USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«South China Morning Post» (ჩინეთი): „უკრაინაში მშვიდობის დამყარების ორპუნქტიანი გეგმა: კიევს ჯერ კიდევ აქვს გავლენის გარკვეული ბერკეტები“
дата:  264

ჩინეთის ინგლისურენოვან გაზეთი „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტი“ (South China Morning Post - იბეჭდება ჰონკონგში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში მშვიდობის დამყარების ორპუნქტიანი გეგმა: კიევს ჯერ კიდევ აქვს გავლენის გარკვეული ბერკეტები“ (ავტორი - დენიელ კოვანი, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, დაწერა წიგნი „სამხედრო სტრატეგია: ალექსანდრე მაკედონელის გაკვეთილები“).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„რუსეთთან ომის შედეგად უკრაინამ უამრავი ადამიანის მსხვერპლი გაიღო, დაკარგა ტერიტორიები და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. კიევი იმედგაცრუებული დარჩება, თუ ის დასავლეთის ქვეყნების სწრაფ დახმარებას ელოდება ქვეყნის აღდგენის მიზნით.

ერთი რამ მართლაც ჭეშმარიტებაა: კიევმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ დასავლეთის დახმარებით მრისხანე მოწინააღმდეგედ ითვლება და მას გამარჯვების რწმენა ამოძრავებს, იმედს უსახავს, მაგრამ ბრძოლის ველზე, როგორც ამბობენ ხოლმე, იმედი ყველაფერში ვერ დაგეხმარება.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აკლიათ საბრძოლო მასალები, დასავლეთის ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპანიები კი ვერ ასწრებენ ისეთი რაოდენობის იარაღის დამზადებას, რომ უკრაინას დროული და ქმედითი დახმარება გაეწიოს. რა თქმა უნდა, მოკავშირეებს შეუძლიათ გააგრძელონ უკრაინის მომარაგება, მაგრამ ბალანსი დარღვეულია - რუსეთს ამ საქმეში უპირატესობა აქვს, მოსკოვმა მათზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომზადება და გაძლიერება.

ომის პირველ დღეებში უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შესაძლებლობა უარყო - იმიტომ, რომ კიევი თავის დასავლელი მოკავშირეების დახმარების იმედი გაუჩნდა. თავის მხრივ, დასავლეთს ეგონა, რომ რუსეთს საქნციებით უკან დაახევინებდა, მაგრამ მოვლენების თანმიმდევრობა და ომის რეალიები კარგად ვერ გათვალა. დიდი ხნის განმავლობაში კიევი და მისი მოკავშირეები ამტკიცებდნენ, რომ ომის გაგრძელება და გამარჯვება აუცილებელია, რათა პერსპექტიული მოლაპარაკების დროს უკრაინას ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.

მაგრამ რეალურად მოხდა ის, რაც მოხდა - უკრაინამ მატერიალურად და ტექნიკურად ძალიან დაზარალდა. ქვეყანას აღარ ჰყავს სამუშაო ძალა. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არ შეწყდება და მომავალშიც გაგრძელდება. დადგება დრო, როცა კიევს არამარტო მარცხი დაემუქრება ომის ფრონტებზე, არამედ ის საკუთარ მდგომარეობასაც ძირს გამოუთხრის სავარაუდო მოლაპარაკების დროს.

ალბათ, უკრაინა ელოდება, რომ როცა აფეთქებებით გამოწვეული კვამლი გაიფანტება და მტვერი დაილექება, დასავლეთი გააგრძელებს დახმარებას, ამჯერად უკვე ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის მიზნით, მაგრამ კიევის მფარველები ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებენ, მათი ეკონომიკა სუსტდება.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტი რესურსი იქნება საჭირო აღსადგენად. დიახ, დასავლელი პოლიტიკოსები უკრაინას დახმარების გაგრძელებას ეფიცებიან, მაგრამ რას იზამენ ისინი, როცა ეკონომიკური პრობლემები მოემატებათ? ისინი ვეღარ გამოწერენ ისეთ ჩეკებს, რომლებსაც ვლადიმერი ზელენსკი ელოდება. დასავლელი ბიზნესმენები და კომპანიები არ მოისურვებენ ინვესტიციები ისეთ ქვეყნებში დააბანდონ, რომელთა ლიდერები თავიანთი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ და არ შეუძლიათ სიამაყე დასძლიონ, ზავის დადების მიზნით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიტუაციის რეალური დარეგულირება ასეთი თანმიმდევრობით შეიძლება მოხდეს:

პირველი - უკრაინა აცხადებს თავს ნეიტრალურ სახელმწიფოდ და ახორციელებს დემილიტარიზებას - იმ დონემდე, რომ ნამდვილად ნეიტრალური იყოს და ჯარის შემცირების გამო სამხედრო მოქმედებების წარმოება აღარ შეეძლოს.

მეორე - რუსეთი იმ ტერიტორიებს, რომლებზეც კიევმა კონტროლი დაკარგა, იმ აქტივებით გამოისყიდის, რომლებიც დასავლეთის მიერ არის გაყინული. ამ ფულის ნაწილი და კიდევ სხვა დამატებითი თანხები გადავა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სპეციალურად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანოს განკარგულებაში, მკაცრი მრავალმხრივი კონტროლით, რათა ფინანსები კორუფციონერთა ჯიბეებში არ აღმოჩნდეს.

აშშ-ის ისტორიაში უკვე იყო მსგავსი პრეცედენტი: 1848 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებით, რომლითაც მექსიკისა და აშშ-ის ომი დასრულდა, პირველმა მეორეს ყველა ის სადაო ტერიტორია დაუთმო, რომლებიც დღეს აშშ-ის შემადგენლობაშია - ტეხასი, კალიფორნია, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა, კოლორადო და ვაიომინგის ნაწილი. სამაგიეროდ, მექსიკამ ამერიკისაგან მიიღო 15 მილიონი დოლარი.

ამერიკის კონტინენტზე მომხდარი აღნიშნული ისტორიული კონფლიქტის მიზეზები საკმაოდ ჰგავს უკრაინა-რუსეთის ომის მიზეზებს და მიმდინარეობას. თუმცა სანამ მექსიკის მთავრობა სიტუაციას რეალურად გააცნობიერებდა, აზრზე მოვიდოდა და სამშვიდობო მოლაპარაკებას დათანხმდებოდა, აშშ-ის არმიამ უზარმაზარი ტერიტორიები დაიკავა. უკრაინას მსგავსი პრეცედენტები უნდა ახსოვდეს და ისტორიული კანონზომიერება გაითვალისწინოს. უკრაინელმა ლიდერებმა უნდა „გადაყლაპონ“ თავიანთი სიამაყე და მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ მანამდე, სანამ მათი ხელში კიდევ აქვთ დარჩენილი გავლენის რაღაც ბერკეტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კიევი ყველაფერს დაკარგავს, მას ხმის უფლებაც აღარ ექნება ომის შედეგების მიმართ.

წყარო: https://www.scmp.com/comment/opinion/article/3216056/two-point-plan-peace-ukraine-while-kyiv-still-holds-some-leverage

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати