USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
თბილისი
პანთეონი - მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს
თარიღი:  5704

 პანთეონი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ყველა ღმერთს. ძირითადად ეს არის ტაძარი, რომელიც არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ღმერთს, არამედ ყველას ერთად ემსახურება. ასეთი პანთეონი მთელ კასტას შეესატყვისებოდა თავისით. მაგალითად, თუ ეს იყო კასტა ქურუმების, მათ შეესაბამებოდა ძალიან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული ღმერთი, რომელიც ჩვენი მორიგე ღმერთი იყო: ბერძნებისთვის – ზევსი, რომაელებისთვის – იუპიტერი…  თუ სამხედრო წოდების ღმერთები იყვნენ: ტორი, მარსი, არესი და ა.შ. ეს ტერმინი შემდგომში იქცა იმ აკლდამების აღსანიშნავად, სადაც ღმერთებივით პატივსაცემ ადამიანებს კრძალავდნენ.

ძველ საბერძნეთსა და რომში პანთეონებს ღმერთების სადიდებლად აშენებდნენ, ხოლო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ეს სახელი უკვე გამოჩენილ ადამიანთა სასაფლაოებს უწოდეს ლონდონში, პარიზში და სხვა ქალაქებში. დღესდღეობით მსოფლიოში არსებული 20 - მდე პანთეონიდან 5 მხოლოდ თბილისშია (მთაწმინდის, დიდუბის, საბურთალოს, მახათის და სომხური) და თითო-თითო ბათუმსა და ქუთაისში..

ცივილიზაციების შეფასების ერთ-ერთი საზომი გარდაცვლილებისადმი დამოკიდებულებაა. სასაფლაოები კი ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის გასაგებად - ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. მსოფლიოში ბევრი ცნობილი სასაფლაოა: ადამიანები განისვენებენ კატაკომბებში, მავზოლეუმებსა და პანთეონებში. არსებობს უბრალოდ ცნობილი სასაფლაოები, სადაც ბევრი გამოჩენილი ადამიანია დაკრძალული. ამ ნიშნით, საკრალურმა სივრცემ, რომელიც ტრადიციულად დაკრძალვისა და მიცვალებულებთან ურთიერთობისთვის გამოიყენება, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებასთან ერთად ეკონომიკური ფუნქციაც შეიძინა. თანამედროვე სამყაროში ცნობილი სასაფლაოები ტურისტულ ღირშესანიშნაობად ტრანსფორმირდა და მოგზაურთა მარშრუტების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საქართველოში რამდენიმე ცნობილი სასაფლაოა და ყველას პანთეონი ჰქვია.

არსებობს ასევე ისეთი ცნობილი სასაფლაოები, როგორებიცაა არლინგტონის სასაფლაო აშშ-ში, სადაც სამხედროები არიან დაკრძალულნი; ცენტრალური სასაფლაო ვენაში; უძველესი ებრაული სასაფლაო პრაღაში; დაკიდული კუბოების სასაფლაო ფილიპინებში; "მხიარული სასაფლაო" რუმინეთში ირონიული ეპიტაფიებით და სასაფლაოები, სადაც ადამიანის დაკრძალვა ძალიან ძვირი ღირს.

პანთეონი გულისხმობს, რომ ნაციას ასეთი კაცი ჰყავს სულ რამდენიმე და არა 1000, არა 5000 და ა.შ. მაგალითად, საფრანგეთში მწერლებიდან პანთეონში დაკრძალეს ჰიუგო, დიუმა და ზოლა. იქ არ არის ბალზაკი, კორნელი, სტენდალი, მარსელ პრუსტი და ა.შ. ანუ ძალიან ცოტა უნდა იყოს.

ქართველთა თავისებურებიდან გამომდინარე მთაწმინდაზეც კი ჩვენ უფრო მეტი „უკვდავი“ გვყავს, ვიდრე ფრანგებს პანთეონში. სულ დაახლოებით  6400-მდე ადამიანი განისვენებს საქართველოს პანთეონებში.

1893 წლის აპრილში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" პირველი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი დაუკრძალავს შემდგომში პანთეონად გამოცხადებულ დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის სასაფლაოზე. პანთეონი ოფიციალურად 1915 წლის 26 მაისს დაუფუძნებიათ. იქ გამოჩენილ მოღვაწეთა და იმ ქველმოქმედთა ნეშტი დაიკრძალებოდა, ვისაც ეროვნული საქმისთვის სულ ცოტა, 10.000 მანეთი ექნებოდა შეწირული... საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1928 წლის 9 მაისს, თბილისის საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმმა რამდენიმე სასაფლაო, მათ შორის მთაწმინდისა და დიდუბისა, დახურა. 1938 წელს დიდუბის პანთეონის საერთოდ დახურვის განკარგულებაც გაუციათ, მაგრამ საზოგადოების აღშფოთების გამო ახალ შესაძლებლობათა გამონახვამდე"თავი შეუკავებიათ.

მთაწმინდის პანთეონი მოგვიანებით დაარსდა. მამადავითის ეკლესიის შემოგარენში პანთეონის დაარსების იდეა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში გაჩნდა და ოფიციალურად 1929 წელს გაიხსნა - იქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე. სხვადასხვა წლებში, დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს ვაჟა ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი...

საბურთალოს პანთეონი ძველი და ახალი პანთეონებისგან შედგება. ძველი 1970-იანი წლების დასაწყისში, ახალი კი 2002 წელს გაიხსნა.

160 წლის განმავლობაში შექმნილი თბილისის პანთეონები ზედმეტად გაივსო, რის გამოც 2016 წელს დედაქალაქის მერიამ მახათას მთაზე ახალი პანთეონის მოწყობა გადაწყვიტა და დღეს ეს პანთეონიც მოქმედია.

საყურადღებოა, რომ, მახათაზე პანთეონის გახსნის აზრი, „ცოცხალი“ კულტურის მოღვაწეების ნაწილისთვის მიუღებელი (ასე შორს არისო) აღმოჩნდა, მათ იდეა გააპროტესტეს და მერიას დიდუბის პანთეონის გაფართოების თხოვნით, ღია წერილით მიმართეს.

პანთეონი ყველა ქვეყანას აქვს, რათა გამოჩენილი მოღვაწეები დაკრძალოს, თუმცა პანთეონში ადამიანის დასვენების გადაწყვეტილებას მისი გარდაცვალებიდან 20-30 წლის შემდეგ იღებენ, როდესაც მისი სახელი საზოგადოებრივი აზრის გამოცდას უძლებს და საზოგადოებაში ერთგვარი კონსენსუსი ყალიბდება ამ საკითხის ირგვლივ. მაგალითად, საფრანგეთში, ალექსანდრე დიუმა პანთეონში 150 წლის შემდეგ გადაასვენეს.

საქართველოსთვის მთაწმინდის პანთეონიც მრავალი საუკუნის განმავლობაში საკმარისი იქნებოდა, თუ იქ მხოლოდ ის ადამიანები დაიკრძალებოდნენ, ვინც იმსახურებდა. უპრიანი იქნებოდა ვინც ვერ იმსახურებს მთაწმინდის პანთეონს, მათი საფლავები ნელ–ნელა სხვაგან გადაგვეტანა, ხოლო ყველა სხვა პანთეონებისთვის სახელი შეგვეცვალა, თუნდაც რაიმე სხვა განსაკუთრებული სტატუსი მიგვეცა, რომ გული არ დაგვეწყვიტა ეროვნული თავმოყვარეობისათვის. მსოფლიოში ცოტაა ერი რომელიც 50-ზე მეტი გენიოსით ამაყობს და ალბათ არც ჩვენთვის იქნება ძნელი ამ აზრთან შეგუება, მით უმეტეს, რომ ადამიანების დასაკრძალი ადგილის მიხედვით დიფერენცირება არც ადამიანური და არც რელიგიური თვალსაზრისით გამართლებული არ არის და ერთი ადამიანი მეორეს წინ არ უნდა დააყენო. მაგრამ რახან მსოფლიოს ტრადიცია მსგავს პანთეონებს უკვე მე-17 საუკუნიდან იცნობს, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი ამ მხრივ და კარგი იქნება დანარჩენ სამყაროს არა პანთეონების რაოდენებით, არამედ იქ  დაკრძალული გენიოსების რიცხვით და ხარისხით თუ მივუახლოვდებით.

ბუნებრივია ამ წინადადების რეალიზებას, საზოგადოების თანხმობა და მაზაობა ჭირდება, რისთვისაც ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, მაგრამ დრო ალბათ ყველაზე ბრძენი შემოქმედია და თავის დროზე ამ პრობლემასაც თვითონ მოაგვარებს.

ბუნებრივია ჩვენ ვიცავთ დაუწერელ კანონს: de mortuis aut bene aut nihil (მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს) და არ დავიწყებთ აქ იმის გარჩევას თუ ვინ იმსახურებს და ვინ არა პანთეონში ადგილს, მაგრამ თუ საკუთარ ისტორიას არ გადავაფასებთ რეალურ ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობით, მაშინ დიდი ალაბათობით კიდევ დიდხანს მოგვიწევს ყალბი და საბჭოთა პროპაგანდის ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული უახლოესი ისტორიით ტკბობა.

თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე შეიძლება ჩვენი მოსაზრება საკამათო იყოს, და კარგად გვესმის, რომ ამ საკითხზე ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ მაგრამ ერთს მაინც ვიტყვით - მთაწმინდის პანთეონის ოფიციალური გახსნა, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავს დაამთხვია და  მთაწმინდაზე მამადავითის ეკლესიის ეზო ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.

ასე „უკვდავყო“  საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში რუსი დიპლომატის გრიბედოვის სახელი, იმ გრიბოედოვის, რომლის ღვაწლი საქართველოს წინაშე დიდი კითხვის ქვეშ დგას და რომელიც ქართველთა „სიძის“ სტატუსით ხშირად საქართველოს წინააღმდეგ და მის არაკეთილმოსურნეთა საარგებლოდ იღწვოდა.

ასე რომ ხშირად პანთეონი მხოლოდ პანთეონი არ არის და ის პოლიტიკური პროპაგანდის იარაღადაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული.

სხვა ბევრი რამის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდებით:

de mortuis aut bene aut nihil  - მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს.

გიორგი გურული

ეკონომიკა
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.