USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Тбилиси
ოთარ იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვე" ისტორია - აკაკი ბაქრაძის მოგონებებიდან "13 წელიწადი კინოში"
дата:  

ლაშა ბაქრაძე -ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და გერმანისტი.

 

"1968 წელს მამაჩემი მოხსნეს "იდეურად სუსტი ფილმების "გიორგობისთვის", "დიდი მწვანე ველის", "არაჩვეულებრივი გამოფენის" გადაღების გამოც, კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან.
ფილმისა და ხალხის ბედი
1966 წელი იდგა. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ცხოვრება მშვიდად და მდორედ მიედინებოდა. ოთარ იოსელიანმა დაამთავრა ფილმის „გიორგობისთვე“ - გადაღება. სტუდიის სამხატვრო საბჭომ ფილმი მოიწონა. დადგა დღე, როცა „გიორგობისთვე“ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლისათვის უნდა ჩაგვებარებინა. ასეთი იყო წესი. „გიორგობისთვის“ სანახავად მოვიდა საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი დევი სტურუა. სხვებიც ახლდნენ, ცკ-ს თანამშრომლები.
ნახეს ფილმი. დიდი აღტაცება გამოიწვია. დ. სტურუამ კარგახანს ილაპარაკა. აქო ფილმის ავტორები - რეჟისორი ოთარ იოსელიანი, სცენარისტი ამირან ჭიჭინაძე, მსახიობები.
კინოსტუდია კმაყოფილებით იყო სავსე.
ფილმი კინოგაქირავების კანტორას გადაეცა. ყველა მოუთმენლად ელოდა, როგორ მიიღებდა მაყურებელი „გიორგობისთვეს“. სწორედ აქ მოხდა მოულოდნელი ამბავი.
ქალაქში დაიწყო ფილმის დემონსტრირება. მხოლოდ ერთი, დილის სეანსი იყო ნაჩვენები, რომ კინოთეატრ „სპარტაკში“ კინოსურათის სანახავად მოვიდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ფილმის ჩვენება ჩვეულებრივ დაიწყო. არავინ ელოდა ქარიშხალს, მაგრამ იგი „გიორგობისთვის“ დამთავრებისთანავე ამოვარდა. გამძვინვარებული თავმჯდომარის მოადგილე დარბაზიდან გავარდა. მინისტრთა საბჭოში მისვლისთანავე გასცა განკარგულება - ყველა კინოთეატრში შეწყვიტეთო „გიორგობისთვის“ ჩვენება.
კინოსტუდიას თავზარი დაეცა. ძველი კმაყოფილების ნამცეციც აღარ დარჩა.
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი თენგიზ გორდელაძე და მე, გაოგნებული ვიყავით. არ ვიცოდით, რა გვექნა. გვიკვირდა, ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოწონებული და მიღებული ფილმი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ როგორ მოხსნაო, მაგრამ ფაქტი ფაქტი იყო და გაოცება-გაკვირვება საქმეს ვერ უშველიდა. ერთადერთი გზა დაგვრჩენოდა: უნდა მიგვემართა საქართველოს კპ ცკ პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძისათვის. მაგრამ ვიდრე იქამდე მივაღწევდით, სუბორდინაცია არ უნდა დაგვერღვია და ყველა ინსტანცია გაგვევლო: გადავწყვიტეთ, ჯერ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს გივი ჯავახიშვილს ვხლებოდით. ვითხოვეთ მიღება. შეგვპირდნენ, ოღონდ მოსვლის დღესა და საათს ცალკე გაუწყებთო.
ამასობაში შეგვატყობინეს, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში გამოცხადდითო.
კომიტეტის თამჯდომარეს შეეკრიბა კომიტეტის კოლეგიისა და კინოსტუდიის სამხატვრო საბჭოს წევრები.
თავშეყრილთ თავმჯდომარემ გამოგვიცხადა: ზემდგომი ორგანოების მითითებით უნდა განვიხილოთ ფილმი „გიორგობისთვე“, დავიწუნოთ, დავგმოთ იგი და სათანადო ოქმი გავგზავნოთო ცენტრალურ კომიტეტში.
დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ვინც სულ რამდენიმე დღის წინათ ხოტბას ასხამდა „გიორგობისთვეს“, ახლა უშვერი სიტყვებით აძაგებდა ფილმსა და მის ავტორებს. ისეთი ერთსულოვანი და თავგადადებული ლანძღვა-გინება გაჩაღდა, რომ კინოკომიტეტის წევრმა ივლიტე მესხიშვილმა ვერ აიტანა და იყვირა: რა მოგდით, ამხანაგებო, არ გრცხვენიათ. ჩვენ არ ვიყავით, რომ ვაქებდით ამ ფილმს? თუ დაცვა არ შეგვიძლია, ის მაინც ვთქვათ, რომ ფილმი მოგვწონდა, მაგრამ შევცდით. ახლა ვაღიარებთ ამ შეცდომას.
არავის უღია ყურად ივლიტე მესხიშვილის რეპლიკა. ფილმი ერთხმად დაასამარეს.
როცა მსჯელობა დაამთავრეს კინოკომიტეტის თავმჯდომარე მომიბრუნდა და მკითხა, რას იტყვიო. მე მივუგე: „გიორგობისთვე“ მომწონდა და მომწონს. მისი აკრძალვა შეცდომაა. ამიტომ ფილმის დასაცავად უნდა ვიბრძოლოთ-მეთქი. კინოკომიტეტის თავმჯდომარე გაბრაზდა და დამიყვირა: ნუ გიყვარს ორიგინალობა და თავის გამოჩენა. ჩვენ განკარგულება მოგვცეს დავიწუნოთ ფილმი და უნდა დავიწუნოთ კიდეც. ამიტომ ვემსახურებით პარტიას. ახლავე უნდა აღიარო, რომ ფილმი არ მოგწონს და ცდებოდი, როცა „გიორგობისთვეს“ უჭერდი მხარს. თავმჯდომარის მუქარამ წონასწორობა დამაკარგვინა და აღელვებულმა ვუპასუხე: აღმაშფოთებელ თავხედობად მიმაჩნია, რომ რიგით ჩინოვნიკს შეუძლია ასე მოექცეს მთელი შემოქმედებითი კოლექტივის ნაშრომს და ჩვენ კი ასე მუნჯურად ვეთანხმებოდეთ მას. თავმჯდომარე ფეხზე წამოვარდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ შეაჩერა საქართველოს კპ ცკ კულტურის განყოფილების გამგემ - დაანებე თავი. ბაქრაძეს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი. ძალას ნუ დაატან. თავმჯდომარე ისევ დაჯდა, გამგემ კი გააგრძელა - დღევანდელმა სხდომამ ნათელყო, რომ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი და კინოსტუდიის სამხატვრო საბჭო იწუნებს ფილმს. არ მიაჩნია მიზანშეწონილად მისი ჩვენება. მე მოვახსენებ ცენტრალურ კომიტეტში თქვენს ამ აზრს.
ნათელი გახდა: ფილმის გადარჩენისათვის ბრძოლა გართულდებოდა. საქმეს ისე აჭახრაკებდნენ, ისეთ დოკუმენტებს ქმნიდნენ, რომ თითქოს ფილმის აკრძალვას ჩვენ ვითხოვდით და არა ხელისუფლება. მაგრამ არც თენგიზ გორდელაძე და არც მე არ ვფიქრობდით ბრძოლისათვის თავი დაგვენებებია და პოზიცია იოლად დაგვეთმო.
არც მოწინააღმდეგეთა ბანაკი იჯდა გულხელდაკრეფილი. მოეწყო პროვოკაციული წერილების ორგანიზაცია. ცენტრალურ კომიტეტში წერილებს აგზავნიდნენ კოლექტიურად და ინდივიდუალურად. ვინ არ აწერდა ხელს ამ წერილებს: პარტიის რაიკომის მდივნები, რაიაღმასკომების თავმჯდომარეები, კომკავშირის რაიკომის მდივნები, მეცნიერებათა დოქტორები და კანდიდატები, გაზეთების რედაქტორები. ჩინიანთ და ხარისხიანთ არც უჩინონი და უხარისხონი ჩამორჩებოდნენ.
აი, რას წერდნენ ისინი (სტილი და მართლწერა ყველგან ზუსტად დაცულია):
„ფილმის თვითეული კადრი უხამსობა, დამცირება და აგდებაა ქართველი ერისა; საბჭოთა ხალხის ინტერნაციონალური სოლიდარობისა. ფილმში შებილწულია ქართული ენა, მუსიკალური ხელოვნება, ჩვენი ერის მაღალი ეთნიკური თვისებები. ქართველმა ხალხმა, ქართულმა კინემატოგრაფიამ ასეთი რეჟისორი, მისი ასეთი ნახელავი თავიდან უნდა მოიცილოს.
მაყურებელთა წინადადებაა კინო-ფილმი „გიორგობისთვე“ მოიხსნას ეკრანიდან, განადგურდეს“.
ამ წერილის ავტორი მაშინ რაიკომის მდივანი იყო.
„ახალგაზრდა რეჟისორის ო.იოსელიანის ეს ფილმი მთელი ჩვენი ცხოვრების უნდობლობით, ადამიანთა უნდობლობით, ცინიზმით, მოტყუებით და ჩვენი დღევანდელობისადმი ურწუმნოებითაა გაჟღენთილი“.
ამ წერილის ავტორი კი მაშინ კომკავშირის რაიკომის მდივანი იყო.
„დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ №49 ბუტში წითელი ღვინო უვარგისია, დავა და ჩხუბი მის გარშემოა. სცენარის ავტორს და რეჟისორს გონიათ აქ უსუსური ალეგორიის გამოყენებით ჯვარი დაუსვან ჩვენს სინამდვილეს, ისე როგორც ჯვარი დაუსვეს №49 ბუტს, რას ნიშნავს ის, რომ უვარგის ღვინოს ქართველები სხვებს ასმევენ. როდის იყო ქართველები ასე ექცეოდნენ თავიანთ სტუმრებს? ბოლოს და ბოლოს რა უნდათ გვითხრან ამ „ხელოვნების ვირტუოზებმა“.
ამ წერილის ავტორი მაშინაც და დღესაც ერთ-ერთი პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია.
„ფილმში გამასხარავებულია საერთოდ სოფლის მეურნეობა (მხედველობაში მაქვს რადიო გადაცემა) და განსაკუთრებით კი მეღვინეობა. ძველი თაობა; მუშები, სპეციალისტები, წარმოების ყველა უარყოფითი ტიპებია, საცინად არის აგდებული ახალგაზრდობა, მთელ ფილმში თითქმის არ არის არცერთი დადებითი ტიპი“.
ამ წერილის ავტორი პროფესორია. თუმცა ზემორე ციტირებული სტრიქონების წაკითხვის შემდეგ არავის გასჩენია კითხვა: შეიძლება თუ არა წერა-კითხვის უცოდინარი კაცი პროფესორი იყოს?
„ჩემი აზრით ეს არის სურათი რომელიც ღვარძლიანად, ყოვლად უხეშად და დაუმსახურებლად ლაფს ასხამს ჩვენს სამშობლოს საქართველოს.
სურათი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ეკრანიდან და ასეთი ღვარძლით სავსე ადამიანებს, როგორიც მისი დამდგმელია, საჭირო რჩევა უნდა მიეცეს, რომ ქართულ კინემატოგრაფიას მეორედ სახელი არ გაუტეხოს“.
ამ წერილის ავტორიც პროფესორია და მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.
„საოცარია, ახალგაზრდა ავტორებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ საბჭოთა ეპოქაში, როგორ დაუგროვდათ ამდენი ღვარძლი მშობლიური ქვეყნისადმი. საბჭოთა საქართველოს ყველაზე დიდი მტრებიც, უკიდურესად რეაქციონერი ადამიანებიც კი ვერ მოახერხებდნენ ასეთი პასკვილის შექმნას“.
ამ წერილის ავტორი კი დღესაც გაზეთის რედაქტორია.
ეს ამონაწერები წვეთია ზღვაში. მაგრამ ეს წვეთიც ნათელ წარმოდგენას იძლევა იმ ზღვაზე, რომელიც მაშინ ფილმ „გიორგობისთვეს“ და მის ავტორებს წარღვნით ემუქრებოდა.
ჩვენ კი ვისხედით და ველოდით მინისტრთა საბჭოში გამოძახებას. 1966 წელიც მიიწურა. 1967 წლის იანვარი დადგა. დაგვიძახეს მინისტრთა საბჭოში სამს - თენგიზ გორდელაძეს, კინოსტუდიის პარტკომს და მე. წასვლის წინ თენგიზ გორდელაძემ პარტკომს უთხრა - თუ ფილმის დაცვა არ შეგიძლია ან არ გინდა, მაშინ ნუ წამოხვალო. პარტკომმა იწყინა: რას ქვია, არ მინდა და არ შემიძლია, თქვენთან ერთად, თავგამეტებული დავიცავო ფილმს.
წავედით მინისტრთა საბჭოში. მიგვიღეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გივი ჯავახიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ჩოგოვაძემ.
ხეირიანად არც მოგვისმინეს, ისე გამოგიცხადა გ. ჯავახიშვილმა - „გიორგობისთვე“ ანტისაბჭოთა, ანტიქართული ფილმია. ჩემი ნება რომ იყოსო, ამ ფილმს გავანადგურებდი და რეჟისორს დადგმის უფლებას ჩამოვართმევდიო. ჩვენმა ცდამ, აგვეხსნა ფილმის ავ-კარგი, მისი აზრობრივი მიზანდასახულება, ნაყოფი არ გამოიღო. არაფრის მოსმენა არ სურდათ. მაშინ სასოწარკვეთილმა თ. გორდელაძემ სცადა მოეშველებინა მოსკოვი და გ. ჯავახიშვილს უთხრა - მოსკოვში ფილმი ძალიან კარგად მიიღეს და დიდად მოეწონათო. გ. ჯავახიშვილისგან გამაოგნებელი პასუხი მივიღეთ - მოსკოვში საქართველოს ცუდი უხარიათ და, ცხადია, მოეწონებოდათო.
აშკარა იყო, ჩვენი არგუმენტაცია არ ჭრიდა. მაინც არ ვანებებდით თავს დავას.
პაექრობის დროს გაგვახსენდა: იმ ხანებში მიმდინარეობდა მეღვინეთა პროცესი. მათ ბრალად ედებოდა ღვინის ფალსიფიკაცია და სახელმწიფო ფულის მითვისება. გადავწყვიტეთ, ეს ფაქტი გამოგვეყენებინა, ამით დაგვესაბუთებინა - „გიორგობისთვე“ არ იყო არავითარი ცილისწამება. იგი სინამდვილეს ასახავდა. როგორც კი ეს სასამართლო პროცესი ვახსენეთ, გაცეცხლებულმა გ. ჩოგოვაძემ იყვირა: როგორ, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები ქუჩის ჭორს აჰყევით... არავითარი პროცესი არ მიმდინარეობს... არავინ დაუპატიმრებიათ... არავითარი ღვინის ფალსიფიკაცია არ მომხდარაო.
ეს იყო ურცხვი ტყუილი. გ. ჯავახიშვილი გაწითლდა. უხერხულობა რომ გაეფანტა, ჩოგოვაძე დაამშვიდა. მერე აქამდე ჩუმად მყოფ პარტკომს არ შეეკითხა - თქვენ სად იყავით? რატომ მიაქციეთ ყურადღება? ხომ ხედავდით, როგორ ფილმს იღებდნენო? მაშინ პარტკომმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს მოახსენა - მე ორჯერ მოვიწვიე პარტკომის სხდომა. ფილმის გადაღების შეჩერება მოვითხოვე, მაგრამ არ დამიჯერესო. პარტკომი გადაღების წინააღმდეგი ყოფილაო, ეს რომ გაიგონა გ. ჩოგოვაძემ, იყვირა, მაგრამ რა იყვირა - ხომ ხედავთ, გივი დიმიტრიევიჩ, რა ხდება კინოსტუდიაში, რა თვითნებობაა, არავის უგდებენ ყურს. თუმცა ესენი პარტკომს დაუგდებენ ყურს, როცა ჩვენ არ გვეპუებიან... სრული განუკითხაობაა. მისი შედეგიც „გიორგობისთვეა“. ფილმი კი არა, ჩვენ კინოსტუდიის ხელმძღვანელების საკითხი უნდა განვიხილოთო.
ლაპარაკის გაგრძელება უკვე შეუძლებელი იყო. სიმტკიცე დაკარგული გვქონდა. პარტკომი სიცრუეს ამბობდა, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ გვისმენდნენ. მართალია, პარტკომის სხდომა ორჯერ მოიწვიეს, მაგრამ იგი იხილავდა გადაღების ვადების დარღვევის საკითხს და არა ფილმის აზრობრივ შინაარსს. როგორც წესი, ფილმის გადაღების ვადები კინოსტუდიაში ყოველთვის ირღვეოდა. არც „გიორგობისთვე“ იყო გამონაკლისი. ამის გამო ხშირად მსჯელობდნენ საერთოდ და პარტკომის სხდომაზეც.
ჩვენ აღარ შეგვეძლო ამ განმარტების მიცემა. საუბარი დამთავრებულად მიიჩნიეს. ფილმის აკრძალვა მიზანშეწონილად ჩათვალეს.
დამარცხებული დავბრუნდით სტუდიაში.
ფილმის გადარჩენის იმედი დაკარგული მაინც არ გვქონდა. იგი ჯერ კიდევ არ ენახა ვასილ მჟავანაძეს. სანამ ისიც არ დაიწუნებდა „გიორგობისთვეს“, შანსი კიდევ არსებობდა. ჩვენს იმედს აძლიერებდა დ.სტურუას დაპირებაც: ყოველ ღონეს ვიხმარ „გიორგობისთვე“ ბიურომაც ნახოს და პირადად მჟავანაძემო.
ვ. მჟავანაძე ფილმის ნახვას აჭიანურებდა. მოთმინების ფიალა კი ივსებოდა. ერთ დღეს შეგვატყობინეს: მართალია, თავად მჟავანაძე ფილმს ვერ ნახავს, არ სცალია, მაგრამ ბიუროს წევრებს აჩვენეთო.
წავიღეთ ფილმი ცენტრალურ კომიტეტში. კინოდარბაზში ბიუროს წევრები შეკრებილიყვნენ. ფილმის ჭირისუფალნი უკან კუთხეში მივიჭუჭკეთ. მოთმინებით ველოდით ბიუროს წევრების მსჯავრს. სამარისებურ სიჩუმეში მიმდინარეობდა ფილმის ჩვენება. არავითარი რეაქცია - არც აღტაცების, არც აღშფოთების - არ გამოხატულა. დამთავრდა ფილმი. კაციშვილი ხმას არ იღებს. ყველა დუმს. ადგილიდან არ იძვრის. რამდენიმე წუთს გაგრძელდა ასე. მერე წამოდგა ალექსი ინაური. ამოიოხრა - Напрасно потерял два часа - და გავიდა დარბაზიდან. ბიუროს დანარჩენი წევრებიც უხმოდ გაიძურწნენ. დავრჩით მარტონი ფილმის ჭირისუფალნი. ცხადი იყო, ბიუროს წევრებსაც არ მოეწონათ ფილმი. თუმცა შეიძლება მოეწონათ კიდეც, მაგრამ არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა ვ.მჟავანაძის დამოკიდებულება ფილმისადმი და ამჯობინებდნენ დუმილს. აშკარად ჩანდა, ვ.მჟავანაძის გარდა, ვერავინ გადაწყვეტდა ფილმის ბედს. ჩვენც მოთმინებით უნდა გვეცადა, როდის ინებებდა იგი „გიორგობისთვის“ ნახვას.
ეს დღეც დადგა.
გამოიძახეს ცენტრალურ კომიტეტში ფილმის ავტორები და სამხატვრო საბჭოს რამდენიმე წევრი. შეხვედრას ესწრებოდა დ. სტურუაც. როგორც კი დავსხედით პირველი მდივნის კაბინეტში, ვ. მჟავანაძემ უკმეხად გვითხრა - აქ იმიტომ მოგიყვანეთ, რომ მე ვილაპარაკო და არა თქვენ. არ გვჭირდებოდა ეს გაფრთხილება. ყველამ ვიცოდით, რომ თუ ვ. მჟავანაძე არ მოგვცემდა ნებას, არავის ჰქონდა ხმის ამოღების უფლება. მერე ვ. მჟავანაძემ დიდხანს, დიდხანს გვიყურა ჩუმად და გვითხრა - ძალიან, ძალიან მაწყენინეთო. ამან დაგვაბნია. ვიფიქრეთ, ალბათ, ფილმი არ მოსწონს და უკმაყოფილება ასე გამოხატაო. ოთ. იოსელიანი წამოდგა და უპასუხა - ბატონო ვასილ, არავის წყენინება არ მინდოდა, არც მიფიქრია. მე ფილმი გადავიღე. შევეცადე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა მოვლენებისადმი. რატომ უნდა იყოს ეს ვისმესთვის საწყენი? ვ. მჟავანაძემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. თქვა - მე ახლა ფილმზე არ გელაპარაკებით. თქვენ, ამხ. იოსელიანო, იცით, რაც მაწყენინეთ. ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დაგვაბნია. ყველა გაშტერებული მივაჩერდით ოთ. იოსელიანს. ოთარიც გაოგნებული იდგა. ვერ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა ვ.მჟავანაძე. პირველი მდივანი ერთხანს დუმდა. მერე ოთ.იოსელიანს ჰკითხა - ამხ. იოსელიანო, ვინ არის ის კაცი, ფილმის დასაწყისში ჯამით ღვინოს რომ სვამს?
ცხადია, ყველას გვახსოვდა ფილმის პროლოგში დიდი პლანით გადაღებული ბერიკაცი. მას დაშაშხულ-დაკოჟრებული ხელები ჰქონდა. თასი ეჭირა. ღვინოს ისე სვამდა, თითქოს მღვდელთმსახურებას ასრულებსო. ძალიან კოლორიტული და შთამბეჭდავი სახე ჰქონდა იმ მოხუცს. მაგრამ რატომ დაინტერესდა ვ. მჟავანაძე ამ ბერიკაცით? ვინ უნდა ყოფილიყო იგი? ჩვენ არ ვიცოდით. მოუთმენლად ველოდით ოთ. იოსელიანის პასუხს.
ოთარმა თქვა: არ ვიცი, ბატონო ვასილ, მე მჭირდებოდა გლეხები მასობრივი სცენისათვის. ჯგუფის დირექტორმა შემიკრიბა ისინი. მათ შორს იყო ის მოხუციც. მე მომეწონა მისი გარეგნობა და გადავიღე დიდი პლანით. მეტი არაფერი ვიცი. შეიძლება ჯგუფის დირექტორმა იცოდეს - ვინ არის და რა გვარია.
ვ. მჟავანაძემ არ დაიჯერა ოთ. იოსელიანის ნათქვამი. თვალები მოწკურა და ოთარს ნიშნის მოგებით უთხრა - იცი, იოსელიანო, იცი, კარგად იცი... ისიც იოსელიანია და შენც...
ჩვენ ხომ რეტდასხმული ვისხედით, მაგრამ არც ოთ. იოსელიანი იყო უკეთეს დღეში. იგი აქეთ-იქით იყურებოდა. არ იცოდა, რა ეპასუხა. ფიცი დაიწყო - ყველაფერს გეფიცებით, არ ვიცოდი ვინ იყოო ის კაცი. მერე ვ. მჟავანაძე რომ დაემშვიდებინა, შესთავაზა - თუ ეს კადრი არ მოგწონთ, სულ ამოვჭრიო მას ფილმიდან. ამის გაგონება და ვ. მჟავანაძის სახის გაბრწყინება ერთი იყო. მიამიტად იკითხა - ეს შეიძლებაო? - თუ გნებავთ, ახლავე გავიქცევი სტუდიაში, ამოვჭრი და ისე გაჩვენებთ ფილმს. ამით „გიორგობისთვეს“ არაფერი დააკლდებაო - დაამშვიდა ოთარმა.
უცბათ შეიცვალა ვ. მჟავანაძის განწყობილება ჩვენდამი. იგი მეგობრული და შინაურული გახდა. ცნობისმოყვარეობით ვიწვოდით. გვინდოდა გაგვეგო, რატომ აუმხედრდა ვ. მჟავანაძე ფილმში გადაღებულ ბერიკაცს, მაგრამ კითხვა ვერ გაგვებედა. პირველმა მდივანმა უკითხავად მოგვცა პასუხი.
20-იანი წლების ბოლოს კულაკობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა. მაშინ ქუთაისის მაზრის კომკავშირული აქტივის წევრი ვ. მჟავანაძეც ყოფილა. იგი, სხვებთან ერთად, მონაწილეობდა ქართველი გლეხობის საკუთარი მიწა-წყლიდან აყრასა და ციმბირს გადასახლებაში. დასჯილ გლეხებს შორის ის იოსელიანიც მოხვედრილა, ოთარმა „გიორგობისთვეში“ რომ გადაიღო, შემდგომ რის ვაი-ვაგლახით შინდაბრუნებული. საქართველოს კპ ცკ-ის პირველ მდივანს ძველი ნაცნობი ფილმში რომ დაუნახავს, ელდა სცემია - ამას ჩემს წინააღმდეგ აკეთებენ, ამით ქართველ ხალხს ეუბნებიან: აი, ვინ არის ვ.მჟავანაძე, ჩვენი გლეხობის მტერი, უდანაშაულო ადამიანებს ციმბირში რომ მიერეკებოდა.
რა თქმა უნდა, ოთ. იოსელიანმა არაფერი ეს არ იცოდა, მაგრამ, ეტყობა, ძველი დანაშაულის გამო ვ. მჟავანაძეს სინდისი ქენჯნიდა. ის ეჩვენებოდა, რაც არავის უფიქრია. თავი რომ ემართლებინა და დაემტკიცებინა, ქართველ ხალხს არასოდეს ვმტრობდიო, შემზარავი ამბავი მოგვითხრო.
- აი, ამ ტელეფონით - და მაგიდაზე მდებარე თეთრ ტელეფონს დაადო ხელი - დამირეკა ხრუშჩოვმა და მითხრა: ჯარიც მზად არის, ვაგონებიც, ქართველები ციმბირში გადასასახლებლად მოემზადეთო. მე მოურიდებლად და პირდაპირ ვუპასუხე - ნუ გვაშინებთ, ქართველები ციმბირშიაც ქართველებად დავრჩებით. იმავე დღეს მოსკოვში გავფრინდი, - ყვებოდა ვ. მჟავანაძე, - ხრუშჩოვს შინ მივაკითხე. მიმიღო. დავუწყე ხვეწნა-მუდარა - ნუ იზამთ ამას, ნუ გაგვრეკავთ ციმბირში. ხრუშჩოვი გაკვირვებული მეუბნებოდა - არ მესმის რატომ წუხარ, შენ ხომ ციმბირშიაც ცენტრალური კომიტეტის მდივანი იქნები. როცა მუდარით ვერაფერს გავხდი, ფეხებში ჩავუვარდი, მუხლებზე მოვეხვიე. ამ დროს ოთახში ხრუშჩოვის ცოლი ნინა პეტროვნა შემოვიდა. მუხლებზე დაჩოქილი რომ დამინახა, გაოცებულმა იკითხა - რა ხდებაო. ახლა მას მივვარდი. შევევედრე: გვიშველეთ, განკარგულებაა გაცემული ქართველების ციმბირში გადასახლებისა, გვიხსენით. ეს ქალი უცბათ ხრუშჩოვისკენ მიბრუნდა. ქმარს ყბაში გამეტებული სილა გაულაწუნა. - ახლავე დაურეკე სამხედრო მინისტრს. უთხარი, რომ მთვრალი იყავ და არ იცი, რა განკარგულებას იძლეოდი, - უბრძანა ცოლმა ხრუშჩოვს. ხრუშჩოვმა მორჩილად აიღო ტელეფონი. დარეკა: ქართველების გადასახლების განკარგულება გაუქმებულიაო.
ასე შემთხვევით გადარჩენილა ქართველი ხალხი. ვისღა ახსოვდა „გიორგობისთვე“. ყურებჩამოყრილი, დაჩაგრული და დამუნჯებული ვისხედით. ხელშესახებად ნათელი გახდა, რა უძლური, უსუსური და საცოდავი ხალხი ვიყავით. რა სასაცილო იყო ჩვენი ფაფხური „გიორგობისთვისათვის“. ქართველი ხალხის ყოფნა-არყოფნის საკითხი მდგარა. მთელი ერის ბედ-იღბალი კრემლში მოკალათებული არარაობის ხუშტურზე ეკიდა. რა გვექნა? რა უნდა გვეღონა? როგორც შორეული უპუ, ისე გავიგონეთ ვ. მჟავანაძის გადაწყვეტილება - „გიორგობისთვე“ კარგი ფილმია. მისი ჩვენება განაახლეთ.
კინოსტუდიაში ნაცემი ძაღლივით წელმოწყვეტილი ვბრუნდებოდით.
გაერთიანებული პლენუმი
„გიორგობისთვე“ კი გადარჩა, მაგრამ სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მუშაობას დაუწყეს ალმაცერად, ეჭვის თვალით ყურება. გახშირდა ლაპარაკი მისი საქმიანობის გაუმჯობესებაზე. 1967 წლის ბოლოს მწერალთა და კინემატოგრაფისტთა გაერთიანებული პლენუმის მოწვევა გადაწყვიტეს. იგი 1967 წლის 18-19 დეკემბერს ჩატარდა. მას ესწრებოდა საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი დ. სტურუა.
ჩვეულებრივად მიმდინარეობდა პლენუმი. იყო ბევრი ლაპარაკი და ცოტა საქმე. მეორე დღეს მეც მერგო სიტყვა. აი, ისიც, სტენოგრაფიული ჩანაწერის მიხედვით. ..."
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: ტექსტი
 
 
мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати