USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
პარლამენტარიზმის ისტორია საქართველოში
თარიღი:  1320

1919 წლის არჩევნები

პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. მოსახლეობამ აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება.

არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით ჩატარდა. მასში 15 პარტია მონაწილეობდა. ხმათა უმრავლესობა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და დამფუძნებელთა კრებაში 103 წევრი გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის იყო 5 ქალბატონი.

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა. კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღე იმუშავა, რადგან 25 თებერვალს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 

1991 წლის 14 აპრილს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს. ამ დროისთვის, უზენაეს საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩევნები კონკურენტული არ ყოფილა, კამპანიის უპირობო ლიდერი უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო. გამარჯვებისათვის კანდიდატს  არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერა უნდა მიეღო. ზვიად გამსახურდიამ ხმათა 87,03% მოიპოვა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია კომუნისტური პარტიის წარმომადგენელს.

1992 წლის საპარლამენტო არჩევნები

 

1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო დროებით შექმნილმა სამხედრო საბჭომ. მოგვიანებით სამხედრო საბჭომ ძალაუფლება გადააბარა სახელმწიფო საბჭოს, მისი არსებობისთვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, საჭირო იყო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამისთვის 1992 წლის შემოდგომაზე დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში იმ დროისთვის მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას, დევნილი პრეზიდენტის პარტიის გარდა.

არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. მისი ჩატარების წესი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა არჩევნებისაგან. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩიეს 75 დეპუტატი, პროპორციული სისტემით კი 150 დეპუტატი. საარჩევნო ბარიერი 2% იყო.

1995 წლის  საპარლამენტო არჩევნები

 

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.

მასში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღისთვის.

არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტის 235 მანდატიდან 150 მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა პარტიებზე, 85 დეპუტატი კი აირჩეოდა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებიდან. აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის გამო არ დანიშნულა არჩევნები, ამიტომ აფხაზეთის დეპუტაციას უფლებამოსილება გაუგრძელდა. აფხაზეთის წარმომადგენლობა შედგებოდა 12 დეპუტატისაგან.

1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 

ეს არჩევნები იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიი­ღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწი­ლეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნები

 

მმართველი პარტიის, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სლოგანი იყო "სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე". მისი მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე ასლან აბაშიძის ბლოკი "აღორძინება" იყო. არჩევნებში მონაწილეობა 45–მა პარტიამ მიიღო.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 

ეს იყო რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. გაიმარჯვა კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომლის მთავარი კონკურენტიც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. მათ გარდა, არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნები

 

არჩევნები ვარდების რევოლუციას მოჰყვა. 2003 წლის არჩევნების შემდეგ გაყალბებულმა შედეგებმა მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი გამოიწვია, რომლის შედეგადაც  გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თავის მხრივ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები - უფრო კონკრეტულად, მისი პროპორციული ნაწილი, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები კი ძალაში დატოვა.

ხელახალი არჩევნების ორგანიზებამდე, 1999 წლის მოწვევის მანდატი მოქმედებდა.

არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იგი მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 

ეს იყო პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში. არჩევნები2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილს 5 კონკურენტი ყავდა; არჩევნები ვარდების რევოლუციის ლიდერის გამარჯვებით დამთავრდა - სააკაშვილმა ხმათა თითქმის 97% მიიღო.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 

2007 წლის 7 ნოემბრის აქციების შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა - მანდატის განახლების მიზნით. სააკაშვილმა თანამდებობა ნოემბრის ბოლოს დატოვა, მორიგი რიგგარეშე არჩევნები კი 5 იანვარს ჩატარდა. სააკაშვილის მთავარი და წონიანი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე იყო, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა მიიღო, არჩევნებში მონაწილეობდა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილიც, რომლის მხარდაჭერაც დაახლოებით 140 ათას ხმაში გამოიხატა.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები

 

არჩევნებში ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები იყვნენ მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ცხრა ოპოზიციური პარტიით წარმოდგენილი გაერთიანებული ოპოზიცია.

არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდნენ რესპუბლიკური პარტია და საქართველოს ლეიბორისტული პარტია. გამოჩნდა ახალი პარტიაც - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც იმ დროის პოლიტიკური პროცესების აქტიურმა მონაწილე ჟურნალისტებმა დააარსეს ტელეკომპანია იმედიდან.

ამ არჩევნებზე, შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით, უკვე 150 დეპუტატი აირჩეოდა. პროპორციულ სისტემაზე საარჩევნო ბარიერმა 7%–დან დაიწია 5%–მდე, ამასთან მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო გახდა კენჭისყრის დღეს კანდიდატს მიეღო ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-იანი მხარდაჭერა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე, საზოგადოებისთვის იქამდე პრაქტიკულად უცნობი ფიგურა, ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა. მილიარდერმა ირგვლივ ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა შემოიკრიბა. წინასაარჩევნო კამპანიამ და არჩევნებმა დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე ჩაიარა და არჩევნების დღემდე რთული იყო მისი შედეგების წინასწარმეტყველება.

პროცესებს მნიშვნელობას კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მატებდა, რომელმაც პარლამენტის მნიშვნელობა არსებითად გაზარდა მთავრობის დაკომპლექტების თვალსაზრისით. არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მმართველი პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გავიდა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელობით უჩვეულო იყო. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიკვეცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ამან განაპირობა თვისებრივად განსხვავებული საარჩევნო კამპანიაც და წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი აქტივობაც.

2016 საპარლამენტო არჩევნები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი იყო. ძირითადი შეჯიბრი მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარეობდა. არჩევნებმა, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ქვეყანაში დაძაბულად ჩაიარა.

წინასაარჩევნო პერიოდი მოიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველი და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების რამდენიმე სერიას. ქართულ ოცნებას გამოეყო ორი პარტია – რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები. 

ქართულმა ოცნებამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ველზე რამდენიმე ახალი პარტია გამოჩნდა, ქართული ოცნებისა და ენმ-ს გარდა ერთადერთი პარტია, რომელმაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო, პრორუსული პატრიოტთა ალიანსი აღმოჩნდა. ვერც რესპუბლიკური პარტია და ვერც თავისუფალი დემოკრატები მე-9 მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ. 

არჩევნებიდან 3 თვეში მთავარი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორად გაიყო. 27 დეპუტატიდან 21-მა ახალი პარტია ევროპული საქართველო შექმნა. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ფორმალურად არაპარტიული კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წარადგინა. არჩევნებში 25 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. კანდიდატების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა - სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო).

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა კანდიდატებმა ჯამში 953 744 ხმა მიიღეს, მათგან ყველაზე მეტი - 601 224 - გრიგოლ ვაშაძემ, რითიც ის სულ რაღაც 0.9%-ით ჩამოუვარდა მმართველი გუნდის ფავორიტ კანდიდატს.

პირველი ტურის შემდეგ ქვეყნის უმეტეს ადგილას პრეზიდენტობის კანდიდატის ბანერები ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერების ბანერები დაკიდეს. ამავდროულად, გამოჩნდა ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ბანერებიც, სადაც ოპოზიციური ლიდერები სისხლის ფონზე იყვნენ გამოსახულები. სამთავრობო მედია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების "შავ სიაში" მყოფ 600 000 ადამიანს ვალების განულებით დაპირდა. აქტივები ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკმა შეიძინა. არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ეს არჩევნების მოსყიდვად შეფასდა. 

მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობამ 10%-ით გადაასწრო პირველი ტურის აქტიურობას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა საქართველომ მეორე ტურში მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას, მისი გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა, ძალადობრივი ინციდენტები - ასეთი იყო ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნა.

მორიგი არჩევნები საქართველოში ა.წ. 31 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა; 2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ისტორიულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რის საფუძველზეც საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდა - 120 დეპუტატი პროპორციული წესით 1%-იანი ბარიერით, 30-ი კი მაჟორიტარული წესით აირჩია მოსახლეობამ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, ხოლო ხმათა უმრავლესობა - 48,15 % მოქმედმა მმართველმა გუნდმა მოიპოვა და მთავრობის დაკომპლექტების უფლება მოიპოვა. აღნიშნულ შედეგებს არ ეთანხმება არც ერთი ოპოზიციური ძალა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.