USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა
дата:  

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გამართა.


პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ცხოველთა უფლებების დამცველები ესწრებოდნენ.


საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც პარლამენტის კომიტეტებში უახლოეს დღეებში დაიწყება, ასევე მოიცავს თანმდევ კანონპროექტებს, კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, „სისხლის სამართლის კოდექსში“ცვლილებებს და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს.


კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის ივნისში შევა ძალაში, მიზნად ისახავს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვას.


კერძოდ, კანონპროექტი კრძალავს ცხოველთა მიტოვებას და ქუჩაში გაგდებას. ასევე, განისაზღვრება ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები და მათი ფუნქციები. ცხოველის მეპატრონის ან მიმკედლებლის ვალდებულებები და ცხოველის გამრავლება-პოპულაციის, საჭიროების შემთხვევაში სტერილიზაცია-კასტრაციის საკითხები.


კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება კერძო თავშესაფრის შექმნისა და საქმიანობის სფეროები. ასევე საშენის ავტორიზაცია და ფუნქციონირება. კინოლოგიური დაწესებულებების მოვალეობები და უფლებები. ცხოველის ბინაში ყოლისა და მისი მოვლა-პატრონობის წესები.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვის დროს რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების პასუხისმგებლობაზე.


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ვდგავართ ერთ მხარეს - ეს არის ცხოველების უფლებები და ადამიანის უფლებები და ის, რომ ადამიანებმა არ დავარღვიოთ ცხოველების უფლებები. დღეს, თუ ჩვენ გვაქვს ეს გამოწვევა, ეს არის ჩვენი, ადამიანების ბრალი, ამიტომ ადამიანებმა ჩვენი ქცევა უნდა დავარეგულირეთ ისე, რომ არ შევუქმნათ პრობლემა საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს და არ შევუქმნათ პრობლემა ჩვენს გარემოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო და ღია დისკუსია, რადგან ეს არ იყოს თავს მოხვეული საკითხები და კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები ყველამ ერთად გაიაზროს.


როგორც კანონპროექტის პრეზენტაციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, ამ დღეებში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით,რომელიც ზოგჯერ მიზანმიმართულიც იყო და გახდა სიმულაციების და აგრესიის წინაპირობა.


მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რომ საჭიროა არსებობდეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც პირველ რიგში დაარეგულირებს ადამიანის ქცევას.


„როდესაც ბუნებაზე და ცოცხალ არსებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ადამიანის ქცევა უნდა გავაკონტროლოთ, სწორედ ადამიანის ქცევის უკონტროლობის შედეგია ის, რომ დღეს უამრავი ქუჩაში გაგდებული ძაღლია და პრობლემამ უკვე საკმაოდ ფართო მასშტაბი მიიღო. კარგად გვესმის, რომ ეს საკითხი საკმაოდ მტკივნეულია და საზოგადოების ფართო წრეს ეხება. ამასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. შესაბამისად, კანონპროექტის შემუშავების პროცესში 60-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაინტერესებული პირის მონაწილეობით. ოთხი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა და მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით შევჯერდით კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც უკვე წარმოდგენილია პარლამენტში. ჩვენი კომიტეტი აქამდეც ღია იყო და კვლავაც გვექნება საშუალება, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოსაზრება, რომელიც მიმართული იქნება კანონპროექტის შემდგომი დახვეწისკენ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისივე ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში კომიტეტი თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI), რომელმაც სოციოლოგიური კვლევები ჩაატარა და გამოიკვლია, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი (ეროვნული მასშტაბით 56% ) აფიქსირებს, რომ ჰყავს ძაღლი.


მათი შეფასებით, ასეთი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ძაღლის მეპატრონეების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძაღლის საკუთრებაში აყვანას თან სდევს. რაც საბოლოოდ იმას იწვევს, რომ უმრავლესობა ვერ უძლებს ძაღლის ქცევას და ძაღლი საბოლოოდ ქუჩაში ხვდება.


„ხაზგასმით ვამბობ, წინ რამდენიმე თვე გვაქვს, ვიდრე კანონპროექტს საბოლოოდ დავამტკიცებთ. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც საჭირო იქნება კანონპროექტის კორექტირებისთვის. კანონპროექტი არის დიდი, რთული და საკმაოდ დიდ ვალდებულებებს აკისრებს როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე მუნიციპალიტეტებს. დიდი რაოდენობით სახსრებია გასაღები იმისთვის, რომ კანონპროექტი სრულად ამოქმედდეს, ასევე საჭიროა დრო და მოთმინება, რომ რამდენიმე წელში ქუჩაში გაგდებული ცხოველი არ იყოს და ყველა ადამიანი, რომელიც უკანონოდ გაამრავლებს, ან ქუჩაში გააგდებს ძაღლს ან კატას, მკაცრად დაისაჯოს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის შემდეგ, დისკუსია გაიმართა.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати