USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Tbilisi
პატრიარქის პირველი სტიქაროსანის, მამუკა გიორგაძის მისალოცი წერილი მის უწმინდესობას
Date:  2076

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

„სახალხო პარტიის“ სახელით გილოცავთ დაბადების 88 წლისთავს. ჯანმრთლელობას, გამძლეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს გისურვებთ, თქვენო უწმიდესობავ, რათა კვლავ წაუძღვეთ ერს ღვთის სადიდებლად, სამშობლოს გასაძლიერებლად და ადამიანთა საკეთილდღეოდ!

უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს იმ ერს თავი, რომელსაც უფალმა, ძნელბედობის ჟამს, ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის სიბრძნემ და წინდახედულობამ, ურთულეს პერიოდში, ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა მისი ავტორიტეტი, არათუ მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ სხვა სარწმუნოების ჩვენს მოქალაქეებშიც და ანგარიშგასაწევ ძალად აქცია იგი საერთაშორისო სარბიელზე.

საბჭოთა პერიოდში საქართველოს ეკლესია ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს ისტორიის თანამედროვეობასთან, თაობათა შორის კავშირის უწყვეტობისა და მუდმივობის გამომხატველი ერთადერთი ლეგალურად მომქმედი ინსტიტუტი იყო და, ბუნებრივია, რომ 70 –იანი წლების ბოლოს, როცა ახალგაზრდობამ დავიწყეთ ფიქრი ამ სამყაროში ადამიანის დანიშნულებაზე და ვეძებდით ჩვენს ადგილს საქართველოს მიმდინარე ცხოვრებაში, ჩვენი მზერა მიიპყრო საქართველოს ეკლესიამ, სადაც თვალსაჩინო ხდებოდა საბჭოთა გავლენისგან თავისუფალი და მაღალი სულიერების მქონე სასულიერო პირთა ძალიან მიმზიდველი და საინტერესო მოღვაწეობა. მეუფე ილიას სახით იკვეთებოდა საქართველოს ახალი სულიერი ლიდერი, რომელმაც ტაძრები ახალგაზრდების გულანთებულ ქრისტიანებად და, შესაბამისად, პატრიოტებად ჩამოყალიბების კერებად აქცია.

საქართველოს ეკლესიამ ფართოდ გაუღო კარები და თბილად ჩაიკრა გულში თავისი შვილები. ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით როცა საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გაცნობის პატივი გვერგო წილად. მან ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ მაშინ ვიპოვეთ ქართული იდეის და საქმის გამომხატველი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი და მფარველი. მან გვაპოვნინა საკუთარი თავი, პიროვნული თავისუფლების მოპოვების და ცხოვრებაში დამკვიდრების გზა.

ყველანაირად ხელს გვიწყობდა, რომ სწორი გზით წავსულიყავით. მივყავდით უფლისკენ და ამავდროულად, ის გახდა ჩვენთვის სულიერი მეკავშირე ჩვენს წარსულთან, საქართველოს მეფეებთან და პატრიარქებთან, წმინდა მამებთან და თავდადებულ მამულიშვილებთან. გვაგრძნობინა წარსულის სუნთქვა და სულისკვეთება, დაგვაფიქრა აწმყოზე და მოგვცა მომავლის იმედი. მან ახლად გაგვააზრებინა საქართველოს საკაცობრიო მნიშვნელობა.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ახლო ურთიერთობა გვქონოდა მასთან და გვქონდა ისეთი განცდა, რომ მისი სახით არამარტო მოქმედ პატრიარქს ვეხებოდით, არამედ ვეხებოდით ცოცხალ მრავალათასწლოვან საქართველოს ისტორიას.

მისი უწმინდესობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამოვსებულიყო ის სიცარიელე, ქართველი ერის ისტორიაში ის წყვეტა, რაც ბოლშევიკების შემოსვლიდან მის აღსაყდრებამდე იყო. პატრიარქი თავად გახდა ხიდი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.

პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ სიონის ეზოში სულ ახალგაზრდული ხმები ისმოდა. მოკლე პერიოდში მრევლის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზო გახდა დისიდენტების თავშესაყარი, რომლებიც პატრიარქისგან ყოველთვის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდნენ (შედარებისთვის, რუსი დისიდენტების შეხვედრის ადგილები მაიაკოვსკის და პუშკინის ძეგლების გარშემო იყო). ამ პროცესით ეკლესიამ შეუწყო ხელი პიროვნებების დისიდენტური საქმიანობის გარდაქმნას მძლავრ ეროვნულ მოძრაობად. ჩვენ პატრიარქის ფრთებქვეშ ვიყავით შეფარებული. ბევრი პრობლემა შექმნია მას იმის გამო, რომ სტიქაროსანთა უმეტესობა ეროვნული მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები იყვნენ, მაგრამ ერთხელაც არ უგრძნობებია ეს მას ჩვენთვის.

სწორედ მისი უწმინდესობა იყო და არის ეროვნული მოძრაობის ლიდერი. მისი უწმინდესობის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული იდეა და მოძრაობის ძირითადი ბირთვი, სწორედ სიონის ეზოში და ტაძრის საკურთხეველში ჩამოყალიბდა. სიონიდან ეწოდებოდა საქართველოს სიმართლე. მისი უწმიდესობის ქმედებები, ეპისტოლეები და ქადაგებები მხოლოდ რელიგიური დატვირთვის მატარებელი არ არის, ამავე დროს მათში ჩვენი ცხოვრების წესის განსაზღვრის და ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი და ცხოვრებისეული მთავარი ღირებულებებია წარმოდგენილი. ისინი, ფაქტიურად, ეროვნული მოძრაობისთვის სამოქმედო ორიენტირებად იქცა.

მისი უწმინდესობა, თავისი დიდი რწმენით, ლოცვის მადლით, სიმტკიცით, სულიერი ფუნქციითა და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მისი როლით მუდამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში იყო და არის.

მან ათეისტური, წარმართული და გზააბნეული “საბჭოთა ხალხი” მორწმუნე ადამიანებად გვაქცია. შეიძლება ითქვას, რომ თითო-თითოდ შეგვკრიბა ტაძარში. ყველა გადაარჩინა ვინც უფალმა მისცა. პირადი ცხოვრებით გვაჩვენა თუ როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მასში ცოდვა გძულდეს, იყო ადამიანებთან რბილი და თბილი და ამავდროულად, მათთან საქმეში პრინციპული, მტკიცე და შეუვალი.

მთელი სიდიადით დაგვანახა ვახტანგი, დავითი, ილია... მათი მოღვაწეობა და ხედვები გახადა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ფასეულობებად. (მისტიური საუბარი ერთან. მაგ. 1987-ში ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ ერში მის იდეებზე სწორება განაპირობა).

საქართველოსთვის მძიმე დღეებში უწმინდესი ყოველთვის იქ იდგა, სადაც ერის სულიერი მამა უნდა მდგარიყო. მე იმ იშვიათ ადამიანთა შორის ვიყავი, რომელიც ასეთი წუთების დროს მის გვერდით აღმოჩნდა. კარგად მახსოვს 1988 წლის 28 ნოემბრის ღამე. მაშინ მთავრობის სახლთან მისვლა ბევრ პოლიტიკოსსა და ცნობილ პიროვნებას შეეშინდა. მისი უწმინდესობა კი მობრძანდა და სანამ საფრთხე იყო მოშიმშილეთა შორის მდუმარედ იდგა. ყველას ემახსოვრება 1989 წლის 9 აპრილი. მაგრამ, შეიძლება, ყველამ არ იცოდეს, რომ დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოლაპარაკების მომიზეზების საბაბით ის იქიდან გაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ მისმა ბოლო მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, შენობაში არ შეჰყვა მათ და, ვნახე პატრიარქი, რომელმაც გაარღვა მილიციის კორდონი და დაბრუნდა მოშიმშილეებთან.

მახსოვს 1991 წლის თბილისის ომიც. იმ საშინელ დროს პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. ის მზად იყო დაპირისპირებულთა შორის ჩამდგარიყო, თავიც კი გაეწირა, ოღონდ ქართველს ქართველზე ხელი არ აეწია. აფხაზეთის ტრაგედია მის პირად ტრაგედიად იქცა. 2008 წლის აგვისტოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი შესვლა და სხვა მრავალი გვახსოვს.

გართულებული კოვიდპანდემიის პირობებშიც გამოაჩინა ერის ლიდერის თვისებები - თავად ყველაზე მძიმე რისკ-ჯგუფში მყოფს ერთი წამითაც არ შეუწყვიტია ღვთის დიდება და ზრუნვა ადამიანებზე. მუდმივად აღავლენდა წირვა- ლოცვას, უფალს ავედრებოდა საქართველოს და ამხნევება ერს და მოუწოდებდა მაქსიმალურად დაეცვათ სამედიცინო დარგის სპეციალისტთა რეკომენდაციები.

თქვენო უწმიდესობავ, გვინდა თქვენი ღვაწლის გამო შეგკადროთ უღრმესი მადლობა და ამასთან ერთად, სინანული გამოვთქვათ, რომ ვერ შევძელით თქვენი შესაბამისი ღირსეული სულიერი შვილობა. ვერ შევძელით, სამოქალაქო სივრცეში ჩვენი წილი პარტნიორობა გაგვეწია თქვენთვის.

გთხოვთ პატიებას, რომ ჩვენი ქმედებებით ბევრჯერ გული გატკინეთ, ვერ შევაჩერეთ მრავალი ნასროლი ქვა, რომელიც უღირსმა ადამიანებმა თქვენი მიმართულებით ისროლეს.

ისროლეს რათა ხელი შეეშალათ საქართველოს ეკლესიის მამამთავრისთვის, საქართველოში ყველზე გამორჩეული ფიგურისათვის, რომელიც გაშლილად, დიდი მასშტაბით ამკვიდრებს ერში აბსოლუტურ ზნეობრივსა და მორალურ ღირებულებებსა და სტანდარტებს; გახლავთ ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტი (როგორც გარე მტრების, ასევე შიდა კუთხურობისა და ფედერირების წინააღმდეგ).

დღეს ახალი ამოცანებია გადასაჭრელი. საქართველოს პატრიარქი ცხოვრების ამაღლებულ მიზნებს, უსახავს არა მხოლოდ სულისა და გონების ელიტას, არამედ თითოეულ ადამიანსაც. იგი უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის თვითმყოფადობას, ღმერთთან, ცხოვრებისა და კეთილდღეობის უმთავრესს წყაროსთან, მის კავშირს. ახალი მოწოდებით _“ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”_ მიისწრაფვის, რომ გათითოკაცებული ქართული საზოგადოება იხილოს, როგორც თავისი უფლებებისა და მოვალეობების მცოდნე და დამცველი თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, ერთიანი შეკრული მრევლი, რომელიც ძლევს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

მამუკა გიორგაძე

 

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way