USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
პატრიარქი: საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც
Date:  615

წიგნის - ,,საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ წარდგენისას კათოლიკოს-პატრიარქი წერილით ეხმიანება.

უწმინდესის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს საზოგადოებას წარედგინება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი - ალბომი, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედ სალოცავებს როგორც მართლმადიდებლურს, ისე სხვა ქრისტიანულსა და არა ქრისტიანულს. იგი, ფაქტობრივად, გაგრძელებაა წინა გამოცემებისა, - ,,თბილისში მოქმედი სალოცავები - საკულტო ნაგებობები“ (როგორც ამას ავტორები უწოდებენ) და ,,ოკუპირებული მემკვიდრეობა“.

ამ წიგნებით დასრულდა აღწერა საქართველოში მოქმედი ტაძრებისა და სალოცავებისა და აღსრულდა უდიდესი საქმე, - შედეგი არაერთი ადამიანის თავდაუზოგავი შრომისა, წარმომჩენი ჩვენი მრევლის, ჩვენი მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების მუშაკობისა;

მოცემული მასალა ნათლად ასახავს, შედარებით მცირე პერიოდში თუ რამდენი ტაძარი აღდგა, რესტავრირდა და რამდენიც ახლად აშენდა სადიდებლად ღვთისა და სამსახურებლად ერისა ჩვენისა. ეს არის XXI საუკუნის I მეოთხედის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სულიერი ფოტო-მატიანე.

წარმოდგენილი ნაშრომები თავისთავად ითხოვს გაგრძელებას. ვგულისხმობ თუნდაც იმ ეკლესია-მონასტრებსა და სალოცავებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ არის მოქმედი ან ნანგრევის სახითაა შემორჩენილი. მათი აღწერაც მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია გასაკეთებელი საქმის შესახებ. ასევე, სასურველია, საზღვარგარეთ არსებული ჩვენი ეკლესიების წარმოჩენაც...

მინდა დავლოცო ბატონი ზაზა ვაშაყმაძე, რომლის მონდომებით და ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული წიგნების დაბეჭდვა და არაერთი სხვა უმნიშვნელოვანესი გამოცემა; დავლოცო მისი სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი და შემდგომი წარმატებები ვუსურვო მათ საღვთო და საქვეყნო საქმეთა აღსრულებაში.

საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც. მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს.

შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო, ამინ“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წერილში.

ალბომის - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ წარდგინება შედგა, რომლის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სხვა პირებმა მიმართეს.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way