USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
"Foreign Affairs" (აშშ): „აიძულეთ რუსეთი, რომ [ომის ფასი] გადაიხადოს: გაკვეთილები დასავლეთის არასწორი პასუხიდან საქართველოზე მოსკოვის 2008 წლის თავდასხმის გამო“
Date:  1180

აშშ-ის ჟურნალის „ფორინ ეფერსის” (Foreign Affairs) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აიძულეთ რუსეთი, რომ [ომის ფასი] გადაიხადოს: გაკვეთილები დასავლეთის არასწორი პასუხიდან საქართველოზე მოსკოვის 2008 წლის თავდასხმის გამო“ (ავტორი - ვასილ სიხარულიძე). სტატიაში საუბარია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე, რუსეთის მიზნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„როცა რუსეთის არმია მეზობელ უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევის გამო რაიმე სერიოზულ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა და ამას იგი არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობდა. ათი წლის განმავლობაში რუსეთს აგრესიული პოლიტიკა გასდიოდა. საქართველოს ტერიტორიის დაპყწობა, სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევები და პოლიტიკური მკვლელობები... დანაშაულებების სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ ვლადიმერ პუტინისათვის მის გამო პასუხი არავის არ მოუთხოვია, რუსეთის პრეზიდენტის არასოდეს არ გადაუხდია არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური ფასი თავისი აგრესიული ქმედებისათვის.

ვლადიმერ პუტინმა კარგად აითვისა 2008 წელს საქართველოში შეჭრის გაკვეთილები. იმ დროს კრემლის მიზანს მიხეილ სააკაშვილის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა წარმოადგენდა: პირველად 1979 წელს ავღანეთში საბჭოური შეჭრის შემდეგ მოსკოვი სხვა ქვეყანას თავს დაესხა... მართალია, ქართული ჯარის თავგანწირულმა წინააღმდეგობამ და დასავლეთის მიერ გაწეულმა მხარდაჭერამ კრემლს არ მისცა საქართველოს მიწა-წყლის სრული გაკონტროლების შესაძლებლობა, მაგრამ ხუთდღიანი ომის შედეგად მოსკოვმა მაინც მოახერხა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირება. ამის მიუხედავად, როცა ომი დასრულდა, დასავლეთმა რუსეთი არ აიძულა ფასი გადაეხადა მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის გამო. პირიქიტ, ამის ნაცვლად აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა გზების ძიება დაიწყეს, რომ რუსეთთან დამოკიდებულების „გადატვირთვა“ მოეხდინათ, კრემლთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. ასეთი კომპრომისები მოსკოვს ხელს უწყობდა და აქეზებდა, რათა თავის მეზობლებზე ზეწოლა მოეხდინა და ევროპული უსაფრთხოება დაერღვია.

დაუსჯელობამ კრემლი წააქეზა: ახლო და შორეულ ქვეყნებში ჯაშუშობა, კიბერშეტევები და დეზინფორმაციის გავრცელება ყოველდღიური მოვლენა გახდა. მოსკოვი ფართოდ სარგებლობდა ჰინრიდული ომის ინსტრუმენტებით, თავისი ენერგორესურსებით და სხვადასხვა ფორმით ზეწოლას ახდენდა რიგ ქვეყნებზე. მაგალითად, აშშ-ისა და საფრანგეთის  არჩევნებზე, ჩერნოგორიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე და ა.შ. რუსეთის პოლიტიკამ ხელი შეუწყო პრორუსული რეჟიმების მოსვლას მეზობელ სახელმწიფოებში - მაგალითად, უკრაინაში (ვიქტორ იანუკოვიჩს), მოლდოვაში (იგორ დოდონს), საქართველოში (ბიძინა ივანიშვილს).

დღეისათვის უკრაინის მთავარ მიზანს ვლადიმერ პუტინის შეჩერება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ანადგურებს და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ალბათ, მოვა დრო და ეს ომიც დამთავრდება, დასავლეთის წინაშე დადგება საკითხი - როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს ომისშემდგომ რუსეთთან. ამ დროს დასავლეთმა საქართველოს გაკვეთილები არ უნდა დაივიწყოს: [ვაშინგტონს და ლონდონს, ბრიუსელს და პარიზს, რომს და ბერლინს] უნდა ახსოვდეთ, თუ რა სახიფათოა შერიგება ვლადიმერ პუტინთან ან სხვა რუს დიქტატორთან. რომ არ განმეორდეს წარსულ დროს დაშვებული შეცდომები, დასავლეთმა მთლიანად მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას ამ ომში გამარჯვებისათვის. დასავლეთმა უნდა მიიღოს უკრაინა და საქართველო ნატოს წევრებად. დასავლეთმა უნდა აიძულოს რუსეთი დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში და მოლდოვაში. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ხელი უნდა შეუწყონ იმ ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნის განვიტარებას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას და ცენტრალურ აზიას რუსეთის გვერდის ავლით. თუ დასავლეთი ამ ნაბიჯების გადადგმას არ დააგვიანებს, მაშინ არის შანსი მტკიცე მშვიდობისა, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი ომების საფასურს გადაიხდის“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი ვასილ სიხარულიძე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯერ თავდაცვის მინისტრი იყო, შემდეგ კი ელჩი აშშ-ში, კრიტიკულად აფასებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას რიგი საკითხებისადმი: „ამჟამინდელ ქართულ მთავრობას რუსეთის რეაქციისა შეეშინდა და ამიტომ შავი ზღვის ნაპირზე ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა შეაჩერა“.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/georgia/make-russia-pay

მოამზადა სიმონ კილაძემ

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way