USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
პარიზი-2024-ის გახსნის ცერემონიაზე დელეგაციათა აღლუმს 326 ათასი ბილეთიანი მაყურებელი მიადევნებს თვალ-ყურს
თარიღი:  809

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალ დარმანიმ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაახმოვანა. მისი თქმით, მდინარე სენაზე თამაშების გახსნის ცერემონიისთვის გაიყიდება ან გავრცელდება არა 700 ან 600 ათასი ბილეთი, არამედ 326 ათასი.

ირკვევა, რომ პარიზი-2024-ის ორგანიზატორები თავდაპირველ ჩანაფიქრზე უარს ამბობენ. კერძოდ, შეიცვალა შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც აღლუმის თვითმხილველთა დაახლოებითი რაოდენობა 2 მილიონიდან გონივრულ ციფრებამდე - დაახლოებით 600 ათასამდე დავიდა. რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უსაფრთხოების სამსახურების პოზიციამ, რომლებსაც ასეთი მასშტაბის ღონისძიებებზე ტერაქტების მომატებული საფრთხე აშინებთ.
მიუხედავად ამგვარი შეზღუდვისა, პარიზი-2024-ის გახსნის ცერემონია თავისებურ რეკორდს მაინც დაამყარებს - დამსწრეთა რაოდენობა ოთხჯერ მეტი იქნება უმაღლესი დონის საერთაშორისო სტადიონის ტევადობაზე. თუ აქამდე გახსნის ცერემონიები მთავარ მძლეოსნურ სტადიონებზე ტარდებოდა, რომელსაც ოლიმპიურ სტადიონებად მოვიხსენიებთ, პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნა პირველად ჩატარდება სტადიონს მიღმა.
„ქვედა ტერასაზე შეძენილი ბილეთების მქონე 104 ათასი მაყურებელი გვეყოლება, ზედა ტრიბუნაზე კი უფასო ბილეთების მქონე 222 ათასი ადამიანი განთავსდება,“ - განმარტავს დარმანი.
მინისტრი ასევე დასძენს, რომ 26 ივლისს, ღია ცის ქვეშ, მდინარე სენას გასწვრივ გახსნის ცერემონიას მიმდებარე შენობებიდან დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იხილავს. გახსნის ცერემონიას დამატებით 50 ათასი მაყურებელი ეყოლება პარიზის ფან-ზონებიდან. მაყურებელთა რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა რთულია, მაგრამ მათი რიცხვი მთლიანობაში ბილეთიანი მაყურებლის, სტუმრების და შენობებზე მოთავსებული ადამიანების გათვალისწინებით, 500-დან 600 ათასამდე იქნება.
XXXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა სცენარი არსებითად განსხვავებულია წინამორბედებისგან. გახსნა ღია ცის ქვეშ, მდინარეზე ჩატარდება, რომლის არხშიც 180 ნავი დაახლოებით 6 კილომეტრს გაცურავს. მათ შორის 94 ნავი სპორტსმენებისთვის იქნება განკუთვნილი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ირკვევა, რომ რისკების შესამცირებლად საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურების მეშვეობით დაახლოებით მილიონი ადამიანი გაივლის სკანირებას. მათ შორის ათლეტები, ჟურნალისტები, პირადი მცველებიც და ისინიც, ვინც საკვანძო ინფრასტრუქტურასთან ცხოვრობენ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის