USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Foreign Policy» (აშშ): „რას უმზადებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს?“
Date:  272

ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას უმზადებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს?“ (ავტორი - ემი მაკინონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რა მოხდება ხუთ ნოემბერს? მთელი მსოფლიო ინტერესით და შეშფოთებითაც ადევნებს თვალს აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლის ფინალს, როცა ამერიკელები საარჩევნო ურნებთან მივლენ და აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საბედისწერო არჩევანს გააკეთებენ.

დიახ, მხოლოდ ერთი დღე რჩება არჩევნებამდე. საპრეზიდენტო რბოლამ თავის აპოგეას მიაღწია. ორივე კანდიდატი - დემოკრატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამხარ მიდიან ფინალისაკენ

დღეს მსოფლიო ყველაზე კრიტიკულ მომენტში იმყოფება ცივი ომის დასრულების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატთა საგარეოპოლიტიკური მიდგომები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას დიდი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო მიმდინარე კრიზისებისათვის, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთის შეიარაღებული კონფლიქტისათვის.

ა) უკრაინა და ევროპა

არჩევნების შედეგები, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, როცა რუსეთის არმია ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიიწევს, უკრაინის არმია კი უკან იხევს. აშშ უკრაინისათვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია და ვაშინგტონის მხარდაჭერამ უკვე შეასრულა გადამწყვეტი როლი - ბრძოლის ველზე რუსეთის აქტიურობა შეზღუდა.

კამალა ჰარისი რამდენჯერმე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მოსალოდნელია, თუ გაიმარჯვებს, იგი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომებს გააგრძელებს. მისივე სიტყვებით, თეთრი სახლი კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში“. სექტემბერში მან ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გამარჯვებისათვის. თუმცა ამას წინათ ინტერვიუში არაფერი უტქვამს - მხარს დაუჭერს თუ არა კიევის თხოვნას ნატოში მიღების თაობაზე. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წინააღმდეგია, რომ უკრაინა ალიანსში იქნას მიღებული მანამდე, სანამ რუსეთთან ომი არ დასრულდება.

დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, ძალიან შეაშფოთა უკრაინა და მთელი ევროპა, როცა განაცხადა, ომს ერთ დღეში შევწყვეტო. როგორც ჯიმ ტაუნსენდი - ბარაკ ობამას დროინდელი თავდაცვის მინისტრის თანაშემწე - ამბობს, თუ ყოფილი პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნაცნობ სავარძელს ისევ დაიკავებს, აშშ-სგან უკრაინის დახმარება თანდათან შემცირდება და ბოლოს შეწყდება კიდეც - „არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპმა იარაღის მიწოდება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს“.

თვითონ დონალდ ტრამპის მტკიცებით, მისი მიდგომა კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით ასეთია: როცა ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დააჯენს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადებს, რომ იგი აშშ-საგან მეტ დახმარებას აღარ მიიღებს და ამიტომ მოლაპარაკებაზე უნდა დათანხმდეს, ხოლო ვლადიმერ პუტინს პირიქით ეტყვის - თუ რუსეთის ლიდერი უარს განაცხადებს თანამშრომლობაზე, მაშინ ამერიკა უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება.

ნატოელი მოკავშირეები უკვე ემზადებიან უკრაინისათვის აშშ-ის დახმარების სავარაუდო შეწყვეტისათვის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. გავიხსენოთ, რომ ნატომ, ვაშინგტონში მოსალოდნელმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა რომ უკრაინაზე რაიმე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს, თავის კონტროლზე უკვე აიყვანა უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მუშაობა, სადაც ადრე ყველაფერს (უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნების ჩათვლით) კონკრეტულად აშშ განაგებდა.

ჯიმ ტაუნსენდს, რომელსაც კავშირი აქვს ევროპელ ჩინოვნიკებთან, ამბობს, რომ თავდაპირველად იყო განწყობა, რომ უკრაინის დახმარება „ტრამპშეუღწევადი“ გადაექციათ, მაგრამ უკვე ბოლო თვეებში მათ პანიკა დაეუფლათ, „ცუდი ამბავის მოლოდინში“.

თუმცა წყარომ, რომელიც უკრაინის მთავრობასთან ახლოს დგას, უფრო ოპტიმისტურ ნოტაზე განაცხადა, რომ კიევის ხელმძღვანელობა „საკმაოდ წყნარად უყურებ არჩევნებს’ და აღნიშნა, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა მიიღო პირველმა გადაწყვეტილება კიევისათვის სასიკვდილო იარაღის მიწოდებაზე - რასაც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა „წითელ ხაზად თვლიდა - და სანქციები დააწესა რუსული გაზსადენის მიმართ, რასაც უკრაინა, სხვათა შორის, ეწინააღმდეგებოდა. „კიევის ხელმძღვანელობაში მყოფი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ასე თუ ისე მაინც გააბრაზებს და ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას მეტ სამხედრო დახმარებას მიაწვდის“, - ამბობს წყარო ანონიმურობის პირობებით.

ბ) ისრაელი, ღაზა და ლიბანი

ვაშინგტონში  „ყარაულის შეცვლის“ მოსალოდნელ პერსპექტივას ახლო აღმოსავლეთი უკვე გრძნობს: ისრაელი, ალბათ, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება, სანამ რაიმე შეთანხმებას დადებდეს ცეცხლის შეწყვეტაზე ღაზასა და ლიბანში. ისრაელი ასევე ცდილობს შეინარჩუნოს სტრატეგიული წარმატება, რომელიც მან თავის მოწინააღმდეგეებთან - „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ მოიპოვა, სანამ თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტი შევა.

დონალდ ტრამპმა უამრავი პუნქტი შეასრულა ისრაელის სურვილების დიპლომატიური სიიდან ჯერ კიდევ თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, კერძოდ - აშშ-ის საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან „სადაო“ იერუსალიმში, ოფიციალურად აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი „სირიის კუთვნილ“ გოლანის მაღლობზე (1967 წლის ომის შედეგად). ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვებში დონალს ტრამპის მიმართ ფართო მხარდაჭერა ფიქსირდება.

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა  მას შემდეგ გაცივდა, რაც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სწრაფად მიულოცა. ბუნებრივია, დონალდ ტრამპი, რომელიც ჯო ბაიდენის არჩევას არ აღიარებდა, ძალიან განაწყენდა - იმდენად ძალიან, რომ 2021 წლის  ერთ-ერთ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მისამართით გვარიანად შეიგინა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, კამალა ჰარისი მემკვიდრეობითობას გააგრზელებს ახლო აღმოსავლეტის საკითხებში, თუმცა ზოგიერთების აზრით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, უფრო მოსალოდნელია, რომ პალესტინელების სასარგებლოდ განცხადებას გააკეთებს ღაზას სექტორში ისრაელის მონაწილეობით მომხდარ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.

რა არის საერთო დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პოზიციებში?  ორივემ მოუწოდა ისრაელს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს: „ჰარისიც და ტრამპიც თანაუგრძნობენ ისრაელის რთულ მოდგომარეობის გამო, მაგრამ ორივე უპირველესად ცეცხლის შეწყვეტით არიან დაინტერესებულნი“, - ამბობს შალომ ლიპნერი, რომელიც ისრაელის შვიდი პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო.

გ) ირანი

კამალა ჰარისმა წინა თვეში ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იარანი აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგეა და თქვა, რომ თუ არჩევნებში იგი გაიმარჯვებს, მისი, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არ დაუშვას ბირთვული იარაღის შექმნა თეირანის მიერ. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიზნის მიღწევაში უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს, მაგრამ ზოგადად, „ყველა ვარიანტს განიხილავს“.

დონალდ ტრამპი თავის დროზე ირანთან დადებული ბირთვული გარიგება დაარღვია, სექტემბერში კი განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს ვერასოდეს ვერ დაეუფლება. თუმცა რობერტ გრინუეის განცხადებით (იგი ტრამპის პრეზიდენტობის დროს უშიშროების საბჭოს წევრი იყო), ირანმა უნდა იცოდეს, რომ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის: „შესაძლოა სამხედრო გზა ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან, რომ ირანს ხელი შევუშალოთ ბირთვული იარაღის შექმნაში“, - დაასკვნა მან.

წყარო: https://foreignpolicy.com/2024/10/31/us-ukraine-middle-east-election-trump-harris/?tpcc=recirc_latest062921

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way