USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
«South China Morning Post» (ჩინეთი): „საქართველოში, იოსებ სტალინის ნაკვალევზე: გორის მუზეუმიდან წყალტუბოს აბაზანამდე“
თარიღი:  1050

ჰონკონგის (ჩინეთი) უძველეს ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (დაარსებულია 1903 წელს) დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში, იოსებ სტალინის ნაკვალევზე: გორის მუზეუმიდან წყალტუბოს აბაზანამდე“ (ავტორი - პიტერ ნევილ-ჰედლი, ჩინეთში მცხოვრები ინგლისელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართველების დამოკიდებულება თავიანთი ყველაზე სახელგანთქმული შვილის მიმართ საკმაოდ რთულია, მათ შორის მის მშობლიურ ქალაქ გორში, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს.

კავკასიის მიღმა არცერთი ქართველის სახელი არ არის ისეთი ცნობილი (ზოგიერთ მისი ეპოქის დროინდელ პიროვნებასთან ერთად), რომელიც დღეს საერთაშორისო პრესის ესოდენ დიდ ყურადღებას იპყრობდეს. ქართველი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე მართავდა (გარდაიცვალა 1953 წელს), მსოფლიოს მოსახლეობაში იოსებ სტალინის სახელითაა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი საყოველთაოდ არის შეფასებული როგორც სასტიკი დიქტატორი და მილიონობით ადამიანის მკვლელი, გორისთვის ძალიან ძნელია დიქტატორის სახელზე უარის თქმა - იქ სხვა ასეთი ცნობილი პიროვნება ჯერ არ დაბადებულა.

საქართველოში იოსებ სტალინის მხარდამჭერი საკმაოდ ბევრია და ეს იმის მიუხედავად, რომ 1921 წელს, მოსკოვში მყოფმა ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარმა [და იმავდროულად საბჭოთა რუსეთის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრმა] ხელი შეუწყო საკუთარი დამოუკიდებელი სამშობლოს ოკუპაციას რუსეთის წითელი არმიის მიერ. შედეგი საქართველოს 70-წლიანი ყოფნით გამოიხატა საბჭოთა კავშირის შემადგებლობაში. სხვათა შორის, რუსეთის არმიის მაშინდელი თავდასხმა ძალიან ჰგავს 2008 წლის თავდასხმას, რომლის შედეგად კრემლმა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება განახორციელა.

სტალინი არასოდეს არ იქნება დავიწყებული, რასაც ქალაქ გორის ცენტრში მდებარე სტალინის სახელობის გამზირზე სტალინის სახლ-მუზეუმის არსებობა ადასტურებს.

ტურისტებისა და მოგზაურების ვიზიტი საქართველოში თბილისით იწყება, რომლის არქიტექტურაში მიმზიდველად და ელეგანტურად არის შერეული ნეოკლასიციზმი, პოსტსაბჭოური მოდერნიზმი და უძველესი, ფრესკებით დამშვენებული ეკლესიები .

საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ თუ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე, კერძო სახლების აივნებზე ევროკავშირის დროშები ფრიალებენ. ბევრი რამ მოწმობს იმას, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიღებას ესწრაფვის.

მაგრამ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ ძველ რაიონში ვხედავთ დიდ ჭიშკარს, რომელზეც ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩაქუჩ-ნამგლიანი ღერბია გამოსხული. აქ არის ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო სტამბა-მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთ სტალინურ „წმინდა ადგილს“ წარმოადგენს.

რევოლუციონერთა სტამბა მიწისქვეშ...

ინგლისურად შედგენილ „გზამკვლევში“ ცოტა გაურკვევლად არის მოცემული მუზეუმის მიზანი და დანიშნულება, თუმცა მთავარი გასაგებია: სტამბისათვის საბეჭდი დანადგარი რევოლუციონერებს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში 1893 წელს შეუძენიათ, შემდეგ დაუშლიათ და ჩუმად, ნაწილ-ნაწილ, საქართველოში ჩამოუტანიათ, მიწაში ვერტიკალურად ამოთხრილ შახტით საიდუმლო სათავსოში ჩაუშვიათ და შეუნახავთ. სტამბამ მუშაობა 1903 წელს დაიწყო. როგორც ამბობენ, 1979 წელს დაბადებული ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი სტამბაში 1903-1906 წლებში მუშაობდა. იგი და მისი ამხანაგები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე რევოლუციური იდეების ისეთ აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ, რომ შვეიცარიაში მყოფი რუსეთის ყველაზე დიდი რევოლუციონერის ვლადიმერ ლენინის ყურადღება მიიპყრეს. საბოლოოდ, სტამბის არსებობა პოლიციამ გაიგო და დაარბია, თუმცა რევოლუციონერებმა თავს უშველეს. მოგვიანებით ვლადიმერ ლენინი იოსებ ჯუღაშვილმა პირადადაც გაიცნო. იგი საქართველოს სხვადასხვა ადგილებში რევოლუციურ გამოსვლებს ხელმძღვანელობდა, რისთვისაც რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ ციმბირშიც გადაასახლა.

სტამბის რეკონსტრუქცია 1937 წელს მომხდარა და ალბათ, მაშინ დაიბადა იოსებ ჯუღაშვილის გმირული მუშაობის ლეგენდაც. თუმცა, სიმართლეა ეს თუ სიცრუე, ერთი რამ ცხადია: ვერტიკალურ ჭაში ჩასვლა ჟანგიანი რკინის კიბით საკმაოდ სიფრთხილეს მოითხოვს და ზოგიერთი სიგიჟედ თვლის. სტამბის ამჟამინდელი მომსახურე პერსონალიდან ერთ-ერთი ხანშიშესული ადამიანი, რომელიც მტკიცე სტალინისტია, გიდის როლს ასრულებს. იგი გვაჩვენებს, თუ როგორ იბეჭდებოდა პროკლამაციები. მუზეუმში არის იოსებ ჯუღაშვილის ხელნაწერები, გაზეთ „პრავდის“ ძველი ნომრები, რომლის რედკოლეგიის წევრად ქართველი რევოლუციონერი 1917 წელს აირჩიეს.

როგორიც არ უნდა იყოს „ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის“ ისტორია, მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს ფაქტი ჩინეთის სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებშია შეტანილი. მართლაც, მნახველთა ჟურნალი სავსეა ჩინურ ენაზე დაწერილი შთაბეჭდილებებით და კომენტარებით. არის ინგლისურ ენაზეც: „გაუმარჯოს სტალინს!“, „გაუმარჯოს კომუნიზმს!“, გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას!“.

გორში, სახლ-მუზეუმში...

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დიდებულად გამოიყურება. ის ღარიბული ქოხი, სადაც იოსები დაიბადა და 1883 წლამდე ხარაზი ბესოს ბიჭმა ბავშვობა გაატარა, 1937 წლიდან დიდი მემომრიალური მუზეუმის ნაწილი გახდა. ქოხი ნეოკლასკური სტილით აგებულ შენობის შიგნით არის მოთავსებული. მის უკან კი უფრო დიდ კორპუსს ვხედავთ, რომელშიც დიქტატორის ცხოვრება ფართოდ არის ასახული.

მუზეუმში საბჭოური ეპოქის სული ბატონობს: წითელი ხალიჩებით და ფიანდაზით მოგებული ბილიკით უზარმაზარი ჭაღის განათებულ ფართო მარმარილოს კიბეებზე ავდივართ, პირდაპირ იოსებ სტალინის ბიუსტთან, შემდეგ კი დარბაზებში საბჭოთა დიქტატორთის ცხოვრების და ბიოგრაფიის დეტალებს ვეცნობით, რომლებთაგან ბევრი არამეცნიერულად და სპეციალურად შერჩეულ-შელამაზებულადაა წარმოდგენილი.

მუზეუმის ქსპონატების რაოდენობა, როგორც გიდი ამბობს, 47 ათასს აღწევს. ექსპოზიცია იწყება პატარა იოსების პოსტრეტით (აკვარელში შესრულებულით), მისი მასწავლებელების შესახებ და მისივე ხელით 1894 წელს დაწერილი განცხადებით, თბილისის სემინარიის რექტორის სახელზე, სასწავლებლად მიღების მიზნით. ბევრი ბიუსტები, პორტრეტები, ბრძანებებების ასლები და ისტორიული ფოტოსურათები. გიდი ჰყვება სამხედრო კამპანიებზე, სტალინის პირად ნივთებზე, საფერფლის, ყალიონისა და ტანსაცმლის, აგრეთვე უცხოური საჩუქრების ჩათვლით,

მაგრამ გიდი არაფერს არ ამბობს იოსებ სტალინის მმართველობის წლებში მომხდარ უბედურებებზე - უკრაინულ „გოლოდომორზე“ 1932-33 წლებში, როცა ბოლშევიკების ხელმძღვანელობით გნხორციელებული კოლექტივიზაციით გამოწვეული შიმშილობის შედეგად სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გიდი ასევე არ ახსენებს 1936-38 წლების პოლიტიკურ რეპრესიებს, როცა იოსებ სტალინმა თავისი კრიტიკოსები გაანადგურა და საბჭოთა ნეგატიური სინამდვილით უკმაყოფილო ადამიანები (მილიონამდე!) ციმბირში გადაასახლა და „გულაგის“ ბანაკებში ჩაამწყვდია.

მუზეუმის გიდის მლიქვნელურ მონაყოლში ერთადერთი უსიამოვნო და დისონანსური ფაქტი შეინიშნება, 1939 წელს ხელმოწერილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომლის შედეგად ნაცისტურმა გერმანიამ და კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა, მეორე მსოფლიო ომის წინ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა გაიყვეს. აქვეა ის ქართველი ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებიც სტალინის მმართველობის დროს იყვნენ რეპრესირებულები.

იოსებ ჯუღაშვილის პოლიტიკური გვარი „სტალინი“ წარმოსდგება რუსული სიტყვისგან - „სტალ“ (сталь - ქართ. ფოლადი) და როგორც ჩანს, იგი ლოიალურ მიდგომას საკუთარი სამშობლოს მიმართაც არ იჩენდა. საქართველოს რეპრესირებულთა რიცხვი უპრეცედენტოდ მაღალი და არაპროპორციულია მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.

„მუზეუმში, შეიძლება ითქვას, ძირითადად 1979 წლის დროინდელი ექსპონატებია“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი. ერთადერთი შედარებით ახალი ექსპოზიცია რეპრესიების შესახებ, კიბის ქვეშ არის განთავსებული - მნახველთა ყურადღება რომ არ მიიპყროს... მას თვითონ გიდებიც გვერდს უვლიან. თუმცა ამ გამოფენის ექსპონატებშიც კი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტები (არხებისა და რკინიგზების მშენებლობის დროს) და სადამსჯელო რაზმების მოქმედებები მხოლოდ ზოგადად არის გადმოცემული, მათ გასანეიტრალებლად მითითებულია ინდუსტრალიზაციის წარმატებები. საერთოდ კი, კიბის ქვეშ არსებულ გამოფენაში ბევრად უფრო მეტი ადგილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში რუსების სისასტიკეს აქვს დათმობილი.

მუზეუმის შენობიდან გარეთ გამოსვლისას იოსებ სტალინის პირადი რკინიგზის ვაგონიც შეიძლება ვნახოთ და ბევრი საკვირველი რამ ვნახოთ, მაგრამ უფრო მეტი საკვირველება დასავლეთ საქართველოში მდებარე წყალტუბოში გველოდება.

წყალტუბოს ბრწყინვალება და სიღატაკე

იყო დროს, როცა ყოველდღიურად ამ ბალნეოლოგიურ საკურორტო ქალაქს საბჭოთა კავშირის ცენტრიდან „მოსკოვი-წყალტუბოს“ ოთხი სწრაფი მატარებელი ემსახურებოდა - ათასობით კილომეტრის გავლას მატარებლები სულ რაღაც დღენახევარს უნდებოდნენ. წყალტუბოში 1930-1940-იან წლებში დამკვრელური ტემპით უამრავი მოდერნისტული სანატორიუმი და დასასვენებელი პანსიონატი აშენდა. აქვე იყო კონფორტაბელური სასტუმროები მაღალჩინოსნებისთვის და რასაკვირველია, პროლეტარიატისთვისაც.

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წყალტუბოს ბრწყინვალების ეპოქა დასრულდა, დადგა სიღატაკის ჟამი. დამოუკიდებელი საქარველოს პირობებში ზოგიერთი მიტოვებული სანატორიუმის კარი ისევ გაიღო ლტოლვილებისათვის, რომლებიც აფხაზეთიდან 1992 წლის რუსულ ოკუპაციას გამოექცნენ. დღემდე ლტოლვილთა ნაწილი ოდესღაც დიდებულ, ამჟამად კი ბათქაშაცვენილ და საღებავგახუნებულ სანატორიუმებში ცხოვრობს.

თუმცა ბოლო დროს საქართველოს მთავრობა წყალტუბოს ძველი დიდების აღდგენას ცდილობს, კერძო ბიზნესის დახმარებით. რიგი შენობები ხარაჩოებით არის შემოსილი, მათი აღდგენის მიზნით, ზოგიერთი კი უკვე აღდგენილია - მაგალითად, ისტორიული „მეექვსე სანატორიუმის“ შენობა.

სტალინის აბაზანა

სევდივარ სანატორიუმში. კედელზე იოსებ სტალინის დიდი ჰორელიეფი ჩანს: იგი საბჭოთა ბედნიერი მუშებისაგან, გლეხი ქალებისაგან და ბავშვებისაგან ყვავილების თაიგულს იღებს. აქ თითქოს დიქტატორი ბანაობდა ხოლმე, მაგრამ რატომღაც კვალს ვერ ვამჩნევ. „მარჯვნივ წაბრძანდით“, - მეუბნება ადმინისტრატორი, - მედდა გაჩვენებთ“.

გავიარეთ სვეტებიიანი ვესტიბიული, რომელიც ბრწყინვალე სასახლეს მოგვაგონებს, მივდივართ დერეფანში, მედდა აღებს ერთ-ერთ დიდ კარს და უეცრად შენობის ბრწყინვალება უკან რჩება - თითქოსდა რემონტისა თუ რეკონსტრუქციისათვის თანხები არ ეყოთ და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მისაღებში მასიური, მტვრიანი ტყავგადაკრული სავარძლები დგას... მარმარილოს კიბით ქვემოთ მივდივართ და დიდ აბაზანაში შევდივართ, თაღებიანი ფანჯრებით. იატაკი მოზაიკითაა მოხატული, ზღვის ცხოველების გამოსახულებებით. ეს უფრო ბავშვთა აბაზანას მოგვაგონებს, ვიდრე დიქტატორისთვის განკუთვნილ ადგილს....

ისევე როგორც იოსებ სტალინთან დაკავშირებულ სხვა ისტორიებში, ჭეშმარიტება აქაც გაურკვეველია. ამბობენ, რომ ბელადს აქაური თერმულ-რადონული მინერალური წყლებით 1931 წელს და შემდეგ 1951 წელს უსარგებლია. დღეისათვის აბაზანა აღდგენილი ჯერ არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მასაც ძველი ბრწყინვალება დაუბრუნდეს. სანატორიუმის თანამშრომლები რემონტის ვადებზე ვერაფერს ამბობენ.

ბათუმში სტალინი „არ აინტერესებთ“?

კაცმა რომ თქვას, იოსებ სტალინი წყალტუბოში უფრო მეტად ახსოვთ, ვიდრე ბათუმში, რომელიც დღეს საქართველოს მსხვილი საკურორტო ადგილია და სადაც 1900-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა იოსები რევოლუციურ გამოსვლებს აწყობდა. ამბობენ, რომ ბათუმში შემონახულია ძველი სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა, მაგრამ შენობა არცერთ რუკაზე და გზამკვლევში ნაჩვენები არ არის - მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოსდა ადგილობრივ სტალინურ „წმინდა ადგილად“ ითვლება. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ძველ საცხოვრებელ უბანში არსებულ სახლში 1936 წლიდან მუზეუმი ყოფილა გახსნილი,  ახალმშენებლობების დროს კი, 2013 წელს, დაუხურავთ [თუ დაუნგრევიათ], რადგან, საქართველოს ტელევიზიის ინფორმაციით, მოსახლეობა მის მიმართ „ინტერესს არ იჩენდა“.

წყარო: https://www.scmp.com/magazines/post-magazine/travel/article/3239280/stalins-footsteps-georgia-museums-tbilisi-and-his-birthplace-glorify-dictator-his-personal-bath

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის