USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალ ავტომობილს ყიდულობს
Date:  

საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება.

პარლამენტი გეგმავს, რომ ავტომობილების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2024 წელს 5.5 მილიონი ლარი, 2025 წელს კი 1.1 მილიონი ლარი გადაუხადოს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანახმაა საქართველოს პარლამენტმა 60 (სამოცი) ერთეული I კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მრავალწლიანი შესყიდვა განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ 2024 გათვალისწინებულია 5 557 800.0 ლარი, ხოლო 2025 წელს გათვალისწინებული იქნება 1 154 430.0 ლარი, (ჯამური ღირებულება 6 712 230.0 ლარი)", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე თანდართულ დოკუმენტაციაში.

დოკუმენტაციის თანახმად, შესასყიდი ავტომობილის სიგრძე არანაკლებ 4.83 მეტრი, ხოლო სიგანე არანაკლებ 1.79 მეტრი იყოს. დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილებს არანაკლებ 195 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way