USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - მუქარის შემცველი ზარები მოქალაქეებთან არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან განხორციელდა, რისთვისაც გაყალბების სისტემა გამოიყენეს - საქმე პროკურატურას გადაეგზავნა
дата:  494

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უცხო სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც მოქალაქეებთან ზარები განხორციელდა, არ არის კონკრეტულ პირებზე რეგისტრირებული და სატელეფონო ნომრები არააქტიურია.

შესაბამისად, როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.

მათივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინებისკენ, საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, რეაგირების მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების თანახმად, მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ხორციელდება როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მექსიკა) სატელეფონო ნომრებიდან. მომართვების ავტორების განმარტებით, ზარის განმახორციელებელი პირები, ორივე შემთხვევაში, საუბრობენ ქართულ ენაზე.

მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო ზარები მიემართება მიმდინარე საპროტესტო აქციებს და წარმოადგენს მათი დაშინების მცდელობას. კერძოდ, სატელეფონო ზარის განმახორციელებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, მათ უკავშირდებიან რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და მიმართავენ ღირსების შემლახველი ტერმინოლოგიით, ეკითხებიან, თუ რატომ არ უჭერენ მხარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუკი ისინი და მათი ოჯახის წევრები პროტესტს არ შეწყვეტენ. გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან/ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების ავტორების განმარტებით, ზარების ინიციატორები მუქარის შემცველი ზარებით უკავშირდებიან მათი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანებს.

როგორც მოქალაქეების ნაწილი სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მიუთითებს, უცხო სატელეფონო ნომრებიდან შემავალ ზოგიერთ ზარს არ უპასუხეს და ზარის ინიციატორებთან მათი კომუნიკაცია არ შემდგარა, თუმცა, მათი რწმენით, აღნიშნული ზარებიც ცალსახად უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და, შესაბამისად, მათ პოლიტიკურ შეხედულებას, რაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს წარმოადგენს. ამასთან, მათი მოსაზრებით, ამგვარ შემთხვევებშიც, ახლობლებთან თუ ნაცნობებთან განხორციელებული მსგავსი ზარების შინაარსის გათვალისწინებით, მიაჩნდათ, რომ თუ კომუნიკაცია შედგებოდა, იგი იქნებოდა დამაშინებელი, მუქარის შემცველი ან/და შეურაცხმყოფელი.

საგულისხმოა, რომ მომართვების ავტორები მიუთითებენ, მათ შორის, ღამის საათებში განხორციელებულ ზარებზე, რომლებიც მათსა და მათ ოჯახის წევრებში განსაკუთრებულ შიშს იწვევს. როგორც მოქალაქეები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ზარის განმახორციელებელი პირებისთვის ცნობილია ზარის ადრესატების საცხოვრებელი მისამართები, ისინი მუქარას აღიქვამენ რეალურად.

ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, სამსახურმა შემოწმების ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისთვის განახორციელა საქართველოში მოქმედი სამი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის - შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს „სელფი მობაილის“ ადგილზე შემოწმება და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის დათვალიერება.

ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული იმ ქართული სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც მონაცემთა სუბიექტებთან სატელეფონო ზარები განხორციელდა, არ არის მათ ქსელში კონკრეტულ პირებზე (მათ შორის, სატელეფონო ზარების განხორციელების დროს) რეგისტრირებული, შესაბამისად, სატელეფონო ნომრები არააქტიურია. ამდენად, მათთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.

შემოწმების ფარგლებში, ასევე დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სატელეფონო ნომრის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების ქსელში კონკრეტულ პირზე რეგისტრაციის მიუხედავად, სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერის თანახმად, მითითებული ნომრიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება გამავალი/შემავალი სატელეფონო ზარები. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას (ე.წ. Caller ID Spoofing), რომელიც ხორციელდება შემდეგნაირად: ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია.

შემოწმების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ანალოგიური პროცესი იკვეთება უცხო ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანული სატელეფონო ნომრებიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან მიმართებითაც. ადგილზე შემოწმების ფარგლებში, ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მის ქსელში ჩართულ აბონენტებთან, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანული ნომრებიდან ხორციელდებოდა დიდი რაოდენობის სატელეფონო ზარები, რაც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედი მობილური ოპერატორისგან მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, არ ხდებოდა მათი ქსელის გავლით.

შემოწმების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მიერ სამსახურისთვის მოწოდებული განმარტებების თანახმად, მათთვის უცნობია მათ ქსელში არარეგისტრირებული სატელეფონო ნომრების მფლობელების ვინაობის და დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ.

საგულისხმოა, რომ შემოწმების ფარგლებში ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ნომრებიდან, 2024 წლის მაისის თვეში, დაფიქსირდა აღნიშნული კომპანიის ოთხასზე მეტ აბონენტთან ზარების განხორციელების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც, მითითებულ პროცესში მოქალაქეებთან სატელეფონო ზარების განხორციელება, ერთგვაროვანი მეთოდის (ე.წ. Caller ID Spoofing) გამოყენების, სიხშირისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს, ამასთან, ძირითად შემთხვევაში, სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინების მცდელობას, ხოლო, დასახელებული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას“, - ნათქვამია განცხადებაში.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати