USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
Forbes: ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს
 333

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა ქონებაც ომის, მუდმივი ინფლაციისა და პოლიტიკური არეულობის ფონზეც კი ზრდას განაგრძობს.

გამოცემის 2024 წლის რეიტინგში 2,781 მილიარდერია – 141-ით მეტი გასულ წელთან და 26 მილიარდერით მეტი 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდთან შედარებით. ყველა დროის მაქსიმუმს – $14.2 ტრილიონს აღწევს მათი კოლექტიური ქონებაც. წლევანდელ სიაში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ჯამში 78 ქვეყნიდან ვხვდებით, ყველაზე მეტი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს, შემდეგ მოდის ჩინეთი და ბოლოს ინდოეთიც.

აშშ-ში მილიარდერთა რიგებს ბოლო წლის განმავლობაში 97 პირი შეუერთდა, მათ შორის არიან მეჯიკ ჯონსონი, სემ ოლტმენი და ტეილორ სვიფტი. კოლექტიურად, შარშანდელთან შედარებით, ამერიკელ მილიარდერთა ქონება $1.2 ტრილიონით გაიზარდა. ამჟამად აშშ-ში რეკორდულად ბევრი, 813 მილიარდერი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება კი $5.7 მილიარდს უტოლდება.

აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა ჩინეთი, მესამეზე – ინდოეთი, მისთვის რეკორდული 200 მილიარდერით. ჩინეთში, ერთი წლის განმავლობაში მილიარდერთა რიგებს 89 ადამიანი გამოაკლდა, თუმცა ქვეყანამ რეიტინგში მოწინავე პოზიციის შენარჩუნება მაინც მოახერხა. მეოთხე ადგილს, 132 მილიარდერით, გერმანია ინარჩუნებს.

ჩინეთში ამჟამად 406 მილიარდერი ცხოვრობს, $1.3 ტრილიონის კოლექტიური ქონებით, ინდოეთის უმდიდრესი მოსახლეობის ჯამური სიმდიდრე კი $954 მილიარდს აღწევს – 40%-ით მეტს გასულ წელთან შედარებით. მათგან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ოცეულში მოხვდნენ მუკეშ ამბანი და გაუტამ ადანი.

ქვეყნების რეიტინგის ხუთეულს კი რუსეთი ასრულებს – ქვეყანა, რომელიც უკრაინაში ომის მიუხედავად სიმდიდრის ზრდას აგრძელებს. რუს მილიარდერთა საერთო რაოდენობა წელს 120-მდე გაიზარდა – თხუთმეტით მეტი შარშანდელთან შედარებით. მათი ქონების საერთო ღირებულება $217 მილიარდითაა მომატებული და $537 მილიარდს აღწევს.

ტოპ-10 ქვეყანა მილიარდერთა რაოდენობის მიხედვით:

  • ამერიკის შეერთებული შტატები – 813 მილიარდერი, $5.7 ტრილიონი
  • ჩინეთი – 406 მილიარდერი, $1.3 ტრილიონი
  • ინდოეთი – 200 მილიარდერი, $954 მილიარდი
  • გერმანია – 132 მილიარდერი, $644 მილიარდი
  • რუსეთი – 120 მილიარდერი, $537 მილიარდი
  • იტალია – 73 მილიარდერი, $302 მილიარდი
  • ბრაზილია – 69 მილიარდერი, $231 მილიარდი
  • კანადა – 67 მილიარდერი, $315 მილიარდი
  • ჰონგ-კონგი – 67 მილიარდერი, $330 მილიარდი
  • გაერთიანებული სამეფო – 55 მილიარდერი, $225 მილიარდი 

წყარო:https://forbes.ge/

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way