USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«Foreign Policy» (აშშ): „ნატომ უკრაინა წევრად არ უნდა მიიღოს - მისივე სასიკეთოდ: ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ გაუარესდება კიევის მდგომარეობა ალიანსში შესვლით“
Date:  808

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign Policy) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ნატომ უკრაინა წევრად არ უნდა მიიღოს - მისივე სასიკეთოდ: ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ გაუარესდება კიევის მდგომარეობა ალიანსში შესვლით“ (ავტორი - სტივენ უოლტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში ამჟამად უპირატესობა რუსეთს აქვს და იმ სერიოზული  ეჭვების ფონზე - მხარს დაუჭერს თუ არა საბოლოოდ აშშ-ის კონგრესი კიევისადმი დახმარების პაკეტს - გავლენიანმა ექსპერტებმა, მაგალითად, ნატოს ექს-გენდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გაეროში ივო დაალდერმა წამოაყენეს წინადადება, რომ რაც შეიძლება ადრე იქნას შეთავაზებული უკრაინისათვის ნატოს წევრობა. მათი არგუმენტები ასეთია: ერთი მხრივ, რუსეთი დარწმუნდება, რომ ომი ხელს ვერ შეუშლის უკრაინას ალიანსის წევრად მიღებისათვის და მეორე მხრივ - აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების სწრაფი უზრუნველყოფა ომის დასრულების შემდეგ.

გონიერი ადამიანები ასეთ რეკომენდაციებს არ დაეთანხმებიან და სწორადაც მოიქცევიან. მე რომ კონგრესის წევრი ვიყო, აუცილებლად და უყოყმანოდ მივცემდი ხმას უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების პაკეტს - იმიტომ, რომ მინდა რომ უკრაინამ დაიცვას და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია, შეაჩეროს რუსეთის არმია, ხოლო რუსეთმა გააცნობიეროს ის, რომ ტერიტორიული ექსპანსია მისთვის მძიმე და საზიანო ტვირთი იქნება. დახმარება უკრაინას ძალიან წაადგება და მის მდგომარეობას განამტკიცებს იმ სავარაუდო მოლაპარაკების წინ, რომლის შესახებ სერიოზული დისკუსია, ალბათ, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება. მაგრამ უკრაინის ნატოს წევრად პირდაპირი მიწვევა ახლა დაუშვებელია, რადგან ეს კონფლიქტს არამარტო გაამწვავებს, არამედ კიევის მდგომარეობასაც გააუარესებს.

თავდაპირველად ყურადღებით წავიკითხოთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დებულებები, რომელიც ალიანსში გაწევრების უფლებას ყველა ევროპულ ქვეყანას არ აძლევს. მართალია, ნატოს წესდების მე-10 პუნქტში მკაფიოდაა ჩაწერილი, რომ წევრობის უფლება აქვს ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მის სურვილს ყველა მოქმედი წევრი დაეთანხმება და იმ პირობით, თუ ახალი წევრი განავითარებს ნატოს პრინციპებს და თავის წვლილს შეიტანს  ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში. ხშირად ამ პუნქტის ინტეპრეტირება მარტივად ხდება ხოლმე, თითქოსდა ალიანსში გაწევრება ყველა კანდიდატს შეუძლია, მთავარია, გარკვეული კრიტერიუმები შეასრულოს, ანუ „ნატოს კარი თქვენთვის ღიაა, თუ ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებთ“. მე-10 პუნქტი კი სინამდვილეში გულისხმობს შემდეგს: ნატოს კარი დახურულია მანამდე, სანამ მოქმედი წევრები არ მივლენ თანხმობამდე, რომ ახალი წევრი ალიანსის უსაფრთხოებას განამტკიცებს (ანუ არ დაასუსტებს). ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ნატოს წესდებაში არ არის ნაჩვენები, რომ ალიანსი აქტიურად უნდა ისწრაფვოდეს გაფართოებისათვის, ახალი წევრის მიღება თითოეული მოქმედი წევრის ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც შეიძლება თანახმა არ იყოს.

რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინას, ჩემი რწმენა უკრაინის ნატოური პერსპექტივის წინააღმდეგ (ახლაც და ახლო მომავალშიც), რამდენიმე წინაპირობას ეფუძნება:

პირველი - უკრაინა საომარ მოქმედებებში გარდატეხას ვერ შეიტანს და ვერ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, თუ უფრო მეტ იარაღს არ მიიღებს და დროს არ მოიგებს ძალების აღსადგენად. უკრაინის არმია მწვავე საკადრო შიმშილს განიცდის, რუსეთს ამჟამად დიდი უპირატესობა აქვს თითქმის ყველა სახის იარაღში და ცოცხალ ძალაში, რაც კიევის მასშტაბურ წინსვლას (შეტევას) გამორიცხავს. უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შეცდნენ გასული წლის ზაფხულის კონტრშეტევის ზედმეტად ოპტიმისტურ პროგნოზებში - მათ ეგონათ, რომ კიევი სიტუაციას თავის სასარგებლოდ შეცვლიდა, მაგრამ მოტყუვდნენ. მოკლედ, პროგნოზების დროს ობიექტურად არ იქნა შეფასებული ფრონტზე შექმნილი რეალური სიტუაცია. არ მინდა, რომ ახლაც იგივე განმეორდეს.

მეორე - რუსეთის ლიდერები უკრაინის ბედით უფრო მეტად არიან დაინტერესებულები, ვიდრე დასავლეთი. რა თქმა უნდა, თვითონ უკრაინელებს ყველაზე მეტად ადარდებთ საკუთარი ქვეყნის ბედი, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელებისა და მოსახლეობისათვის უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატოს ქვეყნების უმრავლესობისათვის. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი და მისი დამქაშები მზად არიან ათასობით ჯარისკაცი უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპავად უყოყმანოდ გაგზავნონ. როცა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოულოდნელად ლაპარაკი დაიწყო უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნაზე, მას სასწრაფოდ „შეუსწორეს“ ოლაფ შოლცმა და იენს სტოლტენბერგმა - ჯარის გაგზავნა დღის წესრიგში არ დგასო. ანუ, რა თქმა უნდა, დასავლეთს უკრაინა ადარდებს, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც რუსეთს.

მესამე - ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიყვანა ვლადიმერ პუტინმა თავისი ჯარი უკანონოდ უკრაინის ტერიტორიაზე, მდგომარეობდა იმაში, რომ არ დაეშვა კიევის ინტეგრირება დასავლეთთან და ალიანსში გაწევრება. ნატოს ხელმძღვანელების განცხადებამ [2008 წელს], რომ უკრაინა ალიანსის წევრი აუცილებლად გახდებაო, ხოლო 2014 წლის შემდეგ კი რეგულარულად გაჟღერებულმა დაპირებებმა, უეჭველია, მოსკოვის ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა („ცეცხლზე ნავთი დაასხა“). ვლადიმერ პუტინის მოქმედება, რასაკვირველია, გარკვეულწილად ეფუძნებოდა კულტურულ მსგავსებას უკრაინასთან, მაგრამ კრემლს უფრო მეტად აწუხებდა კიევის პერსპექტივა ნატოსთან მიმართებით. თვითონ იენს სტოლტენბერგს ხშირად უთქვამს, რომ უკრაინისათვის ნატოს კარი ღიაა. ვლადიმერ პუტინიც, თავის მხრივ, ალბათ, სიტუაციას ნატოური საფრთხის შესახებ ამუქებდა, მაგრამ რომელი ქვეყნის ლიდერი არ არ ამუქებს საგარეო საფრთხეებს?

აი, ამ სამი წინაპირობის შუქზე დეტალურად განვიხილოთ ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იქნას მიღებული უკრაინა ნატოს წევრად:

1) უკრაინა დღეისათვის ალიანსის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. უკრაინა, უკეთეს შემთხვევაში, მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. უკრაინაში მეფობს კორუფცია ყველა დონეზე. ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობაა და არჩევნები არ ტარდება. უკრაინის საზოგადოებას ისეთი გავლენიანი ძალები მართავენ, რომელთა დემოკრატიულობა ძალიან საეჭვოა. უკრაინის ხელისუფლება, ჟურნალ „ეკონომისტის“ რეიტინგით, „ჰიბრიდულ რეჟიმს“ წარმოადგენს. უფრო მეტიც - უკრაინას „მაპ“-ის სტანდარტული პირობებიც არ აქვს შესრულებული... და მაინც, ნატომ გასული წლის სამიტზე უკრაინისათვის პირობები შეარბილა - ორეტაპიანი გაწევრება ერთეტაპიანად შეცვალა, რითაც, შეიძლება ითქვას, ალიანსმა თავისი ხელით შექმნა დამღუპველი პრეცედენტი.

2) გაურკვეველია, რამდენად შეასრულებს ნატო თავის ვალდებულებას უკრაინის მიმართ მე-5 პუნქტის საფუძველზე („კოლექტიური თავდაცვა“). ვფიქრობ, რომ მე-5 პუნქტი პანაცეა არ არის გარე მტრის თავდასხმის შემთხვევაში ნატოს რომელიმე წევრზე და არ ნიშნავს, რომ ყველა წევრი ერთდროულად გამოიჩენს სურვილს ომში ჩაებას. აშშ-ის თვალსაზრისით, მე-5 პუნქტი იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა იურიდიულად ყველას მიმართ თავდასხმად ჩაითვლება, მაგრამ ყველა წევრს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს. არადა, სწორედ ეს პუნქტი იზიდავს ნატოში შესვლის მსურველ ქვეყნებს. სანამ ახალ წევრს მიიღებდნენ, მოქმედმა წევრებმა ღრმად უნდა აწონ-დაწონონ იმის შესაძლებლობა, მზად იქნებიან თუ არა იმ რისკისათვის, როცა თავდასხმის შემთხვევაში საკუთარი ჯარის გაგზავნა მოუწევთ ახალი წევრის დასახმარებლად. ჯერ-ჯერობით უკრაინას მხოლოდ იარაღით ვეხმარებით, ცოცხალი ძალით დახმარებას კი ტაბუ ადევს. იბადება კითხვა: რა აზრი აქვს უკრაინას დავპირდეთ, რომ ხუთი ან ათი წლის შემდეგ მას ცოცხალი ძალითაც დავეხმარებით, როცა ახლა, ომის დროს, ფაქტიურად არავის არ აქვს გადაწყვეტილი ჯარის გაგზავნა?

უფრო მეტიც - არავინ არ იცის ზუსტად, დაამტკიცებს თუ არა უკრაინის ნატოში მიღებას აშშ-ის კონგრესის ზედა პალატა - სენატი. რატიფიცირებას წევრთა ორი მესამედის ხმები ჭირდება, ამდენი მომხრის არსებობა კი ძალიან პრობლემატურია. გარდა ამისა, უკრაინის წინააღმდეგ გამოვა რესპუბლიკელთა ლიდერი დონალდ ტრამპი და იგი შეძლებს თანაპარტიელი სენატორების დარწმუნებას იგივე გააკეთონ, ანუ რატიფიცირება არ მოხდება.

3) ნატოს წევრობა ჯადოსნური ფარი არ არის. ძირითადი მოტივი უკრაინის ნატოში მიღებისა ისაა, რომ თითქოს რუსეთს საომარი მოქმედებების განახლების სურვილი გაუქრება. ძნელი არაა იმის მიხვედრა, თუ რატომ ეძებს კიევი დამატებით დაცვას - უკრაინა ხედავს, რომ სწორედ ამ მიზნით გაწევრდნენ ნატოში ბალტიისპირეთის ქვეყნები.

მაგრამ ბოლო დროს დროს ხშირად გაისმის განცხადებები, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს და თუ საჭირო გახდება, ნატოს ბრძოლაში გამოიწვევს. და საერთოდ, როცა ახლა აცხადებენ რიგი ქვეყნები, ვაითუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთმა ძალა მოიკრიბოს და ბალტიისპირეთს და ფინეთს შეუტიოსო, რას ნიშნავს ეს? ესე იგი, მათ ეშინიათ, რომ ნატოს ჯადოსნური ფარი სინამდვილეში არ დაიცავთ. ესე იგი, ამჟამინდელი წევრები დაფიქრდებიან, რამდენად უღირთ საკუთარი ჯარის გაგზავნა...

4) უკრაინის პირდაპირ ახლა გაწევრება ნატოში კონფლიქტს გააჭიანურებს. შესაბამისად, ქვეყანა უფრო მეტად დაზარალდება. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მისი მომავალი და საერთოდ, არსებობა. ომის დაწყებამდეც უკრაინა ევროპაში ისეთ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც მოსახლეობის დეპოპულაციის მასშტაბების მხრივ ლიდერობდნენ, ომმა კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა, ხოლო გრძელვადიანი კონფლიქტი სიტუაციას დაამძიმებს (გაგრძელდება მოსახლეობის მიგრაცია, შემცირდება შობადობა, იმატებს ომში დაღუპულთა რაოდენობა...).

5) უკრაინისთვის ნეიტრალიტეტი არც ისე ცუდი იქნება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ უკრაინელთა გარკვეულ რაოდენობას, რუსეთთან ურთიერთობის ისტორიის (განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის) გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტი არ სურს. მაგრამ ეს სტატუსი, პრინციპში, საფრთხის შემცველი არ არის. გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირს და ფინეთს 1939-40 წლებში ომი ჰქონდათ, ფინელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ მაინც იძულებულები გახდნენ საბჭოთა კავშირისთვის თავიანთი ტერიტორიის 9% დაეთმოთ. მთავარი კი ის იყო, რომ ფინელებთან ომი მაშინ, როგორც ახლა უკრაინელებთან, მათზე ბევრად დიდ და ძლიერ მეზობელს ძვირად დაუჯდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იოსებ სტალინს სრულიად შეეძლო ფინეთის მთლიანად მიერთება, ან მისი გასოციალისტურობა, მაგრამ რადგანაც ჰელსინკს უკვე გამოცხადებული ჰქონდა ნეიტრალიტეტი, სტალინმა ფინეთი უსაფრთხო ქვეყნად ჩათვალა და ათეული წლების განმავლობაში ჰელსინკს მოსკოვთან რაიმე გართულება არ ჰქონია.

ზოგჯერ ასეთ მიდგომას ირონიულად მოიხსენიებენ ხოლმე „ფინეთიზაციის“ სახელით, მაგრამ თავისთავად ეს ფორმულა ძალიან წარმატებული გამოდგა და წლების განმავლობაში მუშაობდა. ფინეთს რომ იმ დროს - 1950-იან და მომდევნო წლებში - ნატოს წევრობა მოსურვებოდა, ეს დიდ კრიზისს და პრევენციულ ომსაც კი გამოიწვევდა. დიახ, უკრაინა ფინეთი არ არის და მათი სიტუაცია ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ გარკვეული მსგავსებაც არის და ამიტომ პოლიტიკურად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი უკრაინას ხელს არ შეუშლის დემოკრატიის განმტკიცებაში და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში, ევროკავშირში გაწევრების ჩათვლით.

ამრიგად, ამ მიზეზების გამო უკრაინის დაჩქარებული შესვლა ნატოში მაინცდამაინც კარგი იდეა არ არის. უმჯობესი იქნება, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა კიევს უსაფრთხოების ალტერნატიული ზომები შესთავაზონ, რომელიც უკრაინასაც დაამშვიდებს და რუსეთსაც. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ნატოს წევრობა უკრაინას სიკეთეს და უსაფრთხოებას ნამდვილად არ მოუტანს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://foreignpolicy.com/2024/03/05/nato-ukraine-membership-russia-war-west

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way