USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 14 პირი
თარიღი:  935

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული გ.წ. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტები და 55 ვაზნა ამოიღეს.
ამავე დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ქ. და ამავე წელს დაბადებული მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა დ.ქ.- ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, რევოლვერი, 68 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს. მ.გ. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი და მჭიდი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 3 პირი: 2001 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.გ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული დ.კ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი და ავტომობილების, ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 პისტოლეტი, 4 მჭიდი და 64 ვაზნა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ზ.- სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 17 ვაზნა და მჭიდები.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია: პისტოლეტი, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ხელყუმბარა, 8 მჭიდი, 730 ვაზნა და 17 დანა.

ასევე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული ნ.მ. რომლისგანაც ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 12 ვაზნა და 2 მჭიდი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1985 წელს დაბადებული ზ.ნ. და 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და 252 ვაზნა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული გ.ს. - ს საცხოვრებელ ბინაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 51 ვაზნა და 2 მჭიდი. ამავე დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. -ს საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,13 ვაზნა და 2 მჭიდი ამოიღეს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული ვ.ა. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ვაზნა და მჭიდი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის