USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
პაატა კურტანიძე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა
თარიღი:  726

სურვილი და ნებისყოფა, მოთმინების უნარი, მიზნისკენ მიმავალი გზიდან არცერთი ნაბიჯით გადახვევა, საკუთარ თავთან მცირე და დიდი ბრძოლების მოგება ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს. ასეთია “ავერსის” დამფუძნებლის პაატა კურტანიძის მრწამსი, რომელზეც აფუძნებს არა მხოლოდ კომპანიის განვითარებას, არამედ საკუთარ ცხოვრებასაც. თუმცა მისი ვარჯიშის ინტენსივობა ბევრად აღემატება ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის რეკომენდებულ დატვირთვას –  შეუსვენებლად 3000-ზე მეტი აზიდვა ალბათ ბევრ სპორტსმენსაც გაუჭირდება.

როდის და როგორ დაიწყო ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როგორია მისი დღის რეჟიმი და რა მოუტანა ცხოვრების წესის შეცვლამ, ამის შესახებ თავად პაატა კურტანიძე მოგვითხრობს.

იდეალური წონისთვის

– ბატონო პაატა, ვიცი, რომ ცხოვრების წესის შეცვლისკენ წონის დაკლების სურვილმა გიბიძგათ. დღეს ბევრი უჩივის ჭარბ წონას და ვერაფერს უხერხებს. მოგვიყევით, თქვენ როგორ მოახერხეთ დაკლება და იდეალური წონის შენარჩუნება.

– ყველას სურს, ჰქონდეს იდეალური წონა. ის სხვადასხვანაირად განისაზღვრება, თუმცა საბოლოოდ ყველა ფორმულა თითქმის ერთსა და იმავე პასუხს იძლევა, სხვაობა სულ 1-2 კილოგრამია. ყველაზე მარტივი გამოთვლით, მამაკაცის იდეალური წონაა სიმაღლეს (სანტიმეტრებში) მინუს 100, იდეალურზე იდეალური – მინუს 105. ქალისთვის იდეალურია  სიმაღლეს მინუს 110, იდეალურზე იდეალური –  მინუს 115.

2004 წლის მაისში ჩემი წონა იდეალურზე 28 კგ-ით მეტი იყო. თავს ცუდად ვგრძნობდი, ადვილად ვიღლებოდი, გულისცემა ძალიან მიჩქარდებოდა, სუნთქვა ფეხით მესამე სართულზე ასვლის შემთხვევაშიც კი მიჭირდა. ერთხელ ბელგიელ პარტნიორთან ერთად მალაიზიასა და სინგაპურში მომიწია გამგზავრება. აღფრთოვანებული და გაკვირვებული დავრჩი. მეგონა, ჯუნგლებში მივდიოდი და მოწესრიგებულ, სუფთა, ლამაზ ქვეყნებში აღმოვჩნდი. ვფიქრობდი, რომ სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ აქ მოსახლეობის ორმა პროცენტმაც კი არ იცოდა წერა-კითხვა. დავიწყე ფიქრი, როგორი იქნებოდა ოცდაათი წლის შემდეგ საქართველო, როგორი იქნებოდა “ავერსი”, როგორი ვიქნებოდი მე... უცბად გავიფიქრე, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა საკუთარი თავისგან, როცა რამდენიმე წლის განმავლობაში 5-6 კილოგრამის დაკლებაც კი ვერ მოვახერხე. ამან ძალიან გამაბრაზა. იქვე გადავწყვიტე, ცხოვრებაში გამეტარებინა ძველი სიბრძნე: საუზმე მარტომ შეჭამე, სადილი მეგობარს გაუყავი, ვახშამი კი მტერს მიეციო, - და აღარ ვივახშმე. პირველი ორი დღე ადვილად გავუძელი,  მესამე დღეს გამიჭირდა, მეოთხე დღეს – უფრო მეტად, მეხუთე დღეს დეპრესიული აზრები მომეძალა – რისთვის ვწვალობ და ვშრომობ, საჭმელიც თუ არ ვჭამე-მეთქი, მაგრამ ვიცოდი, თუ სიტყვას გავტეხდი, საკუთარ თავზე წარმოდგენა დამეკარგებოდა.

მეორე კვირაც გამიძნელდა და ამით დასრულდა უვახშმობით გამოწვეული უსიამოვნებები.

მხოლოდ ვახშმის ამოგდებით პირველ ოთხ თვეში 23 კილოგრამი დავიკელი.

ახლა სამი საათის შემდეგ აღარც ვჭამ, აღარც ვსვამ. ზოგს ჰგონია, მინდა ჭამა და თავს ვიკავებ, არადა ვახშმობა ვეღარც კი წარმომიდგენია.

თხუთმეტი წელი იქნება, “ავერსის კლინიკაში” ყოველწლიურად ვიტარებ სრულ პროფილაქტიკურ გამოკვლევას. 2018 წლის შემოდგომაზე ტრედმილზე ხუთი სიჩქარიდან პირველზე ვირბინე, მეორეზე – გამიჭირდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დარღვეული მქონდა ლიპიდური სპექტრი,  სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გამო  ოპერაცია მჭირდებოდა. კარდიოლოგის თქმით, იდეალურ წონაზე 12 კგ-ით მძიმე ვიყავი. დავინტერესდი, როგორ ვიგრძნობდი თავს ფიზიკურად და მორალურად, თუ იდეალურ წონას მივაღწევდი. რაკი კვება უკვე დარეგულირებული მქონდა, გადავწყვიტე, ვარჯიში დამეწყო.

პირადი რეკორდი

– 2018 წლის 9 ნოემბერს პირველად ვივარჯიშე – ოთხი სხვადასხვა მსუბუქი ვარჯიში შევასრულე და იატაკიდან 20 აზიდვა გავაკეთე. გამიძნელდა, მაგრამ მეორე დილითაც ვივარჯიშე... ყოველდღიური ვარჯიშით ერთი კვირის შემდეგ 25-ჯერ აზიდვა შევძელი, ორი კვირის შემდეგ – 30-ჯერ. ყოველკვირა 5-5 აზიდვას ვუმატებდი. ახლა, 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში, დილა-საღამოს საათი და ორმოცი წუთი ვვარჯიშობ, ანუ დღეში სულ 3 საათი და 20 წუთი. პირველი 15 წუთის განმავლობაში 17 სხვადასხვა გამახურებელ ვარჯიშს ვასრულებ, მომდევნო ხუთ წუთს ცალ ფეხზე ჩაჯდომა-ადგომას ვუთმობ, ამჟამად - 32-32-ს თითო ფეხზე (ყოველთვე ერთს ვამატებ), ათ წუთს – ზურგის კუნთების ვარჯიშს (დილას და საღამოს სხვადასხვა ვარჯიშებს ვიყენებ), 15 წუთს – მუცლის პრესს (აქაც დილა-საღამოს სხვადასხვა ვარჯიშებს ვასრულებ), ათ წუთს – მუცლის იოგას. ეს უკანასკნელი ორი წელია დავიწყე. ნახევარი წელი ვწვალობდი, მუცლის კუნთებს ძვრას ვერ ვუშვრებოდი. ახლა ყველა კუნთს ჩემს ნებაზე ვამუშავებ, ისე მემორჩილებიან, როგორც თითები. ამის შემდეგ 35 წუთი აზიდვებს ვასრულებ და კიდევ 10 წუთი – მუცლის იოგას. წელიწად-ნახევარია, ვარჯიშს კონტრასტული შხაპიც დავუმატე. თავდაპირველად ერთხელ ცხელ და ერთხელ ცივ წყალს ვივლებდი, ახლა ტემპერატურას რვაჯერ ვანაცვლებ.

– რატომ აირჩიეთ აზიდვები?

– იატაკიდან აზიდვა უნიკალური ვარჯიშია. მასში სხეულის თითქმის ყველა კუნთი მონაწილეობს. ამჟამად ყოველ საღამოს ოც-ოცჯერ შეუსვენებლად ვასრულებ თხუთმეტ სხვადასხვა სახის აზიდვას (ხელები ახლოს, ხელები გაშლილი, ერთი ხელიდან მეორეზე გადასვლა, ცალ ხელზე აზიდვა და სხვა), დილაობით – 700 კლასიკურ აზიდვას, კვირაში ერთხელ კი, დილით –  აზიდვების რეკორდულ რაოდენობას, რომელსაც ყოველკვირა 70-100-ით ვზრდი. ამჟამად ჩემი პირადი რეკორდი 3300 აზიდვაა, თანაც აკადემიურად, კლასიკური აზიდვის ათივე წესის დაცვით: ორი წამი – ბოლომდე ჩასვლა, ერთი წამი – ასვლა, ფეხები – ერთად, ხელები – საშუალოდ გაშლილი, წელი და კისერი – გამართული. 3300 აზიდვისთვის 2 საათი და 45 წუთი დამჭირდა. 300-500-ჯერ აზიდვა კიდევ შემეძლო, მაგრამ ვცდილობ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დავიტვირთო. საზოგადოდ, როცა ბევრს და რეგულარულად ვარჯიშობ, შესაძლებლობების მხოლოდ 80%-ის დახარჯვაა რეკომენდებული.

ფიზიკურად ხომ რთულია, მაგრამ უფრო რთულია მორალურად. 700 აზიდვამდე პროცესი მსიამოვნებს და ოდნავ ვიღლები. ათასამდე რომ ავდივარ, წარმოვიდგენ, რომ ორი ათასი აზიდვა კიდევ გასაკეთებელია. ხანდახან მეფიქრება: “რა საჭიროა ამდენი, ზედმეტი არ მომივიდეს”, –  მაგრამ არ ვნებდები და უნდა გითხრათ, რომ ყველაზე უკეთესად თავს რეკორდული აზიდვების დღეებში ვგრძნობ.

როგორ შემცვალა ვარჯიშმა

– თვითშეგრძნებაც იდეალური მაქვს, განწყობაც და სამედიცინო მაჩვენებლებიც, თუმცა ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ის მიმაჩნია, რომ იდეალურზე იდეალურ წონას მივაღწიე და 3 წელი და 7 თვეა, უცვლელად ვინარჩუნებ. უდიდესი ფიზიკური და მორალური სიამოვნებაა ისიც, რომ მუცელი საერთოდ აღარ მაქვს. გამიჩნდა კუბიკები, რის გამოც მუცლის კუნთები მუდმივად ბუნებრივად არის დაჭიმული. პირველი რამდენიმე თვე ჩიტივით მსუბუქად ვრძნობდი თავს. თანდათან ამას ძალის შეგრძნება დაემატა. სხეულზე 30-ზე მეტი ახალი კუნთი აღმოვაჩინე, რომელთა არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა. დღისით რამდენჯერაც გამახსენდება, რომ საღამოს უნდა ვივარჯიშო, უფრო უკეთეს გუნებაზე ვდგები. ვარჯიშიც და კონტრასტული შხაპიც დიდი სიამოვნებაა. სხეულის მთლიანობის და ისეთი სიმყარის შეგრძნებას იწვევს, გგონია, ნებისმიერ წინააღმდგობას გადალახავ. ვგრძნობ, რომ სხეულის ყოველი კუნთი, ყოველი ორგანო და ყოველი უჯრედი მადლობას მეუბნება ცხოვრების ასეთი წესისთვის. თავადაც მაოცებს საკუთარი შესაძლებლობები. ჩემმა მიღწევებმა დამანახა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ოთხი წლის წინ 20 აზიდვა რომ ძლივს შევასრულე, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე 3000-ჯერ აზიდვას შევძლებდი. ხანდახან მეც არ მჯერა, მაგრამ ვიდეოზე მაქვს ჩაწერილი და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, შემიძლია, ვაჩვენო.

55 წლის ვხდები და ვარჯიშის წყალობით არაფერი მაწუხებს, არაფერი მტკივა, იდეალურია სისხლის მაჩვენებლები, გამიქრა ათეროსკლეროზული ფოლაქები, გრამი ზედმეტი ცხიმი არ მაქვს, შინაგანი ორგანოებიც იდეალურად მუშაობს, ტრედმილზე ხუთივე სიჩქარით ვირბინე და გულ-სისხლძარღვთა სისტემამ 18-19 წლის მოქმედი ფეხბურთელების შედეგი აჩვენა.

ვარჯიშით გამოწვეულ უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი ჯარში. ორი წელი, 1986-1988 წლებში, უკრაინასა და ჩეხოსლოვაკიაში ვმსახურობდი. გვავარჯიშებდენ დღეში სამჯერ 2-2 საათი, ზამთარში -18 გრადუსზეც კი წელს ზევით შიშვლებს გვარბენინებდნენ, ცოტა ხანში ჩვენს თავზე სხეულიდან ასული ორთქლის ღრუბელი დარბოდა... შევცვივდებოდით ყაზარმაში და წელს ზემოთ ყინულივით ცივი წყლით ვიბანდით. მეგონა, ის საოცარი ფიზიკური შეგრძნებები ახალგაზრდობის გამო მქონდა. ახლა, 51 წლისამ რომ დავიწყე ვარჯიში, იგივე განწყობა დამიბრუნდა, თითქოს ისევ 18-19 წლის ვიყო.

შრომისმოყვარე ისედაც ვარ, ერთი ისტორიისა არ იყოს, დღე-ღამეში 25 საათს ვშრომობ. ხომ გახსოვთ, ძალიან მდიდარ მოხუც ებრაელს რომ ეკითხებიან ახალგაზრდები, ამდენი ქონება როგორ დააგროვეო. –  დღე-ღამეში 25 საათს ვმუშაობდიო. – ეს როგორ, როცა დღე-ღამეში სულ 24 საათიაო? –  ერთი საათით ადრე ვდგებოდიო. მეც მთელი ცხოვრება ერთი საათით ადრე ვდგები, მაგრამ ვარჯიშმა კიდევ უფრო პროდუქტიული გამხადა.

2019 წელს სან-ფრანცისკოში მითხრეს, რომ ამერიკაში დასრულდა 32-წლიანი კვლევა, რომლის ერთ-ერთი მიზანი დეპრესიის მიზეზების დადგენა იყო. 774 ათას ადამიანზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ არცერთ საკვლევ პირს, რომელიც მთელი სიცოცხლე ყოველდღე 20 წუთი მაინც ვარჯიშობდა, დეპრესია არ ჰქონია. რამდენიმე თვის წინ კი ჩვენს ჟურნალში ამოვიკითხე სან-დიეგოს უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, რომ 50 წელს გადაცილებულებს ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშით შეუძლიათ, არათუ შეინარჩუნონ, არამედ გაიუმჯობესონ კიდეც გონებრივი შესაძლებლობები.

უკითხავთ, ეს დრო შენს ბიზნესს, შენს ცხოვრებას არ აკლდებაო? პირიქით, ვარჯიშის დროს შემიძლია საინფორმაციო გამოშვებასაც ვუყურო, ფილმსაც, მუსიკასაც მოვუსმინო და, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, საქმეზეც ძალიან პროდუქტიულად ვიფიქრო.

რჩევები  პირადი გამოცდილებიდან

–  მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრებიც ხომ არ აიყოლიეთ? რას ურჩევთ დამწყებებს?

– საკმაოდ ბევრი ამყვა. მეც სიამოვნებით ვუზიარებ გამოცდილებას.

ჩემი გამოცდილებით, იდეალური წონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად საუკეთესო მოტივაციაა ყოველ დილა-საღამოს, ერთსა და იმავე დროს, აწონა და მაჩვენებლების ჩაწერა. ამით წონას აკონტროლებ და თვალნათლივ ხედავ, დღიდან დღემდე როგორ უახლოვდები მიზანს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ჩემი სხეულით ვვარჯიშობ. ამ პრინციპის პირველი უპირატესობა ის არის, რომ არ მჭირდება დარბაზი, ტრენაჟორები, გირები და ჰანტელები, ამიტომ ყველგან შემიძლია ვივარჯიშო. მეორე უპირატესობაა დროის ეკონომია, რადგან არსად წასვლა არ მჭირდება. მესამე უპირატესობა კი ის არის, რომ ასეთი ვარჯიშით ტრავმის მიღება გამორიცხულია.

ყოველდღიური ფიზიკური აქტივობისთვის საჭიროა:

1.დაიწყო სამწუთიანი ვარჯიში დილაობით;

2.არცერთი დღე არ გააცდინო;

3.არცერთ დღეს არ გააკეთო უფრო ნაკლები, ვიდრე წინა დღეს – ან იმდენი, ან ცოტა მეტი.

ამ სამ პრინციპს თუ დაიცავთ, საოცარ შედეგს მიიღებთ.

კვების ინდივიდუალური რეჟიმი

– დილის 8:20-ზე ვსაუზმობ. დილაობით აღარ ვჭამ პურ-ფუნთუშეულს, შემწვარ-მოხრაკულს, ხორცს. –  მამძიმებს, ენერგიას მართმევს. გეახლებით ძირითადად რძის ნაწარმს. თუ თბილისში ვარ, ჩემი საუზმეა ნახევარი ლიტრი შინ გაკეთებული ნაღებიანი მაწონი, ხუთი ჩაის კოვზი ხაჭო, ორი ჩაის კოვზი არაჟანი, ერთი კვერცხი (უმეტესად – მოხარშული), სამი ნაჭერი ლიმონი, ხუთი ჩაის კოვზი თაფლი (ნაწილი – მაწონთან, ნაწილი – თხილეულთან ერთად), ხუთი კაკლის გული ან სხვა თხილეული (თხილი, ნუში). ვაყოლებ პრობიოტიკების შემცველ 100 გრამ სითხეს. ვსვამ რძიან ყავას, მერე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში – ერთ ლიტრ წყალს.

12 სათზე ვჭამ თორმეტ ცალ პომიდორ ჩერის. ჯერ ერთი, პომიდორი ძალიან მიყვარს, მეორე –  ის მდიდარია ძლიერი ანტიოქსიდანტებით. კვირაში მინიმუმ ხუთი პომიდვრის ჭამა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას.

ვსადილობ არა უგვიანეს 3 საათისა, იშვიათად – უფრო ადრეც. მენიუს არ ვზღუდავ, გრამებს და კალორიებს არ ვითვლი. არასდროს ვჭამ იმას, რაც არ მიყვარს, მხოლოდ იმის გამო, რომ სასარგებლოა, თუმცა იმ საკვების უდიდესი ნაწილი, რაც მიყვარს, ჯანსაღია. ამის შემდეგ დილამდე აღარც ვჭამ და აღარც ვსვამ. თუ სადმე ვახშამზე ვარ, ერთ-ორ ჭიქა ღვინოს დავლევ და ამით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე წინათ, როცა ორ ლიტრამდე ვსვამდი. ღვინის გემოსაც უკეთ ვგრძნობ და აღარც თავი მტკივა მეორე დილით.

რომელიმე კერძი რომც მომეწონოს, მის ჭამას მეორე-მესამე დღისთვის დავგეგმავ. ამაზე ისევ ჯარის პერიოდი მახსენდება, სადაც წერილის მიღება ყველაზე დიდი სიხარული იყო. წერილებს დილის შეკრებაზე გვირიგებდნენ. პირველ ხანებში მიღებისთანავე ვხსნიდი და მაშინვე მომდევნო წერილს ვუწყებდი ლოდინს, მერე და მერე თავის მოთოკვა ვისწავლე, წერილს მთელი დღე გაუხსნელს ვატარებდი ჯიბით და საღამოს ვკითხულობდი. მთელი დღე მიხაროდა საღამოს მოახლოება. დაახლოებით ასეთივე სასიამოვნო შეგრძნება გეუფლება, როცა კვებას სწორად ანაწილებ და ყველაფერს, რასაც დაინახავ, მაშინვე არ შეჭამ.

ბედნიერების რეცეპტი

– მიმაჩნია, რომ ადამიანს ღმერთი ბედნიერებისთვის აჩენს. ჩემი გამოცდილებით, ამისთვის ოთხი რამ არის საჭირო:

1. ჯანსაღი, გემრიელი, ხარისხიანი, ზომიერი კვება;

2.  ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობა;

3. საქმიანობა, რომელიც მორალურ და მატერიალურ სიამოვნებას განიჭებს და სასარგებლოა სხვა ადამიანებისთვისაც;

4. სიყვარულით და მეგობრობით აღსავსე მყარი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან.

ღმერთის წყალობით და ჩემი მონდომებით, ჩემს ცხოვრებაში ოთხივე კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია და ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ თავს.

ჯანსაღი ძილი

– ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სრულფასოვანი ძილია...

– ვარჯიშმა ძილიც მომიწესრიგა. წინათ ჩაძინებაც მიჭირდა და გაღვიძებაც, ახლა საღამოს ვარჯიშს დაახლოებით ცხრაზე, ათის ნახევარზე ვიწყებ, ვიძინებ პირველის ნახევრამდე და შვიდის ნახევარზე ვიღვიძებ. მძინავს დაახლოებით 6 საათი. ამაზე მეტხანს თუ ვიძინე, თავს ცუდად ვგრძნობ, 5 საათზე ნაკლები კი არ მყოფნის. დილით მაღვიძარას 2-3 წუთით ვასწრებ გაღვიძებას, მაშინვე ვდგები სიხარულით, რომ ვარჯიში დავიწყო.

გარდა ამისა, სადილის შემდეგ აუცილებლად ვიძინებ 18 წუთით. ეს არის ჩემი ზედაპირული ძილის საშუალო ხანგრძლივობა. 1997 წელს წავიკითხე სტატია ნასადილევს ძილის სარგებლობის შესახებ და ჩემს პრაქტიკაში დავნერგე. ეს თვრამეტწუთიანი ძილი დილიდან დაგროვილ დაღლილობას მიხსნის, გაღვიძებისას თავს ვგრძნობ მსუბუქად, დასვენებულად, ენერგიულად.

ჟურნალი “ავერსი”

– თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა 2004 წლის 5 მაისი. სწორედ ამ დღეს, 2004 წლის 5 მაისს, დაიწყო ჟურნალ “ავერსის” ისტორიაც. თითქოს სიმბოლურია, რომ ეს ორი თარიღი ერთმანეთს დაემთხვა – ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი მისია ხომ სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. გაამართლა იდეამ?

– ის დღე ცხადად მახსოვს, ჟურნალის პირველი ნომრის ნიმუში სინგაპურში მივიღე. თუ საჩქაროა, დაბეჭდეთ, თუ არადა ჩემს პასუხს დაელოდეთ მეთქი, მივიწერე...

ჟურნალის დაარსების მიზანი ნამდვილად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია გახლდათ. რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველა პრობლემას ვერ აგვარებს, მაგრამ ცხოვრებას გიადვილებს, სირთულეების გადალახვაში, მიზნის მიღწევაში გეხმარება, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჟურნალის დაარსება ნამდვილად კარგი იდეა იყო, ხოლო ის, რომ ამდენი წელია გამოდის და თავისი მკითხველი ჰყავს (პირველ რიგში საკუთარ თავს დავასახელებ – ძალიან მომწონს და ყოველ ნომერს თავიდან ბოლომდე ვკითხულობ), ნიშნავს, რომ ამ იდეამ დროს გაუძლო.

მარი აშუღაშვილი

წყარო: ჟურნალი ავერსი

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.