USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Foreign Policy» (აშშ): „უკრაინას რუსეთის თავდაცვითი ზღუდის გარღვევის პრობლემა აქვს“
Date:  

ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალის „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინას რუსეთის თავდაცვითი ზღუდის გარღვევის პრობლემა აქვს“, რომლის ავტორია ბარი პოზენი, აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინა აცხადებს, რომ განზრახული აქვს 2014 წლის შემდგომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად უკრაინის არმიამ ერთ-ერთი ყველაზე რთული სამხედრო ამოცანა უნდა გადაწყვიტოს - უნდა გაარღვიოს რუსეთის მჭიდრო და კარგად გამაგრბული თავდაცვითი ხაზი, გააკეთოს გასასვლელი, შემდეგ კი ან სწრაფად გაიჭრას აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ ბერდიანსკისკენ, ან ალყაში მოაქციოს რუსეთის არმიის დაჯგუფება ქალაქ მელიტოპოლთან და გაანადგუროს.

თუ კიევი ასეთ სამხედრო ოპერაციას ვერ განახორციელებს, მაშინ უკრაინას წინაშე დგება გრძელვადიანი ომის წარმოების საშიშროება რუსეთთან. ამ შემთხვევაში მხარეთა დღევანდელი და პერსპექტიული შესაძლებლობები ერთმანეთისაგან აშკარად განსხვავდება: უკრაინა მთლიანად არის დამოკიდებული გარეშე ძალის - დასავლეთის დახმარებაზე, მაშინ როცა რუსეთს უფრო მეტი საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები აქვს და ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები გააჩნია ცოცხალი ძალის თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ასეთი პერსპექტივა კიევს არ სურს და შეეცდება თავიდან აიცილოს, მაგრამ როგორც სამხედრო ისტორია აჩვენებს, სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

პირველი მსოფლიო ომის დროს საომარი მოქმედებების აქტიურობა და არმიის ძლიერება სხვადასხვა ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპული ქვეყნები საკმაოდ მდიდრები და მჭიდროდ დასახლებულები გახდნენ და მათ უკვე თავიანთი საზღვრის თითქმის მთელი პერიმეტრის დაცვა შეეძლოთ. თანაც იმ პერიოდში თავდამცველი მხარისათვის უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღისა და არტილერიის გამანადგურებელ ძალას (ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები, შაშხანები, სხვადასხვა ტიპის ქვემეხები და ჰაუბიცები), აგრეთვე ლოკალურ თავდაცვით ზღუდეებს და ციხე-სიმაგრეებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, პირველ ეტაპზე, თავდამცველი მხარის მიერ მოწყობილი გამაგრებული ხაზის გადასალახავად თავდამსხმელმა ფართოდ ისარგებლა ჯავშანტექნიკის, ავიაციისა და რადიოკავშირის შესაძლებლობებით. შემდეგ კი ძალები გათანაბრდა: თავდამცველმა მხარემ მეტი ყურადღება დაუთმო ტექნიკის მობილურობას, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას, ტანკ- და ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას.

მაგრამ ორივე შემთხვევაში ომი საბოლოოდ მაინც ერთმანეთის გამომფიტავ საბრძოლო პროცესად გადაიქცა. გაჩნდა წესი, რომლის თანახმად, კონტრშემტევ მხარეს, რათა მან ეფექტურად გადალახოს თავდამცველი მხარის მიერ მოწყობილი ხაზი, ძალთა შეფარდებისას, როგორც მინიმუმი, სამჯერ მეტი უპირატესობა უნდა ჰქონდეს. ეს ეხება არამარტო ტექნიკასა და ცოცხალ ძალას, არამედ შეტევის ორგანიზაციასაც: შემტევმა თავდამცველი ყველა ფრონტზე უნდა დაასუსტოს, უნდა მოშალოს მისი კავშირგაბმულობისა და საკომუნიკაციო სისტემები, იძულებული უნდა გახადოს მთლიანად გამოიყენოს ტაქტიკური და ოპერტიული რეზერვები, განახორციელოს ცრუ მანევრები თავდამცველი მხარის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

რუსმა სამხედროებმა მჭიდრო და კარგად აწყობილი თავდაცვითი სისტემა შექმნეს: ჯერ დანაღმული ველები, შემდეგ ღრმა ტანკსაწინააღმდეგო თხრილები (ე.წ. „დრაკონის კბილების“ ჩათვლით) და რკინა-ბეტონის დოტები, ბოლოს კი ქვეითთა ტრანშეებისა და სანგრების სისტემა. ეს ისეთი დაბრკოლებებია, რომლებიც კონტრშეტევის ტემპს მნიშვნელოვნად ანელებენ. უკრაინელებს უწევთ დანაღმული ველების გაწმენდა, ტანკსაწინააღმდეგო თხრილების ამოვსება და ამ დროს ისინი რუსების სამიზნეებს წარმოადგენენ, ცეცხლის ქვეშ იმყოფებიან... ზევით, ცაში კი რუსული ავიაცია ბატონობს... დამრტყმელი ვერტმფრენები რაკეტებს ისეთი მანძილიდან უშვებენ, რომლებსაც უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ვერ ფარავს.

როგორც ანგარიშები აჩვენებენ, ყველაზე საუკეთესო დასავლური ჯავშანტექნიკა - გერმანული ტანკები „ლეოპარდები“ და ამერიკული „ბრედლებიც“ კი - უსუსური აღმოჩნდა კონტრშეტევის დროს. უკრაინისათვის ერთადერთი დადებითი მხარე ამ ტექნიკით სარგებლობის დროს იმაშია, რომ ტანკი, მართალია, ზიანდება, მაგრამ ეკიპაჟი უვნებელი რჩება. თუმცა ეს არასაკმარისია შეტევის წარმატებისათვის. ტანკი იმიტომ არის ტანკი, რომ მან მოწინააღმდეგის მიერ შექმნილი ბარიერი გადალახოს, გარღვევა განახორციელოს და ქვეითების  წინსვლას ხელი შეუწყოს.

ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა ორნაირი სტრატეგიით შეიძლება.

პირველი ვარიანტი - ყველაზე უბრალო მეთოდია, რომელიც მტრის ძალის ნელ-ნელა გამოფიტვას ითვალისწინებს. შემტევი მხარე იმდენ ხანს ებრძვის პერმანენტულად თავდამცველ მხარეს, რომ მას საბრძოლო მასალები გამოელევა, მისი ქვედანაყოფები - ცოცხალი ძალა - დაიქანცება და ბრძოლისუნარიანობა დაეცემა. ზურგი საბრძოლო მასალების შევსებას ვეღარ უზრუნველყოფს, ავიაცია და არტილერია მას განუწყვეტლივ ბომბავს და სამხედრო ქარხნებს ანგრევს. ასე მოქმედებდნენ მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ისინი გერმანიის ვერმახტს ებრძოდნენ. რაც დრო გადიოდა, გერმანიის სამხედრო ძალა მცირდებოდა და ბოლოს ლოგიკურ ფინალამდე მივიდა. დღეს კი უკრაინას ავიაცია არ ჰყავს, მისი დრონები და რაკეტები კი რუსებს გადამწყვეტ დარტყმებს ვერ აყენებენ. საკითხს ვერ წყვეტს მოსკოვის სიმბოლური დაბომბვები, ჩონგარისა და ქერჩის ხიდის აფეთქებები, რომლის აღდგენა რუსული მხარის მიერ, სხვათა შორის, საკმაოდ სწრაფად ხდება.

მეორე ვარიანტი - მოწინააღმდეგის თავდაცვაში ისეთი სუსტი ადგილის მოძებნა და შეტევის განხორციელება, რომელიც მას „სახტად დატოვებს“ და მის რიგებში არეულობას შეიტანს. სწორედ ასე გააკეთეს გერმანელებმა ამერიკელების წინააღმდეგ არდენში, 1944 წლის დეკემბერში. ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს არ ჰქონდათ საკმარისი შესაძლებლობები, რომ კონტრშეტევა ფრონტის მთელ ხაზზე განეხორციელებინათ და ამიტომ ზოგიერთი მიმართულებით ძალები შეასუსტეს. გერმანიის დაზვერვამ ეს გაიგო და ვერმახტის დიდი დაჯგუფება სწორედ ერთ-ერთი ასეთი შიშველი ადგილისაკენ - არდენისაკენ მიმართა. მსგავსი ოპერაცია განახორციელეს უკრაინელებმა 2022 წლის შემოდგომაზე ხარკოვის ოლქში, როცა კიევის დაზვერვამ სუსტად დაცული ადგილი აღმოაჩინა და რუსულ ძალებს დაარტყა, თუმცა 2023 წლის ზაფხულში ასეთი სცენარის გამეორება აღარ გამოუვიდათ.

დღეს რუსული ბრიგადებისთვის უკრაინაში ფრონტის ხაზი უფრო მოკლეა (900 კილომეტრამდე), ვიდრე ის ცივი ომის დროს იყო საბჭოთა კავშირის არსებობის ჟამს (1940-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე) - საბჭოთა არმიის ევროპულ კონტინგენტს პრაქტიკულად მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის საზღვართან ჰქონდა შეხება (1400 კილომეტრამდე). მაგრამ ამჟამად რუსეთის რესურსები შედარებით მცირეა და 900 კილომეტრსაც ვერ სწვდება. სამაგიეროდ კრემლს თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგეიბი ეხმარება - დრონები, მოწინავე საარტილერიო და სარაკეტო სისტემები, შორი მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები. რუსული არმიის პოზიციების განმტკიცებას ხელი შეუწყო კახოვკის ჰესის დანგრევამაც.

ევროპაში აშშ-ის აშშ-ს ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ აპრილში განაცხადა, რომ რუსეთის არმია ამჟამად უფრო ძლიერია, ვიდრე ომის დასაწყისშიო. მართლაცდა, ფაქტია, რომ რუსები ეფექტურად აჩერებენ უკრაინელთა კონტრშეტევას - როგორც ჩანს, მათ თავიანთი ძველი მეთოდებიდან [და საბჭოთა სარდლების უნარებიდან] რაღაც გაიხსენეს და ახალ ტექნოლოგიებთან შეთავსებით, პოზიტიურ შედეგებს მიაღწიეს.

თუმცა, უკრაინა კონტრშეტევის გაგრძელებას მაინც ცდილობს, დასავლეთი კი წარმატების იმედს არ კარგავს. ალბათ, ისინი თვლიან, რომ რუსეთს მნიშვნელოვანი რეზერვები აღარ აქვს. მაგრამ თუ უკრაინა ღრმად შეიჭრება ოკუპირებულ ტერიტორიებში, მისი ძალები გაიფანტება, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა თავისი კონტრშეტევა წამოიწყოს, რაც ავიაციის გარეშე დარჩენილი უკრაინისათვის ზარალიანი იქნება.

მოკლედ, იმის წინამძღვრები, რომ უკრაინის კონტრშეტევა საბოლოოდ წარმატებული იქნება, საკმაოდ ცოტაა. ამიტომ პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს ოპერაციის სავარაუდო ჩაშლა არ უნდა გაუკვირდეთ. უკეთეს შემთხვევაში კიევი მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებას თუ მიაღწევს.

წყარო: https://foreignpolicy.com/2023/08/03/ukraine-counteroffensive-breakthrough-problem

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way