USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
Covid-19-ის ვაქცინა: კვლევიდან ფართო გამოყენებამდე
Date:  1312

დღეს მთელი მსოფლიო ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია. მეცნიერების უპრეცედენტოდ სწრაფი რეაგირების წყალობით, ამჟამად მუშაობა უკვე 100-ზე მეტ სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეფექტიან, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ვაქცინას, სულ ცოტა, 12-18 თვე გვაშორებს. 

ვაქცინის მასობრივად გამოყენებამდე მკვლევარები უნდა დარწმუნდნენ, რომ ის მართლაც იცავს COVID-19-ისგან და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოდ მოქმედებს. წამლისგან განსხვავებით, ვაქცინა ჯანმრთელ ადამიანს უკეთდება. შესაბამისად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვაქცინებისთვის დაწესებული თამასა ძალიან მაღალია. სხვა შემთხვევაში, ვაქცინაცია ალბათ არც ჩაითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და შედეგიან სამედიცინო ჩარევად. 

სწორედ ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვაქცინის მოქმედებისა და უსაფრთხოების კვლევა შრომატევადი, რამდენიმესაფეხურიანი პროცესია, რომელსაც გარკვეული დრო ჭირდება.  თავდაპირველად ვაქცინას ცხოველებზე ცდიან. კვლევის ამ ეტაპს პრეკლინიკური კვლევა ეწოდება. ამ დროს დგინდება, წარმოქმნიან თუ არა ლაბორატორიული ცხოველები ვაქცინაციის საპასუხოდ ანტისხეულებს, რომლებმაც ორგანიზმი SARS-CoV-2-ისგან უნდა დაიცვას. 

თუ პრეკლინიკური გამოცდა წარმატებული გამოდგება, მკვლევარები გადადიან კლინიკურ კვლევებზე, რომლებიც უკვე ადამიანებზე ტარდება. კლინიკური კვლევის I ფაზაში მონაწილეობას რამდენიმე ჯანმრთელი მოხალისე იღებს. ამ ეტაპზე უნდა დადასტურდეს, რომ, ცხოველების მსგავსად, ვაქცინა ადამიანებშიც უსაფრთხოა და მის საპასუხოდ ანტისხეულებს ადამიანის ორგანიზმიც წარმოქმნის.

პირველი ფაზის შემდეგ, მეცნიერები კვლევის უფრო ფართომასშტაბიან - II და III - ფაზებზე გადადიან. ამ დროს ვაქცინა ბევრად უფრო მეტ ადამიანს უკეთდება, რათა დადგინდეს, რეალურად უზრუნველყოფს თუ არა ის COVID-19-ის პრევენციას. იდეალურ პირობებშიც კი კვლევის თითოეული ფაზა რამდენიმე თვეს გრძელდება. ანტისხეულების წარმოქმნას რამდენიმე კვირა ჭირდება, ხოლო იმის დადგენას, მართლაც მუშაობს თუ არა ვაქცინა - კიდევ უფრო მეტი. მთელი ამ დროის განმავლობაში მკვლევარები ყურადღებით აკონტროლებენ კვლევაში მონაწილე პირებს და აკვირდებიან, უვითარდებათ თუ არა მათ ვაქცინის მიმართ უარყოფითი რეაქციები. 

ვაქცინის ლიცენზირება და მისი მასობრივი გამოყენება მხოლოდ ამ ყველა ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგაა დაშვებული. (ვაქცინის კვლევა გრძელდება მაშინაც, როცა ის ფართოდ გამოიყენება. ამ ტიპის კვლევას პოსტმარკეტინგული ეწოდება და მისი მიზანი იშვიათი გვერდითი მოვლენების აღმოჩენაა.)

ჩვეულებრივ, მთელ ამ პროცესს წლები ჭირდება. დღეისთვის არსებული ვაქცინებიდან, გზა საწყისი კვლევებიდან მოსახლეობამდე ყველაზე სწრაფად ებოლას ვაქცინამ გაიარა - მისი მასობრივი გამოყენება შექმნიდან მხოლოდ 5 წელიწადში დაიწყო. თუმცა, პანდემიის პირობებში ტემპი, მასშტაბები და წესები იცვლება

COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსის - SARS-CoV-2-ის - გენომის თანმიმდევრობა 2020 წლის 11 იანვარს გამოქვეყნდა. პრაქტიკულად მაშინვე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინის შესაქმნელად ინტენსიური მუშაობა დაიწყო. COVID-19-ის მძიმე ჰუმანიტარული და ეკონომიკური ტვირთის გამო, სტანდარტული პროცესი ჯერადად უნდა დაჩქარდეს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები კორონავირუსის ვაქცინის კვლევისა და განვითარების უახლეს, შემდეგი თაობის ტექნოლოგიებს მიმართავენ. პირველი „კანდიდატი ვაქცინა“ კლინიკური ტესტირების ფაზაში აქამდე უჩვეულო სისწრაფით - 2020 წლის 16 მარტს ჩაერთო.

COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობის საერთო ძალისხმევაში, გლობალური ჯანდაცვის ორგანოებთან და ვაქცინების შემქმნელებთან ერთად, ჩართულია ეპიდემიური მზაობის ინოვაციების კოალიცია (CEPI). ორგანიზაციამ შექმნა მუდმივად განახლებადი საერთაშორისო ბაზა, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის ქვეშ მიმდინარე ყველა კვლევაა გაერთიანებული. ამ ბაზაში მიმოხილულია გამოცდის ფაზაში მყოფი ყველა ვაქცინა და მათი მთავარი მახასიათებლები. ის ფართოდაა ხელმისაწვდომი, რათა მსოფლიოს პასუხი COVID-19 ეპიდემიაზე კოორდინირებული და ეფექტური იყოს.

CEPI-ს მიერ ჟურნალში Nature გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 8 აპრილის მონაცემებით, ბაზაში შეყვანილია 115 კანდიდატი ვაქცინა, რომელთაგან 78 დადასტურებულად აქტიურია, 37-ის შესახებ კი ჯერჯერობით ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. 78 აქტიური კანდიდატიდან 73 ჯერ პრეკლინიკურ კვლევებს გადის. 5 კანდიდატი ვაქცინა კი უკვე კლინიკური კვლევის ეტაპზეა(იხ. ცხრილი). ბევრმა სხვა კომპანიამ განაცხადა თავიანთი გეგმების შესახებ, რაც ითვალისწინებს ადამიანებზე ტესტირების დაწყებას 2020 წელს.  

 

კანდიდატი ვაქცინა

 

ვაქცინის შემმუშავებელი კომპანია/ინსტიტუტი 

 

სტატუსი

 

mRNA-1273  Moderna

I ფაზა

(NCT04283461)

Ad5-nCoV CanSino Biologicals

I ფაზა

(NCT04313127)

INO-4800 Inovio

I ფაზა

(NCT04336410)

LV-SMENP-DC  შენჟენის გენო-იმუნური სამედიცინო ინსტიტუტი.

I ფაზა

(NCT04276896)

pathogen-specific aAPC  შენჟენის გენო-იმუნური სამედიცინო ინსტიტუტი.

I ფაზა

(NCT04299724)

 

 

სისწრაფესთან და მასშტაბურობასთან ერთად, აღსანიშნავია იმ ტექნოლოგიური პლატფორმების მრავალფეროვნება, რომლებსაც მკვლევარები მიმართავენ. ზოგადად, ვაქცინის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის ანტიგენი - დასუსტებული/მკვდარი მიკროორგანიზმი ან მისი სტრუქტურის რომელიმე ნაწილი, რომელიც ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნას და იმუნურ პასუხს იწვევს. COVID-19-ის სხვადასხვა კანდიდატი ვაქცინის შესაქმნელად ანტიგენის სახით გამოყენებულ იქნა ნუკლეინის მჟავები (დნმ და რნმ), ვირუსის მსგავსი ნაწილაკები, პეპტიდები, ვირუსული ვექტორები (რეპლიკაციის უნარის მქონე და არმქონე), რეკომბინანტური ცილები, ცოცხალი დასუსტებული (ატენუირებული) და ინაქტივირებული (მკვდარი) ვირუსები. ამ პლატფორმების უმრავლესობა ვაქცინების შექმნის საბაზისო მეთოდს არ წარმოადგენს. თუმცა, სხვა დარგებში, მაგალითად, ონკოლოგიაში არსებული გამოცდილება მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ამ ახალი თაობის მეთოდიკის გამოყენება კორონავირუსის ვაქცინის შექმნის და წარმოების პროცესს დააჩქარებს.

იმ კანდიდატი ვაქცინების უმრავლესობა, რომელთა ზუსტი ანტიგენური შემადგენლობაც გასაჯაროვებულია, მიზნად SARS-CoV-2-ის ზედაპირზე არსებული სპაიკ (S) ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის სტიმულაციას ისახავს. ეს ანტისხეულები, სპაიკ ცილასთან შეკავშირების შედეგად, არ მისცემს ვირუსს უჯრედში შეღწევის საშუალებას.

ზოგჯერ ვაქცინა ანტიგენთან ერთად ადიუვანტსაც შეიცავს. ადიუვანტი ნივთიერებაა, რომელიც ანტიგენის მიერ იმუნური პასუხის გამოწვევის უნარს აძლიერებს. ეს, ერთი მხრივ, აუმჯობესებს ვაქცინის ეფექტიანობას და ასევე ამცირებს ვაქცინის ეფექტურ დოზას. თუ დაბალი დოზა ეფექტური იქნება, ვაქცინით უფრო მეტი ადამიანი აიცრება და დოზაზე დამოკიდებული რისკებიც შემცირდება. ამჟამად რამდენიმე კომპანია მუშაობს სპეციალურ ადიუვანტებზე, რომლებიც შემდეგ COVID-19-ის ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებელს გადაეცემა. 

SARS-CoV-2 ვაქცინებზე მუშაობა მიმდინარეობს 19 ქვეყანაში, რომელთა მოსახლეობაც მსოფლიო მოსახლეობის 75%-ს შეადგენს. ყველაზე მეტი კვლევა ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში ტარდება. დღევანდელი გათვლებით, გადაუდებელი გამოყენების (emergency use) ან მსგავსი პროტოკოლით, ყველაზე ადრე, ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი. ვითარება უჩვეულოა და, იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსიცა და მისი ვაქცინის წარმოებისთვის გამოყენებული მიდგომებიც ახალია, ცხადია, რისკებიც იზრდება. სწორედ ამიტომ კვლევის თითოეულ ეტაპზე უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ზუსტ შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

COVID-19-ის ვაქცინის შექმნის ამ საერთო მიზანთან მიახლოებისთვის აუცილებელია ვაქცინის მწარმოებლების, მარეგულირებლების, კანონმდებლების, დამფინანსებლების, ჯანდაცვის ორგანოებისა და მთავრობების კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა. სწორედ ამ გზით იქნება შესაძლებელი წარმატებული კანდიდატი ვაქცინების მასობრივი წარმოება და მათი გადანაწილება მსოფლიოს ყველა კუთხეში.

ვაქცინაცია ინფექციების პრევენციის ყველაზე უსაფრთხო, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მეთოდია. ეს სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მასობრივ წარმოებამდე ვაქცინებს სიღრმისეულად იკვლევენ. როგორც ვთქვით, აუცილებლობიდან გამომდინარე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისა და კვლევის პროცესი არასტანდარტულია. დღეს ამ პროცესების რაც შეიძლება სწრაფად და შეცდომების გარეშე გავლა მეცნიერებისა და გლობალური ჯანდაცვის უმთავრესი გამოწვევებია. 

როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს პანდემიის დასრულება, უნდა გვახსოვდეს, რომ, უჩვეულო ვითარების მიუხედავად, სისწრაფესთან ერთად, ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერების უცვლელი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. 

 

წყარო:covid19info.ge

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way