USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა
თარიღი:  661

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 83-ხმით, ერთხმად მიიღეს.

საკანონმდებლო პაკეტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი - მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ამავე ცვლილებების ფარგლებში "ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს. პირველი მოსმენით მიღებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეს.

ამასთან, როგორც პლენარულ სხდომაზე მომხსენებელმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, “გარკვეული ლოგიკიდან გამომდინარე“ 9-თვიანი ვადა შესაძლებელია კიდევ უფრო შემცირდეს. მისი თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მეორე მოსმენით განხილვისას იქნება მიღებული.

მოქმედი კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

პარტიის საქმიანობა, ასევე შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს.

პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის