USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
თარიღი:  555
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 16 პირი, 1 კი მხილებულია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 5 ვაზნა.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, 2 პირი - 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. და 1986 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს. პოლიციამ, გ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 76 ვაზნა, "ტროტილი" და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ა.რ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1979 წელს დაბადებული ა.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ა.მ.-ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა, ხოლო გ.კ.-ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი და 2 ვაზნა.
 
ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ქ. და 1972 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰ.ტ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, გ.ქ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი რევოლვერი, 5 ვაზნა და დანა. ჰ.ტ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ვაზნა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1943 წელს დაბადებულ რ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.
 
რაც შეეხება 1965 წელს დაბადებულ მ.რ.-ს, მის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა- ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 63 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
 
ამავე დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 1630 საბრძოლო ვაზნა, "ეფ 1"-ის ტიპის 5 ხელყუმბარის კორპუსები სასკდომი მუხტით და 4 ამფეთქი ფალია.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი, 5 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება. 1986 წელს დაბადებული ო.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ცალი ვაზნა.
 
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. დაკავებულის - 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა, ხოლო მხილებული პირის - 1959 წელს დაბადებული მ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
 
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის და ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.ბ. დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
 
გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი, 4 ვაზნა და კარაბინი.
 
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
 
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს
კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.