USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«Foreign Affairs» (აშშ): „საქართველოს ავტორიტარული დრეიფი: დასავლეთმა არ უნდა მისცეს ნება თბილისს რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად“
თარიღი:  1125

ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ფორინ ეფეარსი“ (Foreign Affairs) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „საქართველოს ავტორიტარული დრეიფი: დასავლეთმა არ უნდა მისცეს ნება თბილისს რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად“ (ავტორი - ქრისტიან ქერილი).

პუბლიკაციის დასწყისში ამერიკელი ჟურნალისტი ესუბრება ნიკა ხოჯავას - 28 წლის დისკ-ჟოკეის პოპულარული ტექნოკლუბ Left Bank-დან, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე ხალხმრავალი ახალგაზრდულ მიტინგში მონაწილეობს და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ არის განწყობილი. იმიტომ, რომ მისი აზრით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა, ახლა კი ევროკავშირის გზიდან გადახვევას ცდილობს.

სტატიაში აღწერილია იმ მიტინგებისა და დემონსტრაციების მიზეზები, რომელმაც მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლა გამოიწვია. პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა  მკაცრი რეაგირება მოახდინეს საპროტესტო აქციების მონაწილეებზე და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა გამოიყენეს. დაკავებული იქნა 400-ზე მეტი ადამიანი. „ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ეს ძალზე დიდი რიცხვია. თუ აშშ-ის მოსახლეობას შევადარებთ და თუ ეს ამერიკაში მოხდებოდა, მაშინ ასეთი პროპორციით საპყრობილეში 36 ათასი ამერიკელი მოქალაქე აღმოჩნდებოდა“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ იგი შეხვდა ოპოზიციონერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რეგიონულ ექსპერტებს, დიპლომატებს და პოლიტიკოსებს [მაგრამ არ შეხვედრია ხელისუფლების მხარდამჭერებს].

„დემოკრატიის შუქურიდან“ არჩევნების ფალსიფიკაციამდე

„დღეს ბევრი ქართველი ამბობს, რომ ქვეყანა ერთპარტიული დიქტატურის ზღურბლზე იმყოფება. ეს საოცარი ცვლილებაა იმ ქვეყნისათვის, რომელსაც ორი ათეული წლის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა „თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა“ უწოდა“, - ნათქვამია სტატიაში.

„ამჟამად პრაქტიკულად არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული საპრლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, თუმცა დასავლეთის მთავრობების რეაქცია უცნაურად თავშეკავებული იყო. თავის წინასწარ დასკვნაში ეუთოს დელეგაციამ ქართველი ჩინოვნიკები შეაქო, რომ არჩევნები „ეფექტურად და გამჭვირვალედ“ ჩატარდა, მოხსენებაში ნათქვამია რამდენიმე დარღვევის თაობაზეც, მაგრამ დაგმობის გარეშე. ევროპელი ჩინოვნიკის აღიარებით, „არჩევნებში აქტიურობა მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა იზრდება და ვითარდება“. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში, ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები მზად არ არიან ბოლომდე დაწვან ხიდები თბილისთან და იმით შემოიფარგლნენ, რომ „საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ აღიარესო“.

ავტორიტარული ქვეყნების ლიდერები კი ნაკლებად თავშეკავებულები აღმოჩნდნენ: ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო არჩევნების მშვიდად ჩატარებისთვის, ხოლო ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ აღფრთოვანება ვერ დამალა „სამაგალითო ხმის მიცემის გამო“, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მმართველ პარტიას „საოცარი გამარჯვება“ მიულოცა.

საქართველოს ხელისუფლების მმართველობის ავტორიტარული სიმპტომები ბევრად არის განპირობებული შიდა პოლიტიკით და, კერძოდ, „ქართული ოცნების“ მოქმედებით, მისი ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ამბიციებით, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საქმიანობით დააგროვა. ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლიდან - 2012 წლიდან - „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად ატარებდა ავტორიტარული მმართველობის კურსს, რომელმაც ამჟამად, როგორც ჩანს, თავის კულმინაციას მიაღწია. ამასთან, დასავლეთი, რომელიც ოდესღაც აქტიურად მხარს უჭერდა საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამყარებას, ახლა რატომღაც პასიურობს. დიდი ხნის განმავლობაში აშშ და ევროპა „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში არ ერეოდა და თბილისი მმართველობას თავისი შეხედულებით ახორციელებდა. ახლა ქართველები ამისათვის მწარე ფასს იხდიან, ოფიციალური თბილისი კი დასავლეთს რუსეთისაკენ შებრუნებით ემუქრება.

მოსკოვს დიდ ფსონი აქვს დადებული ამ დაპირისპირებაში. საუკუნეების განმავლობაში რუსები სამხრეთ კავკასიას სტრატეგიული მნიშვნელობის თავის „უკანა ეზოდ“ განიხილავდნენ, რომელსაც თურქეთისა და სპარსეთის მიმართ საყრდენის როლი უნდა შეესრულებინა. გარდა ამისა, მეოცე საუკუნეში კასპიის ზღვის მიღმა აღმოჩენილმა ენერგეტიკულმა საბადოებმა საქართველოს ტრანზიტის როლი შესძინა - კასპიის ნავთობი და გაზი, ქვეყნის ტერიტორიის გავლით, ევროპისაკენ მიდის. რუსეთი კარგად აცნობიერებს ამ რეგიონის მნიშვნელობას და ამიტომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებს, რომ რომელიმე ქვეყანამ - თუნდაც საქართველომ, მოლდოვამ ან უკრაინამ - უპირატესობა მისცეს დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას ყოფილი საბჭოთა იმპერიის სივრცეში.

აუსრულებელი ოცნება

საქართველო თავისი 3,7 მილიონიანი მოსახლეობით დიდი ხანია სარგებლობს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსით, რომელიც სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ რეგიონში ერთდერთია შემორჩენილი. 35 წლის განმავლობაშ, ანუ იმ დროიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თბილისი მთელი ძალებით ცდილობდა დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცებას იმ მიზნით, რომ დაცული ყოფილიყო რუსეთის იმპერიული ზრახვებისაგან. დასავლეთი, როგორც წესი, ქართველების სწრაფვას იზიარებდა და მხარს უჭერდა - იმიტომ, რომ პროდასავლური საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე გახდებოდა რეგიონში, სადაც აშშ და ევროპას საიმედო მეგობრები ჭირდებათ. სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობა პროდასავლური კურსის ერთგულია: ქართველთა 80% თავისი ქვეყნის მომავალს ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავენ. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა აღიარა ქართველების სურვილი და ქვეყანას ორგანიზაციაში მიღების კანდიდატის წოდება ოფიციალურად მიაკუთვნა.

დღეისათვის ევროკავშირის დაპირება წევრად მიღების თაობაზე უფრო იმ ოცნებას ჰგავს, რომელსაც ასრულება არ უწერია. 27 ოქტომბერს, ოპოზიციის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სწორედ მან გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში - მოაგროვა ხმების თითქმის 54%, რაც „ოცნებას“ პარლამენტის კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. დანარჩენი ხმები მიიღო ოთხმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ. სხვათა შორის, ქართულ ოპოზიციას დიდი ხანია ერთი სენი სჭირს - უთანხმოება, რის გამოც ცალ-ცალკე ვერცერთი პარტია ვერ ლიდერობს“, - წერს ავტორი და იქვე მიუთითებს, რომ არსებობს მკაფიო მტკიცებულებები იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნების შედეგები გააყალბა: იყო მუქარები, დაშინებები, ბიულეტენების ურნებში უკანონო ჩაყრის მცდელობები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს მმართველი პარტიის პოპულარობის შემცირება - დაახლოებით 40%-ის დონეზე. ამასთან, დამოუკიდებელმა გამოკითხვებმა ცხადჰყვეს, რომ „ქართული ოცნება“, ოპოზიციასთან შედარებით, მაინც მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. არჩევნები გაყალბების გარეშეც რომ ჩატარებულიყო, მმართველი პარტია მაინც ყველაზე მეტ ხმებს მიიღებდა, მაგრამ არა 54%-ის რაოდენობით.

„ქართული ოცნების“ მანიპულაციების მიღმა ვლადიმერ პუტინის აჩრდილი მოჩანს. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მრჩევლებმა თავიდანვე კარგად იცოდნენ, რომ ქართველებს რუსეთის გავლენის შემცირება სურთ: ბევრი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი იმპერიალისტური ქვეყნის ლიდერს წარმოადგენს, რომელიც ისწრაფვის ეროვნული თვითგამორკვევა დათრგუნოს. ქართველები ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერნი არიან, რომელიც ყველანაირი ტირანიის (მათ შორის, რუსულისაც) წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მოქმედების ისეთი სტრატეგია შეარჩია, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ამ პრობლემებისათვის გვერდი აევლო. სხვა ქვეყნების მემარჯვენე პოპულისტების მსგავსად, „ქართული ოცნება“ „ტრადიციული ფასეულობების“ დაცვის პროგრამას აყენებს და აკრიტიკებს „ლგბტ“ საზოგადოებას, ევროპას კი იმაში ადანაშაულებს, რომ ბრიუსელი კონსერვატორ ქართველებს თავს ახვევს უცხო დღის წესრიგს. ვლადიმერ პუტინი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, იგივეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილიც ქართულ ეკლესიასთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აშკარად მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პროგრამას, ბიძინა ივანიშვილი თავს არიდებს პრორუსული პოზიციის აშკარად გამოვლენას. ამის ნაცვლად იგი ცდილობს ქართველებში შიში დათესოს და აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს ჩაბმა სურს რუსეთ-უკრაინის ომში: მან კარგად იცის, რომ 2008 წლის ომის საშინელების მომსწრე ქართველებში ომი ნეგატიურ გრძნობებს აღძრავს (...).

ანტილიბერალიზმის გაღრმავება

2012 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის მიერ სახელმწიფოს მიტაცების მასტერ-კლასი ჩაატარა: ბიძინა ივანიშვილმა თანდათანობით შეცვალა თავისი მხარდამჭერებით  პრაქტიკულად ყველა საკვანძო ბიუროკრატიული ჩინოვნიკი მართლმსაჯულებისა და სამართალდამცველ სისტემაში. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ერთი მესამედი სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს და პირდაპირ არის დამოკიდებული მთავრობის „წყალობაზე“, სახელმწიფო ბიუროკრატიის მიმართ ასეთი კონტროლი  არჩევნებში მძლავრ სასურველ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაც თავისი სურვილის შესაბამისად შეცვალა, დაამყარა კონტროლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე...

როცა „ქართული ოცნება“ ქვეყანაში თავის მოწინააღმდეგეებს ავიწროვებდა და სახელმწიფო აპარატის მიმართ კონტროლს აძლიერებდა, ის დასავლეთთან კავშირს მაინც არ წყვეტდა. თავის მხრივ, ბრიუსელელი და ვაშინგტონელი ოფიციალური პირები თვალს ხუჭავდნენ და იგნორირებდნენ მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს. იმ დროს, როცა უკვე საქართველოს ხელისუფლება შემჩნეული იყო რუსეთის კანონმდებლობის მსგავსი აქტების მიღების მცდელობაში (მაგალითად, „უცხოური აგენტის შესახებ“), დასავლეთმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს ფაქტი მთავრობამ საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად გამოიყენა. გარდა ამისა, თბილისმა ევროკავშირში მომხრე შეიძინა უნგრეთის სახით, რომლის სტილით კარგად სარგებლობს, კრემლის  მდუმარე მოწონებით.

„დეკემბერში დასავლეთი გააქტიურდა და ქართველი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესება დაიწყო... თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა, პარტია მაინცდამაინც დიდად არ არის შეშფოთებული სანქციების გაფართოებით და თქვა, რომ შეზღუდვები და ემბარგოები თბილისს არ აშინებს. მართლაცდა, ევროკავშირში უნგრეთმა და სლოვაკეთმა (რომლებსაც მემარჯვენე პოპულისტური მთავრობები ჰყავთ), ჩაშალეს საქართველოს წინააღმდეგ ფართო სანქციების დაწესების მცდელობა.

გარეშე ძალებს მაინცდამაინც ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ. საბოლოო ჯამში, ქართული დემოკრატია თვითონ ქართველებმა უნდა გადაარჩინონ. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ერთიანობა არ იგრძნობა და ყველა ვიწრო პარტიული ინტერესების ჩარჩოებში მოქმედებს, ერთმანეთს აკრიტიკებენ და ბრალს უყენებენ. პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის სათავეში ცხრა წელი იყო, ბევრი რეფორმა გაატარა, მაგრამ ქვეყანას „რკინის ხელით“ მართავდა, რაზედაც დასავლეთი თვალს ხუჭავდა. დასამალი არაა, რომ  „ნაციონალებიც“ თავიანთი მმართველობის დროს არჩევნების მანიპულირებას ეწეოდნენ და კრიტიკოსებს ციხეებში ამწყვდევდნენ. პარტიის ასეთმა პოლიტიკამ ბევრი ქართველი გააბოროტა და მათ წინააღმდეგ განაწყო. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია შეინარჩუნოს ესოდენ არაპოპულარული პარტია და ის საფრთხობელას სახით გამოიყენოს - მთლიანად ოპოზიციის „გასაშავებლად“.

ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ქართველებმა გადაიტანეს სამოქალაქო ომი, კლეპტოკრატია, მტრის შემოსევა, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა, ოცნებებისა და იმედების  გაცრუება...  დასავლეთი ცდილობდა დახმარებას ფულით და რჩევებით, ზოგჯერ შუამავლადაც კი გამოდიოდა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ქვეყანა დემოკრატიის ციტადელად ჩათვალეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დასანანი მემკვიდრეობის მოწმენი გახდნენ. (...)

აღნიშნავს რა დასავლეთის მთავრობების მზადყოფნას - 26 ოქტომბრის სპარლამენტო არჩევნების ფონზე თვალები დახუჭოს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ წარსულში ჩადენილ ცოდვებზე, სტივენ ჯონსი, საქართველოს ექსპერტი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ დასავლეთი განგებ არ ხედავდა ქართული პოლიტიკის მყარ ანტილიბერალიზმს, რომელიც დემოკრატიის ნიღბის ქვეშ იზრდებოდა [იმავე „ნაციონალთა“ ხელისუფლების დროსაც]. ოპოზიციური პარტიებიც ზოგჯერ არასწორად მოქმედებენ: ბევრი ქართველი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერები, როგორც წესი, უფრო მეტ დროს ატარებენ ბრიუსელში და ვაშინგტონში, ვიდრე ქართველ ამომრჩევლებს შორის. რამდენიმე დემონსტრანტმა ე.წ. „ჯენზის“ თაობიდან, რომლებიც თბილისი ქუჩებში იმყოფებიან, ისაუბრეს „ავტორიტეტული“ ოპოზიციური პარტიების ნეგატიურ რეპუტაციაზე და განაცხადეს, რომ უმჯობესი იქნება მათი [ახალგაზრდების] საპროტესტო მოძრაობა ლიდერის გარეშე დარჩეს. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომას სუსტი მხარეების აქვს, მაგრამ იმასაც მოწმობს, რომ ახალგაზრდა პროტესტანტებში ოპოზიცია მაინცდამაინც დიდი ნდობით არ სარგებლობს.

პრინციპული ოპოზიციის ყველაზე სავარაუდო ლიდერად შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ჩაითვალოს - ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დრეში ეწურება. იგი ბოლო წლებში აქტიურად გამოდიოდა მთავრობის მიერ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. რადგან სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ქართული ოცნება“ ძალზე ნეგატიურად არის განწყობილი, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატი დაასახელა - ცნობილი ექს-ფეხბურთელი, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიამ (ძირითადად პარლამენტის დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“) ქვეყნის მეთაურად აირჩიეს. იმდენად, რამდენადაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს არალეგიტიმურ ორგანოდ თვლის (გაყალბებული არჩევნების შედეგად), იგი კოლეგიის მიერ არცეულ ახალ პრეზიდენტსაც უკანონოდ მიიჩნევს. მომიტინგე ახალგაზრდები [ვისაც მე ვესაუბრე],  დასაშვებად მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დროებით ოპოზიციის ლიდერი გახდეს, თუ [პარლამენტის არჩევნები]  განმეორებით ჩატარდება.

მაგრამ საეჭვოა, რომ ვაშინგტონმა ამ მიმართულებით რაიმე მტკიცე ნაბიჯი გადადგას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე, ევროკავშირმა კი დღემდე ვერ მიაღწია კონსენსუსს საქარტველოსთველოს საკითხში - უპირველესად იმ მიზეზით, უნგრეთი მზად არის ვეო დაადოს სერიოზული ანტიქართული სანქციის მიღებას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი დათმობა და უკანდახევა ოპოზიციის წინაშე მას ვიქტორ იანუკოვიჩის ბედს უმზადებს (უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც 2014 წელს იქნა დამხობილი). საქართველოში სიტუაცია ისეთია, რომ მხარეები ერთმანეთს გადამწყვეტად შეეჯახებიან. „სამანევრო ფანჯარა“ თანდათან ვიწროვდება. შანსი იმისა, რომ შედეგები დადებითი იქნება, ყოველდღიურად მცირდება.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/georgia/georgias-authoritarian-drift

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის