მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცივი ომის დამასრულებელი და ბერლინის კედლის დამანგრეველი პოლიტიკოსი ჩამოდის განგსტერებისა და ბანდიტების სათარეშოდ ქცეულ გაბანკროტებულ, დამშეულ, არშემდგარ ქვეყანაში, არად აგდებს სიამაყესა და პატივმოყვარეობას და იწყებს ნულიდან-იქმნებოდა ახალი მითოსი. მე კი მგონია, რომ დაბრუნებისთვის არანაკლები მოტივატორი ძალაუფლების ვნება იყო- მთელი პოლიტიკური კაპიტალის ფსონად ჩამოსვლის, გამოწვევის მიღების, რისკის გაწევის და ვა-ბანკზე წასვლის პოლიტიკური წყურვილი, რადგან მხოლოდ ვნება წარმოშობს წყურვილს, როგორც დაუოკებელ მოთხოვნილებას. პოლიტიკოსი შევარდნაძე როგორც ასეთი გახლდათ ღია, გახსნილი, ცვლადი სიდიდე, მყარი დოქტრინული შეხედულებების გარეშე, ზედმიწევნით პრაგმატიკოსი, რომლის ტაქტიკა იყო შანსის არგაშვება, არსებული რეალობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება და არა დინების საპირისპიროდ სვლა ალტერნატული რეალობის დასამკვიდრებლად, ხოლო მოსმენის განსაკუთრებული უნარი, მსმენელის სტატუსი კი მისთვის ის პრივილეგირებული პოზა იყო, რომლითაც ახერხებდა რეალობის სრულფასოვან ანალიზსა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. სხვათა შორის, იგი ნაკლად უთვლიდა თავის თავს გადაწყვეტილების მიღებამდე ხანგრძლივი ფიქრის ჩვევას. სწორედ პრაგმატიზმით აიხსნებოდა მისი ლტოლვა ცვლილებებისადმი, გახსნილობა და ღიაობა ახალი შესაძლებლობების მიმართ. ბეიკერი იხსენებს, რომ განიარაღების საკითხებე მოლაპარაკებისას, როცა პროტოკოლის მიხედვით მან და საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა საჩუქრები გაცვალეს, შევარდნაძემ ბეიკერს გადასცა მინანქარში შესრულებული მაცხოვრის ხატი- „გჩუქნი ამას, რომ დაგანახოთ - ჩვენ, კომუნისტები ვიცვლით ჩვენს შეხედულებებს. 1989 წლისათვის ეს მეტად მოულოდნელი და სასიამოვნო ისტორია გახლდათ.“-ამბობს ბეიკერი. მავანმა, შესაძლოა, ეს ჟესტი ფარისევლობად ჩაუთვალა, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა შევარდნაძეს ამერიკელ პოლიტიკოსთან ყავლგასული სიყალბე ?! ამ ეპიზოდში ჩანს მისი შესაშური თვისება-ახალი გამოცდილებისადმი ღიაობა. შევარდნაძის პოლიტიკურ ნათლიას, რომელმაც მას „თეთრი მელა“ უწოდა ალბათ ძალიან გაუკვირდებოდა, თუ გაიგებდა, რომ გერმანელი სოციოლოგის - მაქს ვებერის სოციოლოგიურ ლექსიკონში ტერმინი „ მელა“ იმ პოლიტიკოსს აღნიშნავდა , რომელსაც ოსტატურად შეუძლია გაძვრომ-გამოძვრომა ხაფანგებს შორის და ნადავლით სამშვიდობომდე მიღწევა.

Похожее изображение შევარდნაძე ნამდვილად იყო ასეთი „მელა“. „თავის დროზე გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით ვთქვი, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. ჩემი თანამემამულენი დიდხანს ვერ მპატიობდნენ, თუმცა იგი ჩემი ქვეყნის ინტერესებით იყო ნაკარნახევი. ეს რუსეთის გასაგონად ვთქვი, რათა საქართველოში შემძლებოდა არაერთი საქმის გაკეთება. ასეთ დროში ვცხოვრობდით, მუდმივი ლავირება მჭირდებოდა ისევ ქართველი ერის, ქართული კულტურის გადასარჩენად. ამა თუ იმ პოლიტიკური ნაბიჯით, ზოგჯერ მეორეხარისხოვანის დათმობით, ზოგჯერ პიროვნული თავმოყვარეობის ხარჯზეც მაინც ვახერხებდი მიმეღწია დამოუკიდებლობის იმ ხარისხისათვის, რომელიც მინიმალურად მაინც შესაძლოა სინამდვილეში“. განუწყვეტელი ლავირება, ემოციების განზე გაწევა, მეორეხარისხოვანის დათმობა მთავარის სასარგებლოდ-ეს გახლდათ შევარდნაძის ძირითადი მეთოდი, მისი პოლიტიკური ალგორითმი, რომლითაც იგი ხსნიდა ნაირგვარ პოლიტიკურ განტოლებებს. მისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან მანევრირების ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლებოდა. მაგალითად, 1978 წლის 14 აპრილის ამბები-როცა შევარდნაძემ ჯერ სახალხო მღელვარების პროვოცირება მოახდინა (ვისაც ჯერ არს, ხმა მიაწვდინა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ქართულ ენას ერთმეოდა სახელმწიფო ენის სტატუსი და მიაწოდა აზრი დაწყებულიყო სადავო მუხლის საერთო-სახალხო განხილვა. რომ არა შევარდნაძის „შპარგალკა“, ვის მოუვიდოდა აზრად საბჭოთა კონსტიტუციის ტექსტის რევიზია და შემდეგ ამ პროტესტით დააშანტაჟა კრემლი. ნადავლად მიიღო ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნება (ბრეჟნევმა-„ნუ იქნება ოღონდ ბუნტიო“). ეს იყო კლასიკური ნიმუში მელიისებური ფანდისა.

 

ხოლო გორბაჩოვს თენგიზ აბულაძის ფილმისათვის-„მონანიება“ ამ რკინის არგუმენტით დასტყუა გადაღების ნებართვა: -„თენგიზი იყო კომუნისტი, მან გადაიღო ფილმი პარტიის შეცდომებზე და თუ ჩვენ პარტიის შეცდომები ვერ გავიაზრეთ, ვერ განვვითარდებით.“ სრულიად გამორჩეული ინტერპერსონალური ინტელექტი, კომუნიკაბელობა, პიროვნული მომხიბვლელობა, განმაიარაღებელი იუმორი და ღიმილი იყო მისი დიპლომატიური ინვენტარი. (სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, რომ ფაქტიურად მას არ მიუღია აკადემიური განათლება.იგი ქუთაისის პედინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილების კურსდამთავრებული დიპლომირებული ისტორიკოსი გახლდათ, ხოლო რას ნიშნავდა დაუსწრებელი სწავლება ალკკ-ის ფუნქციონერის სტატუსით, არ არის ძნელი წარმოსადგენი. მაგრამ იგი იყო ფენომენალური ნიჭიერების თვითგანსწავლული კაცი, რომელიც ღრუბელივით სწრაფად ისრუტავდა ახალ ცოდნას, სწავლობდა ყველგან და ყველასგან) შევარდნაძე იხსენებს როგორ წარუდგინა საკუთარი თავი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პოსტზე დანიშვნისას: აბა რა უნდა გითხრათ სრულიად გამოუცდელმა კადრმა დიდი გამოცდილების კოლეგებს. ჩემამდე ამ უწყებას უძღვებოდა ანდრია გრომიკო, ნამდვილი ხომალდი მსოფლიო დიპლომატიის ოკეანეში, მე კი მასთან შედარებით მხოლოდ ნავი ვარ, თუმცა ძრავიანი ნავი-„а я всего лишь лодка, правда, с мотором“.

Картинки по запросу ედუარდ შევარდნაძე და ბეიკერიამ რეპლიკით გაალხო უცხოობის ყინული მომავალ კოლეგებთან.

ლანა ღოღობერიძე იხსენებს კურიოზამდე მისულ დაუჯერებელ ისტორიას. 1974 წელს, როცა უცხოური დელეგაციის ვიზიტი დიდი იშვიათობა იყო, საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ამერიკელმა კონგრესმენებმა, შევარდნაძესთან შეხვედრით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფებმა, არც მეტი, არც ნაკლები განაცხადეს: ასეთი პრეზიდენტი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვისო. შევარდნასის პოლიტიკური ბიოგრაფიის ეტაპებს შორის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, ყველაზე უფრო ნეგატიურად შეფასებული მესამე ეტაპია, თუმცა სწორედ ამ ეტაპს უკავშირდება დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის მის მიერ სტრატეგიული კონცეპტის შექმნა. ტრანსკავკასიის ნავთობსადენისა და ტრასეკას პროექტების ინიცირება, მომზადება და განხორციელება ერთპიროვნულად შევარდნაძის სახელს უკავშირდება. საქართველომ შეიძინა ევროაზიური სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, ხოლო ფუნქციურმა დატვირთვამ კი პირდაპირპროპორციულად შესძინა მას პოლიტიკური წონა, ფასი და დაიტანა მსოფლიო რუკაზე სხვა სახელმწიფოთა გვერდით. გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია დაკავშირებულია მის სახელთან.

ასე გასინჯეთ ჯერ კიდევ 1999 და 2002 წლების გამოსვლებში აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში შევარდნაძე ლაპარაკობს ანაკლიის პორტისა და ყულევის ტერმინალის შესახებ, რომ ამ პროექტების ამოქმედება სამეგრელოს რეგიონს განავითარებს: „იმ ადგილას პორტის აშენების პროექტზე ჯერ კიდევ ჩემი პრეზიდენტობის დროს იყო საუბარი, მაგრამ დიდი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დავდექით და ეს იდეა ვერ განხორციელდა. ისე კი თანხა, რომელიც ლაზიკის აშენებაში უნდა ჩაიდოს, ჯობს, ფოთს მოხმარდეს. ქართული ეკონომიკისთვის ეს უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იქნებოდა“-წერს იგი თავის მემუარებში. სავალალოა, რომ ამ განცხადებებიდან 20 წლის თავზე ამ პროექტსა და შესაბამისად ქვეყნის ფუნქციონალური დატვირთვის ზრდის პერსპექტივას საბოლოოდ ვემშვიდობებით.

დრო არასოდეს პატიობს მათ,ვინც იგვიანებს-წერსდა იგი. ეს შეცდომა დაუშვა მან პრეზიდენტობის მეორე ვადაში,როდესაც შეეცადა მიეტაცებინა წაგებული არჩევნები და არ დაეთმო ხელისუფლება.(არანაკლები იყო აბაშიძის სეპარატისტული მოქმედებების მიმართ შემწყნარებლობა, რომ აღარაფერი ვთქვათ კორუფციასა და განუკითხაობაზე). ეს იყო მისი კლასის მქონე პოლიტიკოსისათვის მიუტევებელი დანაშაულიც და შეცდომაც. თუმცა მისი კლასი დაეცა მას მერე, რაც დაბრუნდა საქართველოში სამხედრო გადატრიალების შემდეგ. „მაშინდელ საქართველოში პოლიტიკა სისხლიანი სპორტი იყო -როგორც მოგვიანებით იტყვის მისი მეგობარი ბეიკერი -„ძალიან რთული დრო იყო. ის ამ პოლტიკაში იყო ჩართული და ითამაშა იმ წესებით, რასაც მაშინდელ ქართულ პოლიტიკაში იყენებდნენ“. სამწუხარო იყო იმჟამინდელი ქართული პოლიტიკის დომინანტი პერსონაჟების მიერ დანერგილი თამაშის წესების მიღება და გაზიარება. სხვა მიზეზებთან ერთად ესეც გახდა ქვეყნის შეუქცევადი რეგრესის მიზეზი. ბარონ მიუნჰაუზენისაგან განსხვავებითკი შევარდნაძეს აღარ შეეძლო ამოეთრია საკუთარი თავი ჭაობიდან. შევარდნაძის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც ერთნაირად იზიარებენ აზრს, რომ იგი უახლესი ისტორიის ერთ ერთი აქტორი და შემოქმედია და ზუსტად ისევე, როგორც შეუძლებელია ცხვირწინ დაკიდებული ნახატის სათანადოდ აღქმა, შეუძლებელია პოლიტიკური პროტაგონისტის მნიშვნელობის გააზრება დროში დისტანცირების გარეშე. დღეს კი, გამსახურდიასა და სააკაშვილს შორის მობინადრე, წინამორბედისა და „შთამომავლის„ მომხრეების წყევლა-კრულვის ორპირ ქარში მოქცეული შევარდნაძე ელოდება ისტორიის პირუთვნელ მსჯავრს. დავამთავროთ დე გოლით: „პოლიტიკოსი ფიქრობს მომავალ არჩევნებზე, სახელმწიფო მოღვაწე კი მომავალ თაობებზე“. შევარდნაძემ არაერთი არჩევნები „გადააგორა“. მის ინვენტარში არსებული ყველა საშუალებით-მიღებული თუ მიუღებელი, სამართლიანი თუ უსამართლო, ღია თუ ფარული, პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ნაცადი თუ უჩვეულო, ტრადიციული თუ ნოვტორული, ორდინალური თუ არაორდინალური ხერხებით მოახერხა და შეინარჩუნა პოლიტიკური დღეგრძელობა, მაგრამ ამასთანავე მან მოახერხა ახალი ქართული სახელმწიფოსათვის თვითმყოფადი ნიშის მოძიება. თავისი წილი ცოდვა -ბრალიც მიუძღვის ამ ქვეყნის წინაშე და წვლილიც.

ავტორი: ნანა თოფურიძე

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати