ჩინეთის ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (იბეჭდება ჰონკონგში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ნამდვილი ბატონ-პატრონები აშშ და ევროკავშირი არიან - კიევს ყველაფერს ვაშინგტონი და ბრიუსელი კარნახობენ“ (ავტორი - ალექს ლო, ჰონკონგის უნივერსიტეტის ლექტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ ვინ არის უკრაინის ბატონ-პატრონი: როგორც კი ჩინეთმა 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაავრცელა, ის იმავე დროსვე იქნა „ჩამოგდებული“ - თითქმის ისე, როგორც აეროსტატი ჩამოაგდეს: ამერიკელებმა და გერმანელებმა განაცხადეს, რომ პეკინის განცხადება უაზრობას წარმოადგენს. ეს ხდება მაშინ, როცა ბოლო ერთი წელია დასავლელები ჩინეთს საყვედურობენ - მშვიდობისათვის არაფერი გაგიკეთებიაო. ისე, კაცმა რომ თქვას, არც ინდოეთს არაფერი გაუკეთებია, მაგრამ გაგიგიათ რაიმე კრიტიკა-საყვედურები მის მიმართ?
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ირონიულად განაცხადა, რომ პეკინს პირველი პუნქტის შემდეგ აღარაფერი არ უნდა დაეწერაო (პირველი პუნქტი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი პატივისცემას გამოხატავს). ასეთი განცხადება სასაცილოა იმ ქვეყნის წარმომადგენლისაგან, რომელიც თავისი არსებობის ბოლო ორასი წლის განმავლობაში დედამიწის თითქმის ყოველ კუთხეში ერეოდა, იჭრებოდა, სამხედრო ოპერაციებს ატარებდა და სხვის სუვერენიტეტს არღვევდა.
და მაინც, რასაც ძია სემი იტყვის, ის ყოველთვის მართალია. ისევე, როგორც გერმანიის სიტყვა ევროკავშირში. თუ ვაშინგტონი, ბერლინი და ნატო იტყვიან „არა“-ს, მაშინ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ფიქრობენ ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან პეკინის პოზიციას და მზად არიან პოყენციუ შუამავლად აღიარონ. განა უკრაინის აზრს ყურადრება არ უნდა მივაქციოთ? მით უმეტეს, რომ ჩინეთს ომამდე მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. პეკინში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმაც ჩინეთის სამშვიდობო გეგმა „კარგ ნიშნად“ ჩათვალა და დაამატა, რომ „იმედი გვაქვს, ჩინეთი რუსეთს ომის შეწყვეტას და ჯარების გაყვანასაც მოუწოდებსო“. თვითონ ვოლოდმირ ზელენსკის თქმით კი, ეს კარგი დასაწყისია: „ჩინეთმა თავისი აზრი გვაჩვენა. მე ვთვლი, რომ რადგან ჩინეთმა უკრაინაზე ლაპარაკი დაიწყო, ეს ცუდი არ არის. მაგრამ საქმე იმაშია, მხოლოდ სიტყვებით ვერაფერი ვერ გაკეთდება. გააჩნია, ნათქვამს როგორი საქმე მოჰყვება“.
მართალია, კიევი უკიდურესად ფრთხილად უდგება ჩინეთის პოზიციას, უკრაინა მაინც მზად არის განიხილოს პეკინის სამშვიდობო როლი.
ზოგიერთი დიდი სახელმწიფოსაგან განსხვავებით, ჩინეთი არ არის დაინტერესებული ომის გაგრძელებაში. ის აზრი, რომ პეკინი აშშ-სა და ევროკავშირის მაამებელი წინადადებით გამოვიდოდა, აბსურდულია. ორივე მხარეს აქვს თავიანთი ინტერესები და მოტივები. თუ ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი მშვიდობისათვის და გამოამჟღავნებენ ამის სურვილს, მაშინ ყველა დაინტერესებულმა ქვეყანამ თავისი იდეები უნდა წარმოადგინოს, შეეცადნონ გარკვეული კომპრომისების მიღწევას და კიევს და მოსკოვს მოლაპარაკების საფუძვლის სახით წარუდგინონ.
ის ფაქტი, რომ ვაშინგტონმა დაუყონებლივ უარყო ჩინური გეგმა, იმას ნიშნავს, რომ ამერიკამ არ კი ინება ეკითხა, თუ რას ფიქრობენ თვითონ უკრაინელები. რეალობა ისეთია, რომ აშშ მზადაა უკრაინას იარაღი მიაწოდოს უკანასკნელ ჯარისკაცამდე საბრძოლველად, ანუ იმ დრომდე, სანამ უკრაინელები მზად იქნებიან, რომ ამერიკელებმა ისინი საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ. ვაშინგტონი სიამოვნებით უკარნახებს კიევს, თუ სად, როდის და ვის ესროლოს რომელი იარაღიდან. თვითონ ომის ხასიათი და ბედი უკვე კიევში კი არ წყდება, არამედ ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ისინი კარნახობენ უკრაინას, თუ როგორ იმოქმედოს. ის, რაც ერთი მხარის შეჭრით დაიწყო, თანდათანობით სხვა მხარის ომად გადაიქცა.
ომის წარმოების ტემპს და მიმართულებებს უკვე უკრაინელები აღარ წყვეტენ. მათთან კონსულტაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ კიევის აზრი უკვე დიდი ხანია „გადამწყვეტად“ არ ითვლება. მანამ, სანამ უკრანელები ბრძოლის ველზე იბრძვიან, მათ გმირები შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ აღარ აქვთ მოქმედების ისეთი დამოუკიდებლობა, რომელიც ომის დაწყებამდე ჰქონდათ.
ისე, პრინციპში, დასავლეთისაგან სხვა მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, დასავლეთის ძვირადღირებული მხარდაჭერა ნიშნავს არა დემოკრატიის ბრძოლას ავტოკრატიის წინააღმდეგ ან სიკეთის ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, არამედ ნიშნავს დასავლეთის მიზნების განხორციელებას ევროპის კონტინენტზე, ანუ აშშ-ის ბატონობას და კონტროლს. დასავლეთის მოქმედების ასეთი დღის წესრიგის გაცნობიერება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს საკითხი თვითონ უკრაინელებმაც კარგად გაიაზრონ.
წყარო: https://www.scmp.com/comment/opinion/article/3211610/ukraine-it-us-and-eu-who-are-real-bosses
მოამზადა სიმონ კილაძემ