USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Foreign Affairs» (აშშ): „ტრამპი - რეალისტი: ყოფილი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ აშშ-ის ძლიერებას თავისი ზღვარი აქვს“
дата:  

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-მა უდიდესი და უკონტროლო ძალაუფლება მიიღო, კაცობრიობის ისტორიაში პირველად გახდა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც პრაქტიკულად კონკურენტები არავინ არ ჰყავდა. ამერიკა დომინირებდა მეზობლებზე, გავლენა ჰქონდა მსოფლიოს ყველა რეგიონში და უკვე 1992 წლისათვის დედამიწის ყველაზე უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ვაშინგტონი, ბუნებრივია აჰყვა მაცდურობას - გამოეყენებინა შექმნილი სიტუაცია  თავისი გლობალური გავლენის კიდევ უფრო გასაფართოებლად. ამიტომაც ვაშინგტონმა დაიწყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და რუსეთის ინტერესების იგნორირება“, - ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპი - რეალისტი: ყოფილი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ აშშ-ის ძლიერებას თავისი ზღვარი აქვს“ (ავტორები - ენდრიუ ბაიერსი, რენდალ შველერი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში და 21-ე საუკუნეში - დონალდ ტრამპამდე, ტრამპის დროს და ტრამპის შემდეგ.

გტავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

ვაშინგტონმა დაიჯერა, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი ერთადერთი და ყველაზე სწორია. შესაბამისად, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მიზნად დაისახეს მსოფლიოში ისეთი ღირებულებები გაევრცელებინათ, როგორიც აშშ-ის ფასეულობებს შეესაბამებოდა. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შუახანებამდე ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.

(...)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა, ნატოს ჩარჩოებში, ევროპის უსაფრთხოება და აღდგენა უზრუნველყო. თავის მხრივ, ევროპელი მოკავშირეები მხარს უჭერდნენ შეერთებულ შტატებს მოსკოვთან დაპირისპირებაში და ნებას აძლევდნენ ამერიკას თავისი არმია ევროპის კონტინენტზე ჰყოლოდა.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვაშინგტონისთვის უკვე აღარ იყო საჭირო ნატოს ხარჯების 70%-ის საკუთარ თავზე აღება, მით უმეტეს, რომ ალიანსის არსებობა და მიზნები თანდათან მნიშვნელობას კარგავდა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ ბევრი ამერიკელი ზურგს აქცევს პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის მომხრენი არიან და მხარს უჭერენ მათ, რომლებიც სამხედრო ხარჯების შემცირებას ქადაგებენ - მაგალითად, დონალდ ტრამპს.

დონალდ ტრამპი არ თვლის, რომ ამერიკამ თავისი ლიბერალური ფასეულობები ყველგან უნდა გაავრცელოს. იგი არც იმის მომხრე არაა, რომ პლანეტაზე მიმდინარე ყველა პროცესში ამერიკა უნდა ჩაერიოს. ამის ნაცვლად დონალდ ტრამპი გადაერთო მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში აშშ-ის გლობალური გავლენის აღდგენაზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპი რეალისტია და თუ იგი პრეზიდენტი გახდება, მისი ადმინისტრაცია ყველაზე თავშეკავებულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.

(...)

ნეოკონსერვატორებისაგან განსხვავებით, ტრამპი და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა საკუთარი უსაფრთხოება დიდწილად თვითონვე უნდა უზრუნველყონ სათანადო დონეზე. საიდუმლო არაა, რომ რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის კონგრესის ზედა პლატაში - სენატში ნეოკონსერვატორები (ანტიტრამპისტები) დომინირებენ, მაგრამ  ტრამპის მომხრეები მათ სულ უფრო ავიწროვებენ. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა იდეები სულ უფრო მეტ პოზიტიურ გამოძახილს ჰპოვებს ამერიკულ საზოგადოებაში. ამას საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებიც მოწმობს.

აშშ-ის საგარეოპოლიტიკური ელიტის უმეტესი წარმომადგენლებისათვის ის იდეა, რომ ამერიკამ სხვების საქმეებში ჩარევა უნდა შეამციროს, საშინელებას ნიშნავს. მათ ცნობიერებაში აშშ-ის ძლიერება - ეს სწორედ სხვა ქვეყნებზე ზეწოლასა და მათ დაშინებაში გამოიხატება. მათ არ ესმით, რომ დონალდ ტრამპის პროგრამა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სწორედ აშშ-ის გაძლიერებისაკენ ანუ გავლენის გაფართოება-აღდგენისაკენ არის მიმართული და არა მხოლოდ იარაღის ძალით.

(...)

მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპი უფრო დამაჯერებლად იმოქმედებს. ამერიკა, მისი ლიდერობით, ზურგს კი არ შეაქცევს მსოფლიო პროცესებს, როგორც ამას მისი ოპონენტები ამტკიცებენ, არამედ უარს იტყვის გადაჭარბებულ ამბიციებზე ახლო აღმოსავლეთში და კვლავ მოუწოდებს თავის შეძლებულ, მდიდარ ევროპელ მოკავშირეებს, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპი ყურადღების კონცენტრირებას ჩინეთზე მოახდენს, რათა პეკინი ეკონომიკურად დაჯაბნოს, ანუ სამხედრო კონფლიქტისა და ახალი ცივი ომის თავიდან აცილების გზით.

(...)

რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის მოწინააღმდეგეებს სათანადო პასუხის გაცემის გარეშე დატოვებს (ჩინეთს და რუსეთს). მას შეუძლია მოკავშირეების მიმართაც სიმკაცრე გამოიჩინოს (ვთქვათ, საუდის არაბეთის მიმართ). მაგრამ დონალდ ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ ჩაითრევს ამერიკას ახალ ცივ ან ცხელ ომში. მან იცის, რომ ომები და კონფლიქტები აშშ-ის (და საერთოდ არავის) ინტერესებში არ უნდა იყოს. ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის პოლიტიკა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ექს-პრეზიდენტი მსოფლიო პოლიტიკას განიხილავს არა როგორც გეოსტრატეგიული, არამედ გეოეკონომიკური ტერმინებით და ცდილობს კონფლიქტები დაარეგულიროს ეკონომიკური და არა სამხედრო საშუალებებით. „ჩვენ დიდი ეკონომიკური ძალა გვაქვს, მაგრამ  თუ მე შევამჩნევ, რომ რომელიმე პრობლემას ეკონომიკური საშუალებით მოვაგვარებ, პრიორიტეტს სწორედ მას მივანიჭებ“, - ამბობდა დონალდ ტრამპი 2019 წელს.

(...)

რუსეთი, რასაკვირველია, შეერთებული შტატების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. კრემლს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო ძალა, მაგრამ ვაშინგტონმა იმასაც უნდა გაუწიოს ანგარიში, რომ რუსეთი აშშ-ის არსებობას უშუალო და პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის. ამიტომაც უაზრობა იქნებოდა, რომ ვაშინგტონმა უკრაინისათვის ჩეკების გამოწერა უსასრულოდ გააგრძელოს. დაე, რუსეთ-უკრაინის პრობლემა ევროპამ თავისი შესაძლებლობებით მოაგვაროს, ეს ევროპელების საქმეა და მათ უნდა იზრუნონ. თუ ისინი თვლიან, რომ მოსკოვი მათ ემუქრებათ, მაშინ მათ მეტი დახმარება უნდა გაუწიონ უკრაინას და გააძლიერონ. ამერიკამ „მეგობრული“ ზეწოლა უნდა მოახდინოს ევროპელებზე. ანალოგიურად უნდა იმოქმედოს სამხრეთ კორეამაც - იგი მდიდარია, ვიდრე ჩრდილოეთი კორეა, ამიტომ მან საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს ჩრდილოელი მეზობლის შეკავება. აშშ-ის არაბმა პარტნიორებმა კი უნდა მოახერხონ, რომ ისრაელთან ერთად შეაჩერონ ირანი, ამერიკა კი რეგიონიდან თავის ჯარს გაიყვანს.

რეალობა ისეთია, რომ მსოფლიო ძალთა ბალანსის აღდგენის ფაზაში შედის, ანუ აშშ-ის ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება. ლოგიკური იქნება, რომ ამ ფაზაში მოხდება გარკვეული უთანხმოება, დისჰარმონია, მეტოქეობა (რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდ.კორეიდან), მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილურობის მზარდი საფრთხე თვითონ ჰეგემონიდანაც მოდის, რომელიც სხვას გადაჭარბებულად ეხმარება და საკუთარ სისტემას ანგრევს. შეერთებული შტატები სწორედ ასეთი ტიტანის როლშია, რომელსაც სხვების დახმარებაში საკუთარი თავისთვის ძალა აღარ შესწევს. მას საგარეო ვალდებულებების შესრულების უნარი უსუსტდება. სწორედ ამით აიხსნება დონალდ ტრამპის უპირატესობა და მიმზიდველობა თავისი მხარდამჭერებისათვის, რომლებთაც ეზიზღებათ ამერიკის მმართველი კლასის კორუმპირებული წარმომადგენლები - ისინი, რომლებიც მზად არიან სხვებს დაეხმარნონ, ამით კიდევ უფრო გამდიდრდნენ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები უყურადღებოდ დატოვონ.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/donald-trump-realist-former-president-american-power-byers-schweller

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати