USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ახალ პოლიტიკურ პარტიას „ევროპელი სოციალისტები“-ს აფუძნებენ
თარიღი:  1759

"ჩვენ - ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი - როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“-ს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზნები, - განაცხადა ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა ავთანდილ ენუქიძემ.

„დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია, თითქოს, ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას. აშკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის კოაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. „ნაციონალებს“ სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე, გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად, ქვეყნის არევას და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებენ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს.

არც ერთი და არც მეორე მიდგომა არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდობის ემიგრაციას სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არაა, ის ვისაც ამისი მანდატი აქვს უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ, შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. მწვავე კრიტიკასთან ერთად, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი, საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.

ეს არის ქვეყნის სტაბილურობა და ერთიანობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, დიპლომატიით. შეიძლება დაისვას კითხვა, ვფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნები გაყალბდა. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები, მაგრამ როდესაც არჩევნების გაყალბების საფუძვლით არ შედიხარ პარლამენტში, ამას საფუძვლიანი მტკიცებულებები ესაჭიროება. ჩვენ კი ასეთი მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისგან ვერ ვიხილეთ. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული და თავისუფალი. იყო პრობლემები „საარჩევნო კოდექსშიც“, თუმცა, თავის დროზე არცერთ პარტიას არ უთქვამს უარი ამ კოდექსის პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე. საბოლოოდ, პრობლემების მიუხედავად, ეს პარლამენტი, თავისი 9 პოლიტიკური პარტიით და უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნებით“ ასახავს ამომრჩევლის განწყობას და ნებას, რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ თვლის საკუთარ თავს გამარჯვებულად ან დამარცხებულად.


ამ არჩევნებში. ვერ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც დადებს მტკიცებულებებს იმისა, რომ რომელიმე ამომრჩეველი ხელების გადაგრეხვით მიიყვანეს საარჩევნო ყუთთან ან ამავე გზით მოაწერინეს ოქმზე ხელი. ყველამ ეს გააკეთა თავისი ნებით. როგორ მივიდა, ამა თუ ის ამომრჩეველი, ამ თავის გადაწყვეტილებამდე, ეს უკვე სხვა საკითხია, საკითხი, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში. პარლამენტში შესვლასთან ერთად, ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს“. ეს არის ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან წლების განმავლობაში ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის.

ჩვენ ამ პარტიისთვის და მათ შორის, 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმატებისთვის, ბევრად მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი, რომელიც პარტიას გასული წლების მანძილზე შევწირეთ. პირადად მე გახლდით 2016 და 2020 წლის არჩევნებში პასუხისმგებელი და კურატორი პარტიიდან სამეგრელოს რეგიონში. რამაც გარკვეულწილად განაპირობა პარტიის მიერ დადებული შედეგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, როდესაც არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ეს ნაბიჯი დღეს გადავდგით. დარწმუნებული ვართ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ დავით თარხან-მოურავს, რომ მოგვცა საშუალება, ვიყოთ აქ პარლამენტში ამ სტატუსით. მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითმყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, ჩვენი გეგმის დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში მეტ ინფორმაციას მიიღებთ. თქვენ იქნებით მოწმეები, თუ როგორ სამაგალითო პარტიას შევქმნით, ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველაფერი, პირველ რიგში გამოცდილება და ქვეყნის სიყვარული. ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი „საარჩევნო კოდექსის“ და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციურ პარტიას, შემოვიდნენ პარლამენტში და არავის მისცენ ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა.“, - განაცხადა ენუქიძემ.

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.

ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის