პირველი მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი თვის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე დაგეგმილი ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ, ასევე, მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება.
„პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე. პირველ მაისამდე მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში, ასევე, იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ინერგება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება უფასოა. ასევე, უფასოა ელექტრომობილებისთვის. მათ ქალაქის სხვადასხვა წერტილში შეუძლიათ გამოიყენონ ეს კონკრეტული საპარკინგე სივრცეები. გარდა ამისა, უფასოა A კარეგორიის ტაქსის მძღოლებისა და შშმ პირებისთვის, რომელთათვისაც სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი. პირველი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საფასური იქნება საათი - ერთი ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება.
„ზოგადად, ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებზე და ეს მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ეს მოხდება ეტაპობრივად, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და მეტი ხელმისაწვდომობა იყოს ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ტარიფებიც რაიონების და ქუჩების მიხედვით განხვავებული იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისში დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, აღნიშნული ცვლილებით კი, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/