USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები
Date:  3083

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი.

ქვეყანაში დაფუძნდა მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, პარლამენტი - დამფუძნებელი კრება.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები.

საქართველოში პირველი არჩევნები 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 616,150-მა ადამიანმა მიიღო, საერთო აქტივობა 60%-ს შეადგენდა

1919 წელს ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვადასხვა პარტიის სახელით კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან ხუთი წევრად აირჩიეს. ყველა მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. დამფუძნებელ კრებაში სულ 130 ადამიანი იყო.ეს ქალები იყვნენ:

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)

სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში.

დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების საქმიანობაში. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს, მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ორგანიზაციაში "არა" (ამერიკული დახმარების ორგანიზაცია ‒ American Relief Administration), ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა.

1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი ყაზახეთში. თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ 12 წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

1937-38 წლებში დახვრიტეს მისი ქმარი და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)

1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს "გურიის ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა.

ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს.

1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს.

1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973)

სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო 15 წლის ასაკში გარიცხეს.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თსუ-ს დამფუძნებელი კომიტეტის წევრი.

1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად, იყო ამავე პრეზიდიუმის მდივანი და სამი კომისიის წევრი. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, მე-10 პედაგოგიური სასწავლებლის გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს. 

1931 წელს თსუ-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი, ცნობილი მეცნიერი გახდა, ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გარდაცვალების თარიღი უცნობია) 

დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. სოხუმში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში.

1917 წლამდე რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1919-21 წლებში იყო დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი.

აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა, ერთ წელიწადში კი კვლავ დააკავეს და ქვეყნიდან გადაასახლეს.

ელეონორა 1930-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალა 30-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში, საკუთარ სახლში, ზუსტი თარიღი უცნობია.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937)

21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მეფის რუსეთის დროს არაერთხელ დაუპატიმრებიათ.

1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებში მუშაობდა.

1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 

1937 წელს დააკავეს და შინსახკომის "ტროიკის" გადაწყვეტილებით, ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, აგრეთვე "შოვინისტური განწყობების"  ბრალდებით დახვრიტეს.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მცირე ხანს, დაახლოებით სამი წელი იარსება. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

 

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია და ოკუპაცია მოახდინა.

 
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way